"სიყვარულს განა ყოველთვის აქვს გამართლება?" - კვირის პალიტრა

"სიყვარულს განა ყოველთვის აქვს გამართლება?"

წერილის, "კეთილისმსურველი ოჯახის მეგობარი", ავტორს უკვირს, რომ გოგონას მამისტოლა კაცი, რომელიც მისი მეგობრის მამაც იყო, შეუყვარდა და მერე ცოლადაც გაჰყვა. მე კი, იმის მერე, რაც ჩვენს მეზობლად მოხდა, აღარაფერი მიკვირს.

ზოგიერთი იტყვის, - რა ქნან, თუკი ერთმანეთი უყვართო! განა ყოველთვის აქვს სიყვარულს გამართლება? მე და ჩემი მეზობელი ეკა ვმეგობრობდით, ჩვენც თანატოლები ვართ და ჩვენი შვილებიც. მას მერე, რაც ეკას თავს დატრიალდა, იგი საქართველოდან გადაიხვეწა.

ეკა ქვრივი იყო. კარგი მეუღლე ჰყავდა, ძალიან განიცადა მისი სიკვდილი. გოგონა ორი წლისა დარჩა. ეკას  თბილისის ცენტრში ოთხოთახიანი ბინა ჰქონდა. ერთადერთ ქალიშვილს მშობლები  გათხოვებას ურჩევდნენ, - Pჩვენ როდემდე ვეყოლებითო... ეკა კი, ხელებს ასავსავებდა, - თიკას მამინაცვალს შინ არ დავუსვამ, რა ვიცი, რა ხასიათს გამოიჩენს, თავიდან ხომ ყველა ანგელოზიაო.

გამოხდა ხანი. ერთმა თაყვანისმცემელმა მოსვენება არ მისცა ეკას, დიდ ბედნიერებას და ქალიშვილზე ზრუნვას დაჰპირდა და მანაც გაბედა მეორედ გათხოვება. ეკა დილიდან საღამომდე დაკავებული იყო. მშობლები აღარ ჰყავდა. სამსახურის მერე ინგლისურში კერძო მოსწავლეებს ამეცადინებდა. შინ გვიან ბრუნდებოდა და გვიანაც გაიგო, რა უბედურებაც დასტყდომოდა თავს. იმ დღეს ქმარი არ დახვდა, "დარცხვენილი" შვილი კი დედას გამოუტყდა, კახისგან (ასე ჰქვია "მამიკოს") ვარ ორსულადო. წარმოიდგინეთ ეკას მდგომარეობა, ქალი კინაღამ გაგიჟდა. სხვას ვერავის უთხრა ეს სამარცხვინო ამბავი, ჩემთან კი გული მოიოხა... თუმცა, ასეთი ამბავი როდემდე დაიმალებოდა? ეკას ბევრი არ უფიქრია, მალევე გაყიდა ბინა, ნაწილი შვილს მისცა, - სადაც გინდათ, იქ იყიდეთ ბინაო, თვითონ კი ამერიკაში წავიდა. უკვე მეოთხე წელია, რაც იქაა. მართალია, ფინანსურად კარგადაა, მუშაობს და მეგობრებიც ჰყავს, მაგრამ ვიცი, ძალიან უჭირს. ხშირად მირეკავს, ქალიშვილს კი - არა... ვერც ვამტყუნებ. მას არც შვილიშვილის ნახვა სურს და არც ყოფილი ქმრის, ანუ ამჟამინდელი სიძისა.

ახლა მიპასუხეთ, სიყვარულს განა ყოველთვის აქვს გამართლება?

ანა ცხვედიანი, თბილისი