ულტიმატუმი, რომელმაც ახალგაზრდა კაცს ცხოვრება დაუნგრია - კვირის პალიტრა

ულტიმატუმი, რომელმაც ახალგაზრდა კაცს ცხოვრება დაუნგრია

ჯერ კიდევ 16 წლის იყო თემო, მის ცხოვრებაში დიდი ცვლილება რომ მოხდა. თბილისში მათი სახლი მამის დიდ ვალებს შეეწირა. მშობლებმა უცხოეთს მიაშურეს სამუშაოდ. თემო და მისი უფროსი და მარტონი დარჩნენ ნაქირავებ ბინაში. სოფელში ბაბუა ჰყავდათ, რომელსაც მიხედვა სჭირდებოდა. გულიკო ბაბუასთან წავიდა, მერე ერთი კარგი ბიჭი გაიცნო და გაჰყვა კიდეც ცოლად. თემოს უსაზღვროდ უყვარდა ბაბუა. სულ ფორიაქობდა, - ვაითუ, რაიმე უჭირს, შია ან სცივა, მიმხედავი კი არავინ ჰყავსო. როცა და სოფელში გათხოვდა, დამშვიდდა. იცოდა, გულიკო უყურადღებოდ არ დატოვებდა ბერიკაცს. ერთხანს თვითონაც ფიქრობდა სოფელში დაბრუნებას, მაგრამ ბაბუამ არ ქნა, - ნიჭიერი ბიჭი ხარ, უნდა ისწავლო და გზა გაიკაფოო. დაუჯერა ბაბუას.

თემო დღე და ღამეს ასწორებდა, რომ უმაღლესში ჩაებარებინა. დაუფასდა შრომა. ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. თემოს მეზობლად ობოლი გოგონა ცხოვრობდა, თაკო. ბებიის გარდა დედამიწის ზურგზე არავინ ჰყავდა. თემო და თაკო უცებ დამეგობრდნენ და დღე არ გავიდოდა, ერთმანეთი არ ენახათ. ერთ დღეს თაკომ სასწრაფოდ მოიხმო თემო, - ბებო კარგად ვერ არის და მარტო არ დამტოვო, მეშინიაო. ისიც მაშინვე მასთან გაჩნდა... იმ საღამოს ბებო გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ თემო თაკოსთან გადავიდა საცხოვრებლად. მალე 17 წლის გოგო ბიჭს გამოუტყდა, ორსულად ვარო. თემომ ძალიან გაიხარა. ხელი მოაწერეს. გაჩნდა დათუნა. თემო ყველანაირად ეხმარებოდა ცოლს. ხშირად ბავშვს ის უკეთებდა საჭმელს, ურეცხავდა, აბანავებდა. ძალიან იღლებოდა, სწავლობდა, თან მუშაობდა, მაგრამ შვილი ისე უყვარდა, მისი გულისთვის მთას გადადგამდა. ერთ მშვენიერ დღეს თაკომ ქმარს შესთავაზა - ხომ ხედავ, როგორ გვიჭირს, მოდი, დათუნა ბავშვთა სახლში ჩავაბაროთო... თემოს თავზარი დაეცა, უაზროდ მიაჩერდა თაკოს - ხომ არ მომეყურაო... მაგრამ როცა თაკომ - თუ არ დამეთანხმები, მაშინ მოჰკიდე ხელი შენს შვილს და აქედან წადითო, მიხვდა, ცოლი არ ხუმრობდა. თემოს ვერ წარმოედგინა დათუნას გარეშე სიცოცხლე, ამიტომ იმ საღამოსვე წამოვიდა თაკოს ბინიდან. ორი წლის დათუნა ბაღში მიიყვანა, საბუთები დაუსწრებელზე გადაიტანა და სამსახურიც იშოვა. დილით ბაღში ერთად მიდიოდა მამა-შვილი, მერე თემო სამსახურში რჩებოდა 6 საათამდე და ხშირად, როცა საქმე გვიანობამდე უგრძელდებოდა, ბავშვი ბაღიდან სამსახურში მიჰყავდა, იქიდან კი ერთად ბრუნდებოდნენ შინ. ასე გაილია ორი წელი. თემომ სასწავლებელი დაამთავრა.

ამ ხნის მანძილზე თაკო ერთხელაც არ შეხმიანებია ქმარ-შვილს. თემო გაოგნებული იყო მისი გულცივობით - ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ ბავშვმა რაღა დაუშავა, ნუთუ დედობრივი გრძნობა საერთოდ არ გააჩნიაო. ერთ დღეს თაკო მოულოდნელად გამოეცხადა თემოს და უთხრა, - დათუნას წაყვანა მინდაო. გაუკვირდა, მაგრამ დათანხმდა ცოლს, რადგან ძალიან უნდოდა, ბავშვს დედის სითბო ეგრძნო, თანაც მოსკოვში უნდოდა წასვლა სამუშაოდ. იმედი ჰქონდა, ფულს მოაგროვებდა, ცოტას მშობლებიც დაეხმარებოდნენ და თბილისში ბინას იყიდდა. მერე ის და დათუნა ერთად იცხოვრებდნენ. სანამ ის წასასვლელად ემზადებოდა, თაკოს დედობრივი სიყვარული პირველი თოვლივით მოულოდნელად გაქრა. მესამე კვირას თემო იხმო და განუცხადა: მივხვდი, დედად არ ვვარგივარ, არ შემიძლია მისი მოვლა, ამიტომ ისევ შენ უნდა უპატრონო შენს შვილსო... როცა თემომ უპატრონოსავით ჭუჭყიანი დათუნა დაინახა, შვილი აიტაცა, გულში ჩაიხუტა და ცრემლი წასკდა. ბავშვმა  გზაში გაუმხილა მამას, როგორ სცემა დედამისმა მხოლოდ იმის გამო, რომ წამოსცდა, მამაჩემი ძალიან მიყვარსო...

