"ბებიების თაობას სხვანაირად უყვარდათ..." - კვირის პალიტრა

"ბებიების თაობას სხვანაირად უყვარდათ..."

ძალიან მომეწონა წერილი "ბებიების კლასობანა" და გადავწყვიტე, ჩემი აზრი თქვენთვის გამეზიარებინა .

გული მწყდება, რომ ჩემს წინა თაობებს (43 წლის გახლავართ) უფრო ბევრი რამ აქვთ გასახსნებელი, ვიდრე ჩვენ. ჩემი შვილების თაობა კი ძალიან მაკვირვებს. ნუთუ რაც დრო გადის, სიყვარული  რომანტიკულობას კარგავს?

მახსოვს ბებიას მონაყოლი ამბები, როცა თავის ყმაწვილქალობას იხსენებდა,  სულგანაბული ვუსმენდი. ნუთუ დღეს სირცხვილია ან დასაცინი, ბიჭმა ქვეყანას დაანახვოს, როგორ უყვარს გოგო? ამიტომაც მსიამოვნებს, როცა თქვენთან ლამაზი სიყვარულის შესახებ ვკითხულობ.

ამას წინათ, შვილებთან ჩემი მეგობრის სიყვარულის ამბავს ვიხსენებდი - შეყვარებული ვაჟი გოგოს გამო როგორ გადაეშვა ხიდიდან  მტკვარში და უნებურად ჩემს 20 წლის ვაჟს ვკითხე, შენ თუ გააკეთებდი გოგოს გამო ამას-მეთქი. არც დაფიქრებულა, ისე მომიგო, - ეგღა მაკლია, ხიდიდან ვიხტუნაო,…თუ გოგოს  ვუყვარვარ, ასეთი რამ არც უნდა მომთხოვოსო... ეგებ მართალია, გოგომ ისეთი რამ არ უნდა მოსთხოვოს შეყვარებულს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, მაგრამ მაინც სახტად დავრჩი. ამ თაობას ნამდვილად აკლია რომანტიზმი, არადა, როგორ უხდება იგი სიყვარულს.

"ბებიების კლასობანამ" ბებიაჩემის და მისი დის სიყვარულის ამბები გამახსენა...

ბაბუაჩემი ღარიბი ოჯახის შვილი იყო და ბებიას მშობლებს არ უნდოდათ ღატაკის სიძეობა, თვითონ თავადების შთამომავლები გახლდნენ და ეკონომიურადაც არ უჭირდათ. მეზობლის პატარა გოგოს ერთი წლის განმავლობაში დაჰქონდა შეყვარებულებთან წერილები. ბოლოს, მათ გაპარვა გადაწყვიტეს. სვანეთში გაიპარნენ, სადაც ბაბუას მეგობრები ჰყავდა.

...ორკვირიანი ძებნის მერე ხელი ჩაიქნიეს ქალის ახლობლებმა. ჩემს გათხოვებას მშობლების სიკვდილი არ მოჰყვესო და ბებიას ოჯახში წერილი გაუგზავნია, - ჩემზე არ იდარდოთ, ძალიან ბედნიერი ვარო... ბაბუას ისე ეშინოდა, ქალი არ წამართვანო, სვანეთიდან ფეხი აღარ მოუცვლია, სანამ შვილი (მამაჩემი) არ შესძენიათ. სვანებს დიდი პატივი უციათ ახალგაზრდებისთვის. ღვიძლი შვილივით უვლიდნენ ბებოს. მერე, სამი თვის ბავშვით რომ უნახავთ მის მშობლებს, წყენა დავიწყებიათ და სიძე-ქალიშვილი შინ სიხარულით მიუღიათ.

ბებიაჩემის და ლიზიკო ჩემს ბებოზე სამი წლით უმცროსი იყო. ერთ აფხაზს ჰყვარებია, მშობლებმა, ამას მაინც აღარ მივცემთ უფლებას, თავისი გაიტანოსო, უცებ გამოუძებნიათ ვიღაც მდიდარი ქუთაისელი და მიუთხოვებიათ. სამი თვე არც შინ, არც გარეთ არ ტოვებდნენ ახალგათხოვილს მარტო. იცოდნენ შეყვარებული აფხაზის ამბავი -  უკან არ დაიხევდა, ისე გაგიჟებით უყვარდა ლიზიკო. ჰოდა, როცა გამჟღავნდა, რომ ლიზიკო ორსულად იყო, მერეღა შეწყვიტეს თვალთვალი. ერთხელ, მეგობრებთან ერთად მოსეირნე ლიზიკოს აფხაზი წამოსწევია, ცხენზე  შემოუსვამს გულის სწორი და თვალდახელშუა გამქრალა...

წარმოიდგინეთ, რამდენ ხანს დარაჯობდა აფხაზი საყვარელ ქალს და როგორც კი ხელსაყრელი მომენტი ნახა, მოიტაცა.

მათ მართლაც ძალიან ლამაზი და ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. ის კაცი  ლიზიკოს შვილს საკუთარისგან არ არჩევდა.

აი, ასე უყვარდათ ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს... ახლა, როცა ჩემს შვილებს მათ ამბავს ვუყვები, სიამოვნებით კი მისმენენ, მაგრამ ვიცი, გული რომ არ მატკინონ, ჩემს მონაყოლზე ჩუმად მაინც ქირქილებენ.

პატივისცემით

ქეთევან სანიკიძე