"ამ ამბის მოყოლისას ბებოს ისე უჟუჟუნებდა თვალები, ვკითხე, - შენც ხომ არ გიყვარდა-მეთქი და..." - კვირის პალიტრა

"ამ ამბის მოყოლისას ბებოს ისე უჟუჟუნებდა თვალები, ვკითხე, - შენც ხომ არ გიყვარდა-მეთქი და..."

თამუნა მქვია, 18 წლის ვარ. ჩემს ბებოსაც თამარი ჰქვია და ეს ამბავიც სწორედ მას ეხება.

ბებია 74 წლისაა და ახლაც კი ძალიან ლამაზია. ახალგაზრდობაში ბევრი ეტრფოდა თურმე. ბოლოს, ბაბუაჩემმა იმარჯვა და 18 წლის თამუნია ცოლად შეირთო.

- დიმიტრი სულ ეჭვიანობდა, ეშინოდა, ვინმეს თვალი არ დაედგა ჩემთვის. განა არ მენდობოდა, მაგრამ მაინც ფრთხილობდაო, - მიყვებოდა ბებია.

ოთხი შვილი შეეძინათ. მე უმცროსი ვაჟის ნაბოლარა შვილი ვარ, როგორც ამბობენ, ბებიის "კუდი". ასე რომ, რაც მის თავს ხდებოდა ან ხდება, ყველაზე კარგად მე ვიცი.

საქმე ის გახლავთ, რომ ამ ჩემს ლამაზ ბებოს ძველისძველი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. მე და ბებო ერთად ვცხოვრობთ ვერაზე, თავიდან ყვავილების თაიგული რომ მოგვიტანა ვიღაცამ, ვიფიქრეთ, რომ მე მომართვეს. როცა მეორე თაიგულიც მოგვართვეს, შიგ ბარათი იდო: "ჩემს განუმეორებელ და დაუვიწყარ თამარს მისი მარადიული თაყვანისმცემლისგან." მესამედ - ტკბილეულით სავსე კალათში წერილიც იდო და თაყვანისმცემლის ვინაობაც ეწერა...

ეს ამბავი ორი თვის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ბებოს გამოვკითხე ალექსანდრეს სიყვარულის ამბავი. თურმე ისინი მეზობლები იყვნენ. ბაბუამ რომ მოიტაცა ბებო, ალექსანდრე იმ დროს თბილისში არ ყოფილა. ეს ამბავი რომ გაუგია, თავის მოკვლაც უცდია... რამდენჯერმე შეხვედრია ბებოს, ემუდარებოდა, - შვილებიანად წამოდი და ერთად ვიყოთო, ბებომ უარი განუცხადა და ალექსანდრესაც ცოლი შეურთავს. მას მერე აღარც გამოჩენილა და ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ისევ გამოჩნდა.

ამ ამბავს რომ მიამბობდა, ბებოს ისე უჟუჟუნებდა თვალები, რომ ვკითხე, - შენც ხომ არ გიყვარდა-მეთქი. ჯერ შეიცხადა, მერე კი გამომიტყდა, - მომწონდაო. ბებოსთან ისედაც ხშირად მოდიოდნენ მისი ბავშვობის მეგობრები, ახლა კი ყოველ მესამე დღეს ჩვენთან არიან და თამუნიას მარადიული თაყვანისმცემლის ამბავს დაუსრულებლად ისმენენ. ძალიან მინდა, ის კაცი ჩვენთან დავპატიჟო, მაგრამ ბებო არ მაძლევს ამის უფლებას (ალბათ, ადრე თუ გვიან, მაინც დავითანხმებ), არადა, ბებოც და მისი დაქალებიც ისე არიან ამ ამბით აღფრთოვანებული, რომ მთლად გოგოებს დაემსგავსნენ. მიკვირს, როგორ ახსოვთ წვრილმანებიც კი - იმას რა კაბა ეცვა, ან "ამის პატრონმა რა ქნას" რომ თამაშობდნენ, კლასობანაში ვინ იყო ყველაზე მაგარი... ამას წინათ სიცილი ამიტყდა და ვკითხე, - რამე რომ იყოს, კლასობანას კიდევ ხომ არ ითამაშებდით-მეთქი. ერთმა, ყველაზე "მაგარმა მოთამაშემ" თავი გამოიდო, - ვითამაშებ და გაჯობებ კიდეცო. ჩვენს პატარა ეზოში დავხაზეთ "კლასი" და, თქვენ წარმოიდგინეთ, ელისო ბებომ რამდენიმე "კლასით" გამისწრო...

როგორ ფიქრობთ, რა არის მათი გახალისების და აღტაცების მიზეზი? მათი ჟრიამულის და ენერგიის შემმატებელი, რა თქმა უნდა, სიყვარულია, რომელიც თურმე არასოდეს ჭკნება!

თამუნა დ., თბილისი