"ეს გოგონა თუ გათხოვილი არ არის, ნამდვილად ბედი გამეხსნა და ეგაა-მეთქი" - კვირის პალიტრა

"ეს გოგონა თუ გათხოვილი არ არის, ნამდვილად ბედი გამეხსნა და ეგაა-მეთქი"

გელა 30 წელს გადასცილდა; საქმიანი, ენერგიული და მიზანსწრაფული ახალგაზრდა კაცია. ამბობდა ხოლმე, ჯერ ფეხზე მყარად გავდგები და მერე დავოჯახდებიო... ამასობაში კი წლები გაფრინდა. 23 წლის გახდა თუ არა, იმ დღიდან დაიწყო მშობლების ბუზღუნი - ე, ბიჭო, შეირთე ცოლი და ერთად მიხედეთ კარიერასაც და შვილებსაცო, მაგრამ გელა ჯიუტობდა, - ჯერ საქმეს ავაწყობ და მერე ვიფიქრებ ცოლზეო.

ბოლოს, როგორც იქნა, "დადგა ფეხზე" და დაოჯახებაზე დაიწყო ფიქრი. გელას ხანდახან უკვირდა, აქამდე როგორ არავინ შემიყვარდა ისე, რომ  ოჯახი შემექმნაო. მოგვიანებით, მშობლებსა და მეგობარ-ნათესავებს შესჩივლა: არავინ ეკარება ჩემს გულს და ასე, ერთი დანახვით ხომ არ დავეტაკები ვინმესო! რაც უფრო დიდხანს იფიქრებ, მით მეტად გაგიჭირდება გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ, მოგეწონება თუ არა ვინმე, პირდაპირ ეკლესიაში წაიყვანე და ჯვარი დაიწერეთო, - ურჩიეს ახლობლებმა

.

გელამაც - რაც არის, არის, რაღა დროს კირკიმალობა და წუნიაობააო. ჰოდა, რახან გადაწყვეტილება მიიღო, ყველგან - რაიმე შეხვედრაზე თუ ქუჩაში გოგონებს მუშტრის თვალით უყურებდა. ერთ დღეს სამსახურიდან გვიან დაბრუნებულს... თუმცა, სჯობს, თავად გელას მოვუსმინოთ:

- დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, საპარიკმახეროში შევსულიყავი და დილით ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მოწესრიგებული მივსულიყავი. საკმაოდ გვიანი იყო. საპარიკმახეროში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ლამაზი გოგონა სავარძელში მოკალათებულიყო და რომელიღაც სერიალს უყურებდა. ეს გოგონა თუ გათხოვილი არ არის, ნამდვილად ბედი გამეხსნა და ეგაა-მეთქი, - გავიფიქრე. ჩემს დანახვაზე წამოხტა და მომხიბლავად გამიღიმა. თვალები გამინათდა, ისე მომეწონა. ძლივს ამოვღერღე, თმის შესწორება მინდა-მეთქი. დაბრძანდითო. თმის შეჭრისას, როცა მისი ხელი კისერსა ან ყურის ძირთან შემთხვევით შემეხებოდა, ლამის გული ამომვარდნოდა. მერე, საუბარში ავიყოლიე... ერთი სიტყვით, დიპლომის მეტი არაფერი აკლდა. მშვენიერი მოსაუბრე ბრძანდებით და მოდი, აქვე ახლოს ბარში შევიდეთ და იქ გავაგრძელოთ საუბარი, თანაც, უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს-მეთქი. შემომხედა - კი, ბატონოო, - და ისე ჩამიჟუჟუნა თვალები, ჟრუანტელმა დამიარა. მომზადება დაიწყო. კართან ვიდექი და მოუთმენლად ველოდი. ისეთი მომხიბვლელი იყო, ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ მის სალონში შემიყვანა თმის შესაჭრელად. იქაურობა მიალაგა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა, მომიახლოვდა და ღიმილით მითხრა: - წავიდეთ და ვისაუბროთ ჭეშმარიტებაზეო...

ზამთარში რომ ყინულიანი წყალი გადაასხა კაცს და შუა ქუჩაში დატოვო, ისე გავშეშდი. ფეხის გადადგმა ვეღარ მოვახერხე, გამოშტერებული მივაჩერდი ჩემს მოწონებულ გოგონას, რომელიც იეღოველი აღმოჩნდა. როგორც იქნა, ხმა ამოვიღე და ვუთხარი, სხვა დროს შევხვდეთ, ახლა კი დროზე უნდა მივიდე შინ, ახლობლებმა დამიმესიჯეს, - სასწრაფო საქმე გამოსჩენიათ-მეთქი. მიხვდა, რატომაც აღარ წავიყვანე ბარში, მაგრამ არ შეიმჩნია. მე კი საშინლად დამწყდა გული, რომ იმედი გამიცრუვდა... არ ყოფილა მთლად მართალი ჩემი ახლობლების რჩევა - ბევრი არ იფიქრო, მოგეწონება თუ არა, მაშინვე მოიყვანე ცოლადო. არა, ბატონებო, აწი უფრო მეტს ვიფიქრებ.