როგორ შევარჩიოთ საცურაო კოსტიუმი - კვირის პალიტრა

როგორ შევარჩიოთ საცურაო კოსტიუმი

დადგა ზღვის, გართობისა და გარუჯვის სეზონი. ქალბატონებს კი გაგვიჩნდა ერთობ სასიამოვნო საზრუნავი - საცურაო კოსტიუმის შერჩევა, შეძენა. გთავაზობთ საცურაო კოსტიუმის ვარიანტებს სხეულის სხვადსხვა ფორმისა და აღნაგობისათვის. თუ მაგალითად გაქვთ:

პატარა მკერდი

თქვენთვის იდეალურია ის საცურაო კოსტიუმი, რომლის ტრუსი სადა, ბიუსჰალტერი კი უბრეტელო, ორიგინალური ნასკვით ან ბროშით იქნება გაფორმებული. რვიანისებურად გადაგრეხილი უბრეტელო ბიუსტჰალტერი  საუკეთესო ვარიანტია.

დიდი მკერდი

თუ თქვენ დიდ მკერდთან ერთად მინიატიურული სხეული გაქვთ, ასეთი აღნაგობა, როგორც წესი, არაპროპორციულად ითვლება, უარი თქვით თხელი და არაელასტიკური ქსოვილის საცურაო კოსტიუმებზე. გამორიცხეთ ვიწრობრეტელიანი და ღია ფერის ბიუსტჰალტერები. დიდი მკერდის და მინიატიურული სხეულის მქონე ქალბატონებმა უმჯობესია არჩევანი ფართობრეტელებიან, ზემოთ აწეული ფორმის და ჰორიზონტალური ზოლების მქონე ბიუსტჰალტერზე შეაჩეროთ.

პატარა სიმაღლე და მოკლე ფეხები

ასეთ შემთხვევაში მთავარი აქცენტი სხეულის ვიზუალურ დაგრძელებაზე უნდა გაკეთდეს, ამიტომ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი ვერტიკალურნაკერებიანი ან ზოლებიანი კოსტიუმია. მოერიდეთ ისეთ საცურაო კოსტიუმს, რომელსაც აქვს შორტი-ტრუსი. საუკეთესო ვარიანტი ღრმად ამოჭრილი ტრუსებია, რომელიც ასევე საგრძნობლად აგრძელებს ფეხს.

მაღალი და სუსტი მკერდი

თქვენთვის იდეალური ვარიანტი ბიკინია, იგი ორად "გაყოფს" თქვენს სხეულს. ნუ შეიძენთ ვერტიკალურ ზოლებიან კოსტიუმს, რადგან ის კიდევ უფრო მაღალს და სუსტს გამოგაჩენთ.

სავსე სხეული

ხშირად პუტკუნა ქალბატონები თვლიან, რომ რამდენიმე ზომით პატარა კოსტიუმის ჩაცმის შემთხვევაში უფრო იდეალურ სხეულს გამოაჩენენ, რაც არასწორია. თქვენთვის ოპტიმალურად მიიჩნევა ისეთი კოსტიუმი, რომლის ზომა ზუსტად შეესაბამება თქვენს სხეულს. ამ შემთხვევაში ბიკინი თქვენთვის ცუდი არჩევანია. უმჯობესია შეიძინოთ მთლიანი კოსტიუმი ფართო ბრეტელებითა და ვერტიკალური ზოლებით.

მოკლე წელი

პირველ რიგში, უარი თქვით ბიკინზე.  თქვენთვისაც ოპტიმალური ვარიანტი მთლიანი საცურაო კოსტიუმია, რომელიც ღრმად იქნება გვერდებზე ამოჭრილი.

ვიწრო მხრები

თუ ვიწრო მხრები ნაკლად მიგაჩნიათ, მის დასაფარავად საუკეთესო საშუალება შორი-შორ განლაგებული ფართო ბრეტელები და ღრმა დეკოლტეა. უმჯობესია კოსტიუმის ზედა ნაწილი უფრო ბაცი ფერის იყოს, ვიდრე ქვედა. უარი თქვით ისეთ კოსტიუმზეც, რომლის ბიუსტჰალტერს თასმები კისერთან აქვს გადაჯვარედინებული.

ნინო ჯანიძე

ჟურნალი " ...და ქალი" #7