"ბებია და ბაბუა დავაქორწინეთ!" - კვირის პალიტრა

"ბებია და ბაბუა დავაქორწინეთ!"

ჩემი მეგობრების ბებია-ბაბუის ამბავი უნდა გიამბოთ, - გვწერს ჩვენი მკითხველი მაია ზვიადაძე, - ისინი ახლახან, 65 წლის ასაკში დაქორწინდნენ შვილიშვილების დიდი დახმარებით...

თამუნა, ნიკა და მე კლასელები ვართ. ნიკას თამუნა პირველივე კლასიდან მოსწონდა. სულ პირზე ეკერა, - ჩემი საცოლეაო. სკოლის დამთავრების მერე თამუნა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. ნიკამ ეს ამბავი ღალატად მიიჩნია და მის ჯინაზე ცოლი შეირთო. თამუნაც  თანაკურსელს გაჰყვა ცოლად.

ნიკას ორი შვილი ჰყავს, თამუნას სამი. თამუნა და ერეკლე დიდი ხანია, რაც მოსკოვიდან დაბრუნდნენ და ერთ კლინიკაში მუშაობენ. ნიკას საკუთარი რესტორანი აქვს, ჩვენს მეორე ნახევრებთან ერთად კლასელები ხშირად  ვიკრიბებით მის რესტორანში. ნიკას ცოლმაც და თამუნას ქმარმაც იციან, რომ მათ მეუღლეებს ბავშვობაში ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ არ ეჭვიანობენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, წელს, ნიკამ მცხეთაში დაგვპატი\ჟა თავის ახალ რესტორანში. თამუნა ამ დროს საჩხერიდან მოდიოდა მანქანით და ბებია მოჰყავდა თბილისში. იუარა, - ბებია მიზის მანქანაში, ერეკლეც არ არის აქ და ბებიაჩემთან ერთად ხომ არ მოვალო. ნიკა აუტყდა, - რა მოხდა მერე, ბაბუაჩემიც აქაა, რესტორნის ბიზნესს უძღვება, ბებიაშენმა კი სუფრა რომ დაგვიმშვენოს, რა დაშავდებაო.

ნიკას დიდი ხნის წინ გარდაეცვალა ბებია, თამუნასაც არ ჰყავდა ბაბუა... ჰოდა, ჩვენც მეტი რა გვინდოდა და დავიწყეთ ხუმრობა, - მოდი, ქვრივები ერთმანეთს დავაჯახოთ და კაი ქორწილიც გადავუხადოთო. ყველაზე ღიმილის მომგვრელი კი ის იყო, რომ მთელი სუფრის განმავლობაში ბებია თამრო და ნიკოლოზ ბაბუა ერთმანეთს ფარულად უთვალთვალებდნენ... შეძახილმა ხე გაახმოო. ნიკოლოზ ბაბუა იმ საღამოს მერე მალე გააქტიურდა. დაურეკავს თამრო ბებოსთვის და შეხვედრა უთხოვია. ნიკამ პირველი პაემნის შესახებაც იცოდა და მომდევნო პაემნებზეც აფინანსებდა თავის ბაბუას, თამუნამ კი ცოტა მოგვიანებით გაიგო ეს ყველაფერი. ნიკას ბაბუამისისთვის უთქვამს: - აბა, შენ იცი, ბაბუ, არ შემარცხვინო, შენ მაინც გამოიღე ფხა და ჩემი შეყვარებულის ბებია ჩემს "ჯინაზე" ცოლად შეირთეო... თამუნას მამა ცოტა კი გაბრაზდა, - რა დროს დედაჩემის გათხოვებააო, მაგრამ ჩავერიეთ და მოვაკვარახჭინეთ საქმე.

ნეფე-პატარძალმა სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერა ჯვარი და ნიკამ დაპირებული პატარა ქორწილიც გადაუხადა ბაბუას.