"არავინ იცის, გაბოროტებული ადამიანი რას ჩაიდენს" - კვირის პალიტრა

"არავინ იცის, გაბოროტებული ადამიანი რას ჩაიდენს"

- როდესაც წავიკითხე წერილი "ღალატის საზღაური", არაფერი გამკვირვებია - საყვარელი ადამიანის საქციელი ზოგჯერ საშინელი შურისძიებისკენ გიბიძგებს... ნათქვამია, დიდი სიყვარულიდან დიდ სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო, - გვწერს ჩვენი მკითხველი მ. ს. და თავისი საუკეთესო მეგობრების ამბავს გვიამბობს, - მე, ნანა და თაზო ერთ კლასში ვსწავლობდით. მათ რომ ერთმანეთი უყვარდათ, მსგავსი ამბავი წიგნებში თუ წამიკითხავს. ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ სულ მალე მათი ბედნიერების დღეც დადგებოდა, მაგრამ...

ნანა მეზობლის ნათესავმა, ზაზამ,…მოიტაცა. მიუხედავად იმისა, რომ ნანას ძალიან უყვარდა თაზო, მშობლებს შინ დაბრუნებაზე უარი უთხრა. ამან თაზო ჭკუიდან შეშალა. ალბათ იმ წუთიდან დაიწყო შურისძიებაზე ფიქრი.

ქმარი ნანას ძალიან ანებივრებდა, ცივ ნიავს არ აკარებდა, ყველა სურვილს თვალის დახამხამებაში უსრულებდა. ამ დამოკიდებულებამ ნანას გული მოულბო და  თაზოს დავიწყებას შეეცადა. ვერ გეტვით, რამდენად იოლად გამოუვიდა ეს, მაგრამ როდესაც თაზომ შეხვედრა სთხოვა, ცივი უარი შეუთვალა. ამან თაზო გააცოფა. ერთხელ მეგობრებთან წამოსცდა, - ქალი და ღალატი განუყოფელია, თუ სითბო და მატერიალური კეთილდღეობა ნახა, წამში შეუძლია საყვარელ ადამიანს უღალატოსო. სხვებმა დუმილი არჩიეს შეკამათებას, მხოლოდ მე შევეწინააღმდეგე: - ასე იოლად ნუ განსჯი ნანას, მას  ძალიან უყვარდი, მაგრამ რადგან მოიტაცეს, აღარ ისურვა იმ ოჯახიდან წამოსვლა-მეთქი. გამწარებულმა მომიგო, - შენც მასავით მოღალატე ხარ და საერთოდ, ქალისგან აღარაფერი მიკვირსო... მივხვდი, არ ღირდა მასთან დავა. ვიფიქრე, დრო გავა და  გადაუვლის სიშმაგე-მეთქი, მაგრამ...

საშინელი ამბავი მოხდა, რომელმაც ყველა შოკში ჩაგვაგდო. ახლობლებთან მიმავალ შვიდი თვის ორსულ ნანას და ზაზას თაზო გზაში ჩაუსაფრდა. იჭექა სანადირო თოფმა... თაზომ ზაზა მოკლა, ნანა კი დაინდო და იმავე დღეს თავად ჩაჰბარდა სამართალდამცავებს...

იმ დღიდან 17 წელი გავიდა. ყველას გასაკვირად, თაზო 9 წლის შემდეგ გათავისუფლდა  და რუსეთში გადაიხვეწა.

ნანა აღარ გათხოვილა, თავის გოგონას ზრდის...