"ბევრი დაბრკოლება სიყვარულმა დაგვაძლევინა" - კვირის პალიტრა

"ბევრი დაბრკოლება სიყვარულმა დაგვაძლევინა"

წინა ნომრებში გამოქვეყნებულმა უფროსი თაობის ამბებმა ძალიან გამითბო გული. ცხოვრებაში რა არის სიყვარულზე ძვირფასი, საღ ურთიერთობაზე ღირებული?! ყველაფერი მატერიალური წარმავალია, სულიერება კი მარადიული.

ვამაყობ, რომ ოჯახი სიყვარულით შევქმენი. ბევრი დაბრკოლება მე და ჩემს მეუღლეს სიყვარულმა დაგვაძლევინა. არავინ თქვას, - მავანთ კი უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ სიყვარულმა ცხოვრებისეულ გამოცდას ვერ გაუძლოო. არა, მათი სიყვარული ქარით მოტანილს ჰგავდა, მყისიერად გაჩნდა და ასევე მალე გაქრა. თუ სიყვარულს არ ახლავს მეგობრობა, ურთიერთგაგება, პატივისცემა და მიმტევებლობა, წყვილის ურთიერთობა განწირულია.

ჩემს მშობლებსაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. დარწმუნებული ვარ, სიყვარულისა და ერთგულების ნიჭი მათგან გადმომეცა. შვილებს ჩვენი ცხოვრების წესით ვაჩვენებთ, როგორი უნდა იყოს მყარი და მოსიყვარულე ოჯახი. ასეთ ოჯახს ვერანაირი სიავე ვერ მოერევა.  საქართველო ხომ ტრადიციების ქვეყანაა! ამიტომაც გვიქადაგებს უწმინდესი ოჯახების შენარჩუნებას, ურთიერთპატივისცემას, ამიტომაც აუბა მხარი მთელმა საქართველომ მის იდეას - მონათლოს ყოველი მესამე ბავშვი. ეს არა მარტო კონკრეტული ოჯახის, სრულიად საქართველოს წინსვლასა და გამარჯვებას ნიშნავს.

თქვენს გაზეთს მადლობას ვუხდი სულის გათბობისთვის. მეტი წერეთ სიყვარულზე, სიკეთეზე, მეგობრობასა და ლამაზ ურთიერთობაზე, რათა გულგამთბარმა ადამიანებმა ბევრი ლამაზი დღე აჩუქონ ერთმანეთს.

თქვენი მუდმივი მკითხველი

ქეთევან დევდარიანი