ღალატის საზღაური - კვირის პალიტრა

ღალატის საზღაური

არავინ ელოდა, თუ ქალი მკვლელობას დაგეგმავდა

ღალატს ყველა სხვადასხვანაირად განიცდის. ზოგი მშვიდად ხვდება, ზოგიც შურისძიებაზე ფიქრობს... თეოს საქციელს გაწონასწორებულს ვერანაირად ვერ დავარქმევთ, არადა, მას ყველა მშვიდ ადამიანად იცნობდა...

უსიყვარულოდ გათხოვდა. მამუკას ღონიერი ოჯახი ჰქონდა. ერთადერთი ვაჟის სურვილს - ამ გოგოს გარდა სხვა არავინ მინდა ცოლადო, მშობლებმაც მხარი აუბეს. თეოს ოჯახმაც სიხარულით მიიღო ეს წინადადება. დედამ იოლად დაიყოლია ქალიშვილი, - სიყვარული მერე მოვა, მამუკას უყვარხარ, გაჭირვებას ვერ იგრძნობ და მთავარი ესააო. თეოც დათანხმდა. ქორწილი გადაიხადეს და მათი ცხოვრება ჩვეულებრივად წავიდა. ჯერ ქალიშვილი შეეძინათ, მაკუნა, სამი წლის შემდეგ ბიჭი, გიორგი.  ყველაფრით უზრუნველყოფილ თეოს  მაინც არ უხაროდა ქმრის გვერდით ყოფნა. მშობლებმა მამუკას ძალით დაამთავრებინეს სამშენებლო ფაკულტეტი. მამამისს ბევრი ნაცნობი ჰყავდა ამ დარგში და იმედოვნებდა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ  შვილს მალევე დააწყებინებდა მუშაობას, მაგრამ კვლავ უფროსების იმედად დაცოლშვილებულ კაცს მაინც მეგობრებთან  დროსტარება  ერჩივნა. დიდხანს ვერც ერთ სამსახურში ვერ გაჩერდა, ხან რა მოიმიზეზა, ხან - რა. ამასობაში მამუკას მამის სამსახურში "დიდი წმენდა" დაიწყო. ჩამოართვეს, რაც კი წილები ჰქონდა, უძრავი ქონებაც დაუყადაღეს და  დიდი ფული მოსთხოვეს დამალული თანხების სანაცვლოდ.  აგარაკი გაყიდეს და როგორღაც შეკოწიწებული ფულით დაიხსნეს პატიმრობისგან, თუმცა ციხეში ყოფნამ მაინც მოუწია. სამი თვის შემდეგ გათავისუფლებული 58 წლის კაცი 70 წლისას ჰგავდა. ჯანმრთელობა  ისე შეერყა, ნათესავებიც ვერ ცნობდნენ. დარდმა და ნერვიულობამ თავისი ქნა... ოჯახის უფროსი ორ წელიწადში გარდაიცვალა.

ქმარი ისევ უმუშევარი იყო. ისევ თეოს უნდა ეზრუნა თავისი პატარებისათვის. მაკუნა მესამე კლასში იყო, გიო კი პირველ კლასში უნდა შესულიყო. თეო ერთხანს კოლეჯში მუშაობდა მასწავლებლად, მერე კი ისევ მამამთილის ძმაკაცი დაეხმარა და უცხოურ კომპანიაში დააწყებინა მუშაობა. თეოს  ხელფასი მაღალი ჰქონდა. მამუკას უყვარდა ქალებთან ფლირტაობა და არც ღალატზე იხევდა უკან. თეომ იცოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მამუკას  არ საყვედურობდა. არაერთხელ უთქვამს მეგობრებისთვის: - სიყვარულით არ გავთხოვილვარ, მამუკას უზრუნველი ცხოვრების გამო გავყევი. კარგი სამსახურის წყალობით არ მიჭირს, ჩემს ქმარს, რაც უნდა, ის უქნიაო.

ერთ მშვენიერ დღეს მამუკა გამოუტყდა, - სხვა მიყვარს და მასთან მივდივარო. თეო ამ ამბავს მშვიდად შეხვდა. მამუკას დედამ  რომ უსაყვედურა, ოჯახის დანგრევა აზრადაც როგორ გაივლეო,  შვილმა მიახალა: ჩემს ცოლ-შვილს მეტ ყურადღებას აქცევდით, ვიდრე მე, ჰოდა, გყავდეთ ახლა შინო.

