"ნარკომანს როგორ ვანდობდი ბავშვს?!" - კვირის პალიტრა

"ნარკომანს როგორ ვანდობდი ბავშვს?!"

"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ წერილში, "მიცვალებულის დასამარხ ფულს მართმევდა", მოთხრობილი ამბავი ძალიან ნაცნობი და მტკივნეულია, რადგან ჩემი ყოფილი სიძეც ნარკომანი იყო", - გვწერს ქუთაისელი თენგიზ დ. და თავისი ოჯახის ტრაგედიას გვიყვება: - ჩემს ქალიშვილებს ვთხოვდი, არ გამეპაროთ, მითხარით, თუ ვინმე შეგიყვარდათ-მეთქი. უფროსი მართლაც ასე გავათხოვე, უმცროსმა კი არ დამიჯერა...

ქალიშვილებს შორის 11 წელია სხვაობა. ნათია გვიან შეგვეძინა. "სიბერის" შვილი სხვანაირად ტკბილია, ვათამამებდით. მეათე კლასში იყო, როცა მეუღლემ გამიმხილა, ნათიას შეყვარებული ჰყავს, ესა და ეს ყმაწვილიო. არ მესიამოვნა და შვილს ვურჩიე, - არ არის ეგ ბიჭი ჩვენი ოჯახის შესაფერისი, იმათ სხვა ინტერესები აქვთ, ჩვენ - სხვა-მეთქი. ჩუმად მისმენდა. მეგონა, შეიგნებდა, რაც ვუთხარი, მაგრამ შევცდი. სკოლა დაამთავრა თუ არა, გაიპარა. ნერვიულობისგან კინაღამ გავგიჟდი. გამ\წარებული ვამბობდი, - უმცროსი ქალიშვილი აღარ მყავს-მეთქი. რამდენიმე თვის შემდეგ ცოლმა მითხრა, რომ ნათია ძალიან დარდობს, ენატრებიო... ერთხელ სიძის სახლთან დავუდარაჯდი. ნათია შინიდან გამოვიდა და იქვე, მაღაზიაში შევიდა. კართან დავხვდი. ისეთი გამხდარი და გაცრეცილი იყო, გული მომიკვდა. შევრიგდით. შვილს ვუთხარი, - მაგათ ოჯახში არ მინდა იყო, საეჭვო ადამიანები ხშირად აკითხავენ, ამიტომ ბინას გიქირავებთ-მეთქი. გაუხარდა.

ბავშვობაში გულგახსნილი, გათხოვების შემდეგ პირქუში გახდა. ვატყობდი, კარგად არ ვითარდებოდა მათი ურთიერთობა... შეეძინათ ბიჭი, ნიკოლოზი. ხშირად დავდიოდი შვილიშვილის სანახავად. ნათია სულ ნაღვლიანი მხვდებოდა. ვთხოვე, რაც გჭირს, არაფერი დამიმალო-მეთქი. ტირილი წასკდა: ჩემი ქმარი მემუქრება, თუ გამშორდები, მოგკლავო, არადა, მასთან აღარ მინდა ცხოვრება, ნარკომანია და შენს დატოვებულ ფულს ნარკოტიკისთვის მართმევსო. რამდენიმე დღეში დავადგინე იმ სახლის მისამართი, სადაც ჩემი სიძე და მისი ძმაკაცები იკრიბებოდნენ და მოულოდნელად დავადექი თავს. სახტად დარჩნენ, მე რომ დამინახეს. სიძეს ვახრჩობდი, ჩემმა მეგობარმა, რომელიც თან მახლდა, ძლივს გამომგლიჯა ხელიდან. მისი მეგობარიც შემომელახა. მიჩივლეს და დამაპატიმრეს. ამას რას დავეძებდი, რახან შვილი ამ ჭირისგან ვიხსენი. ერთ წელიწადში ციხიდან გამოვედი... ნათია პეტერბურგში გავუშვით სასწავლებლად - იქ ნათესავი გვყავდა. ბავშვს ჩემი ცოლი ზრდიდა.

ენა ვერ იტყვის, რაც ჩვენ გამოვიარეთ ნარკომანი სიძეყოფილის გამო. ბავშვის მოტაცებითაც გვემუქრებოდა. ის რომ ნორმალური ადამიანი ყოფილიყო, ბავშვსაც ვაჩვენებდი და რამდენიმე დღით მასთანაც გავუშვებდი, მაგრამ წყალწაღებულ ნარკომანს, რომელსაც ღირსება დაკარგული ჰქონდა, როგორ ვანდობდი პატარას?  ორი წლის წინ ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა...

შვილიშვილი ახლა 18 წლისაა, სანაქებო ბიჭია. მამამისთან რომ დარჩენილიყო, ვერ იქნებოდა ასეთი...