თემომ მოსკოვში წასვლა გადაიფიქრა. სამ ადგილას მუშაობდა, რომ მეტი ანაზღაურება ჰქონოდა... ერთი წლის შემდეგ კი მართლაც ჩინებული სამსახური იშოვა. უფროსი საკმაოდ კარგი თვალით უყურებდა, ენდობოდა. ამასობაში ლიკა გაიცნო, ძალიან მომხიბვლელი და ჭკვიანი ახალგაზრდა ქალი. ერთმანეთი შეუყვარდათ და როცა ვაჟმა ხელი სთხოვა, ის წუთითაც არ დაფიქრებულა, ისე უთხრა თანხმობა. ლიკამ დათუნა ღვიძლი შვილივით შეიყვარა და მასზე დედასავით ზრუნავდა. თემომ მალე ბინაც იყიდა. შეეძინათ ქალ-ვაჟი. დათუნას და-ძმაზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. ერთი სიტყვით, მათ ოჯახში სრული იდილია იყო...

ამასობაში უცხოეთიდან მშობლებიც დაბრუნდნენ და სოფელში დამკვიდრდნენ. მოულოდნელად დედა საოპერაციო შეიქნა. თემომ არაფერი დააკლო, მაგრამ დედამ ერთ დილას ვეღარ გაიღვიძა. ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯების მერე, თემო იძულებული გახდა, ნაცნობ-მეგობრებში ფული ესესხა. ფიქრობდა, ვალებს ჩემი ხელფასით ორ თვეში გავისტუმრებო. დედის ორმოცი ის-ის იყო, გადაიხადა, რომ ახლა მეორე უბედურება დაატყდა თავს. მისი და, რომელიც ერთი წლის დაქვირვებული იყო, მეგობარს ეწვია თბილისში. ღამე ორივე გაზმა გაგუდა... ძველს ახალი ხარჯები დაემატა. თემოს კვლავ ფულის სესხებამ მოუწია. სანამ ეს უბედურებები თავს დაატყდებოდა თემოს, მანამდე თავის შეფთან ერთად სხვა ბიზნესიც წამოიწყო და მასში წილიც ჩადო. მერე გლოვის დღეები ერთმანეთს მიეწყო და სადღა ეცალა ბიზნესისთვის? დრო რომ გავიდა, უფროსს შეახსენა - ამდენი  თვეა, მოგება რატომ ვერ მივიღეთ ახალი ბიზნესიდან, არადა, საქმე ხომ კარგად აეწყოო. მან მრავალმნიშვნელოვნად განუმარტა, - თუ შეასრულებ ჩემს მოთხოვნებს, მიიღებ სოლიდურ თანხას, თუ არა და, მხოლოდ ძველს დასჯერდიო... და როცა თემო უფროსის "მოთხოვნებით" დაინტერესდა, ისეთი რამ მოისმინა, თმა ყალყზე დაუდგა, - თბილისში ცნობილმა კაცმა, საქმიანმა და ოჯახზე გადაყოლილმა, თავის თანამშრომელსა და მეწილეს "მეგობრობა" შესთავაზა!.. რეტდასხმული გამოვარდა მისი კაბინეტიდან.

თემო: - მინდოდა სასამართლოში სარჩელი შემეტანა და მომეთხოვა ჩემი წილიდან მოგებული თანხა. რაღა თქმა უნდა, ყველა გზა იმ "ულტიმატუმამდე" მივიდოდა, რაც მან წამომიყენა. ბოლოს, მივხვდი, არ ვიყავი ის კაცი, სხვა გამენადგურებინა (თუმცა კი იმსახურებდა), მით უფრო, იმ სიბინძურეზე მელაპარაკა, რამაც კინაღამ შემშალა. სამსახურში რაღა გამაჩერებდა? ჩემმა ვალებმა კი კოლოსალურ თანხას მიაღწია... სად აღარ გადავაგზავნე ჩემი მონაცემები, რომ სადმე სამსახური დამეწყო. ერთი თვეა, რაც ერთმა კომპანიამ სათანამშრომლოდ მიმიწვია. ხელმძღვანელები მპირდებიან, საზღვარგარეთ გაგიშვებთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მერე საკმაოდ მაღალ ხელფასს დაგინიშნავთო... რამენაირად უნდა გავუძლო ამ დაძაბულ პერიოდს და მერე თავიდან დავიწყებ ცხოვრებას.

- მეუღლეს რატომ არ უმხელთ იმას, რის გამოც დატოვეთ სამსახური?

- იმ კაცის ცოლი და ჩემი ცოლი მეგობრები არიან. დღესაც კი ურთიერთობა აქვთ. მინდა ვალები გავისტუმრო და მერე შეიძლება გამოვუტყდე კიდეც.

- ახლა სადაა თქვენი ყოფილი უფროსი?

- ოჯახი თბილისში ჰყავს, თვითონ კი გერმანიაში წავიდა და იქ უძღვება თავის ბიზნესს. თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ ვიღაცასთან გულის გადაშლა მომინდა, ეს "ვიღაც" თქვენ აღმოჩნდით.