ქმრის წასვლის შემდეგ თეო გახალისდა, მეგობრებისთვისაც გამონახა თავისუფალი დრო და შვილებთანაც უფრო ხშირად იყო. თეოს ცხოვრების რეჟიმი მაშინ დაირღვა, როცა სამსახურში გეგი გამოჩნდა,  სიმპათიური, კომუნიკაბელური ადამიანი.

თეოს ისე შეუყვარდა გეგი, როგორც 16 წლის გოგონას. მათი ურთიერთობა  ოთხი წელი გაგრძელდა. მაგრამ როდესაც გეგის დედამ გაიგო, რომ მის ვაჟს ორშვილიანი, ხუთი წლით უფროსი ქალი უყვარდა, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. დიდი დავა-კამათის შემდეგ დედამ გაიმარჯვა. გეგიმაც თანდათან მოუკლო თეოსთან სიარულს. თეოს ამბავი მიუტანეს - გეგი ქერა გოგოსთან ერთად ვნახეთო. მიხვდა თეო, რომ მათი ურთიერთობის დასასრული დამდგარიყო. მამუკა ადვილად დათმო, რადგან არ უყვარდა, მაგრამ გეგის ასე ადვილად ვერ შეელეოდა.

- სჯობს, დავამთავროთ ჩვენი ურთიერთობა და ყოველივე ლამაზ მოგონებად დავტოვოთ. დედაჩემი ვერასოდეს შეეგუება შენს რძლობას, უცოლოდ ხომ არ დავბერდები, ამიტომაც სხვას ვხვდები უკვე კაი ხანიაო, - როგორც იქნა, გაენდო  გეგი თეოს.

თავზარდაცემული ქალი დიდხანს ფიქრობდა, რა გაეკეთებინა კაცისთვის, რომელმაც ჯერ დიდი სიყვარული აჩუქა, მერე კი დაუნდობლად წაართვა...

აგვისტოს ცხელი საღამო იყო. ღია კაფეში მაგიდასთან, გეგი და მისი ახალი შეყვარებული ტკბილად მუსაიფობდნენ. თეომ შორიდან კარგა ხანს უყურა მათ, მერე მივიდა, წინ დაუჯდა და გეგის გამომწვევად ჰკითხა:

- არ გამაცნობ შენს საცოლეს? -  თეოს ასეთი უტიფრობა არ ახასიათებდა, მაგრამ თითქოს მის არსებაში სხვა ჩასახლებულიყო და ის ლაპარაკობდა.

- ჰო, ეს გახლავს ეკა, - თქვა ნირწამხდარმა გეგიმ.

თეოს თითები უთრთოდა და ამაზე ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა. დიდხანს არ უსაუბრიათ. თეომ ყავა დალია, ადგა და წასასვლელად მოემზადა. მერე მობრუნდა, გეგის ზურგში ორჯერ ჩაარტყა დანა და უცებ დატოვა იქაურობა... სასწრაფოს გამოუძახეს და გეგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ თეო იმ საღამოსვე აიყვანა. ყველა გაოგნებული იყო, მისგან ამას არავინ ელოდა. გეგის აღარ მოუყვანია ეკა ცოლად (ან იქნებ თავად ეკამ აღარ ისურვა მისი ცოლობა) და გერმანიაში გაემგზავრა. თეო ისევ სასჯელს იხდის. შვილებზე მისი მშობლები და დედამთილი ზრუნავენ. მაკუნა მერვე კლასშია, რომლის დღიურიც დარდიანი ჩანაწერებითაა სავსე: "დედიკო მენატრება. ხშირად მინდა ვნახო, მაგრამ თავად მას არა აქვს ამის სურვილი.. ბებოსთვის უთქვამს, - არ მინდა შვილებმა ასეთ მდგომარეობაში მნახონო. მამა იშვიათად გვნახულობს. გული მტკივა, ჩემი კლასის კრებებზე ყველას დედა რომ მიდის, ჩემი მშობელი კი ბებიაა. ასეთ დროს ძალიან მარტოსული ვარ, სიკვდილს ვნატრობ ხოლმე, მაგრამ ერთი რამ კი დაზუსტებით ვიცი, დედას რომ გაათავისუფლებენ, ჩვენი მხარდაჭერა დასჭირდება, ამიტომ ძლიერები უნდა ვიყოთ... ერთი ნატვრა კი არასოდეს არ მტოვებს - რა მოხდება, ერთ დილას გავიღვიძო და ეს ყველაფერი სიზმარი იყოს..."