როცა ეჭვიანობა ფანტაზიას სცილდება... - კვირის პალიტრა

როცა ეჭვიანობა ფანტაზიას სცილდება...

არავინ იცის, როდის ჩნდება ეჭვი. იქნებ, ის უნდობლობის ნიშანია, ან ძლიერი სიყვარულის შედეგი? თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ზღვარგადასული ეჭვიანობა - უკურნებელი სენია.

მარი 34 წლის იყო, ნიკა - 37-ის, ერთმანეთი რომ გაიცნეს და ორ თვეში ქორწილიც გადაიხადეს.

ნიკას თავიდან არაფერი ეტყობოდა, მაგრამ მერე და მერე ისეთი ეჭვიანობა დაიწყო, მარი ხშირად შეურაცხყოფილი რჩებოდა: ქუჩაში ვიღაც დაჟინებით გიყურებდა, იმ კაცმა რაღაც სხვანაირად შემოგხედა, ძველი "ნაცნობი" ხომ არ არისო, ლამაზი ქალი ხარ და ნუთუ ჩემამდე არავინ გყოლიაო, გამოტყდი, ვინმე ხომ არ გყავდაო... ცოლს რომ ნერვებს აუშლიდა, მერე წყნარდებოდა, ბოდიშსაც უხდიდა, - ძალიან მიყვარხარ და დიდმა სიყვარულმა იცის ეჭვიანობა, გავა დრო და გადამივლისო...

ორი შვილი შეეძინათ, მაგრამ ამ სენისგან ნიკა ვერ განიკურნა. მარი მშობლებთან რომ მიდიოდა, ცდილობდა, კარგა ხანს დარჩენილიყო. გავიდოდა ერთი კვირა, ნიკა მიაკითხავდა, მოუბოდიშებდა ცოლს, დაჰპირდებოდა, რომ მსგავს რამეს აღარ გაიმეორებდა, მაგრამ მისი ფიცი-მტკიცი წყალს მალევე გაჰყვებოდა ხოლმე. მარი აღარც ნათესავებთან დადიოდა წვეულებაზე და აღარც მეგობრებთან. ქმართან ერთად წასვლა ხომ წარმოუდგენელი იყო, ნიკას გვერდით სულ დაძაბული იჯდა. შვილების გარდა, აღარაფერი ახარებდა. სულ დაშორებაზე ფიქრობდა, მაგრამ გულის კუნჭულში იმედს არ კარგავდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ნიკას  პათოლოგიური ეჭვიანობა გაუნელდებოდა, თანაც ქმარი მაინც უყვარდა. კაცმა იცოდა, როდის დაეხია უკან, იმასაც გრძნობდა, რომ ცოლს უყვარდა.

მესამე ბავშვის გაჩენა რომ გადაწყვიტა, ნიკა თითქოს შეიცვალა, თავს ევლებოდა ცოლს, შაბათ-კვირას სასეირნოდ მიჰყავდა. ერთხელ სამი კვირით ბალტიისპირეთში მივლინებით გაგზავნეს. ერთ საღამოს, როცა შინ დარეკა, ცოლის ხმა ეუცნაურა. შორიდან მხიარული შეძახილები მოესმა - მარის დიდი ხნის უნახავი მეგობრები სწვეოდნენ. გაცეცხლდა - მე აქ ვწვალობ, ჩემი ცოლი კი იქ დროს ატარებსო.

თბილისში დაბრუნდა თუ არა, ცოლს ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა. მარიმაც ფრიადოსან მოსწავლესავით ჩაურაკრაკა პასუხი, ან კი რა ჰქონდა დასამალი? მაგრამ ნიკას ხომ მცირეოდენიც ჰყოფნიდა?

...თითქმის მთელი თვე არ ელაპარაკებოდა ნიკა ცოლს. ბიჭი რომ გაჩნდა, მოლბა, ძეობაც გადაიხადა, ცოლთან შესარიგებლად მთელი მისი სამეგობრო დაპატიჟა. სტუმრებს შორის დაკვირვებით ათვალიერებდა მარის ორ თანაკლასელ ბიჭს, რომლებიც მისი არყოფნისას იყვნენ მარისთან სტუმრად. საავდრო ღრუბელი ისევ გროვდებოდა...

ერთ საღამოს, როცა გოგონები მარის დედამ წაიყვანა, უმცროსს კი ეძინა, ნიკამ ცოლს სკოლის დროინდელი ფოტოალბომის მოტანა უბრძანა - მარი მიხვდა, რომ რაღაც "ახალი" იწყებოდა, მაგრამ ქმრის სურვილი აასრულა. ნიკამ ყველა ის ფოტო ამოარჩია, სადაც მარისთან ერთად ლევანი იყო გადაღებული. საქმე ის გახლდათ, რომ ძეობაზე მოსულ მარის მეგობრებში ნიკამ ლევანს დაადგა თვალი: თმითაც, თვალებითაც ბიჭი მე კი არა, ლევანს ჰგავსო, - დაიჟინა გულში და მალე ხმამაღლაც თქვა. ქალი ჯერ გაშეშდა, მერე კი, როგორც არასდროს, ისეთი ისტერიკა დაემართა. ნიკა, მისი გულის გასახეთქად, გამაღიზიანებლად იმეორებდა, - რამ გაგაცოფა ასე? ეჭვის გასაქარწყლებლად ბავშვს დნმ გავუკეთოთო... მარის წამიერად გაუელვა, - თავს მოვიკლავო, მაგრამ მალევე მოვიდა გონს. გადაწყვიტა, ქმრის ნებას დაჰყოლოდა, ოღონდ, როცა ყველაფერი გაირკვეოდა, მის გვერდით აღარ გაჩერებულიყო...

ასეც მოიქცა. რამდენიმე კვირაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა - გიოს მამა ცხადია, ნიკა იყო. გახარებულმა კაცმა ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი უყიდა ცოლს და სიდედრთან მიადგა. მარის დედა ცივად დახვდა. ნიკას გულმა რეჩხი უყო, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და ცოლს საზეიმოდ მიართვა ბეჭედი. მარის საჩუქრისთვის არ შეუხედავს, გამწარებულმა კარისაკენ მიუთითა ქმარს: - წადი და ჩვენკენ აღარასოდეს მოიხედო.