გამწარებულმა პატარძალი მშობლებს დაუბრუნა - კვირის პალიტრა

გამწარებულმა პატარძალი მშობლებს დაუბრუნა

ისინი ერთმანეთს ნათესავებმა გააცნეს. ორივე საქორწინო ასაკს გადაცილებული - 35-37 წლისანი იყვნენ. ამიტომ ბევრი არ უფიქრიათ...

მანამდე კაცი სულ იმას ამბობდა, - ჯერ კარიერას მივხედავ, სახლს ავიშენებ და მერე დავოჯახდებიო. ქალი კი "შინ იჯდა და ბედს ელოდა". არა, განა მართლა შინ იჯდა? სამსახურიც ჰქონდა, მეგობრებთანაც ხშირად ერთობოდა და სტუდენტობაში შეყვარებულიც ჰყავდა, მაგრამ, კარგა ხანს ბედი არ გაეხსნა.

გურამის გაცნობის მერე ქალი ფიქრობდა, - ეტყობა, გურამი იყო ჩემი ბედიო. კაცი მართლაც სასურველი სასიძო იყო - კარგი თანამდებობაც ეჭირა, სახლიც ჰქონდა პრესტიჟულ უბანში და მშვენიერი აგარაკიც. მეგობრები ხუმრობით დონ ჟუანს ეძახდნენ. კარგა ხანს ეგონათ, რომ ქეთისაც "დაიმეგობრებდა" და მასაც მალევე დაშორდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გურამმა გამოაცხადა, - ქეთი ცოლად მომყავს, ისეთი ხალხი ჩაერია ჩვენს ურთიერთობაში, დარწმუნებული ვარ, ნამდვილ ქართულ ოჯახს შევქმნიო.

დიდი ქორწილი გადაიხადა. ოთხი დღის შემდეგ იტალიაში უნდა წასულიყვნენ სამოგზაუროდ, მაგრამ ყველა სახტად დარჩა, როცა გურამმა დილაუთენია პატარძალი მშობლებს მიუყვანა, - თავისი პირით გიამბოთ ის, რაც მე მითხრა წუხელო...

საქმე კი ასე იყო: ქეთი ქორწილის ღამეს გამოუტყდა, - სტუდენტობაში ერთი ბიჭი მიყვარდა და მასთან მქონდა ახლო ურთიერთობაო. მას შემდეგ აღარავინ მყვარებია, გემუდარები, ასეთი წვრილმანისთვის ხელს ნუ მკრავ, ტკბილი და კარგი ოჯახი გვექნებაო.

ამის გაგონებამ ჭკუიდან გადაიყვანა კაცი. ის, რასაც ქეთი "წვრილმანს" ეძახდა, გურამისთვის მსხვილმანი იყო. გამწარებულმა და იმედგაცრუებულმა სილა გააწნა ქალს, შინ აღარც გაუჩერებია, მაშინვე მშობლებს მიუყვანა.

ქეთის შინ დაბრუნებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ქალის მშობლები დარცხვენილები და სასოწარკვეთილნი ჩანდნენ. მაგრამ 35 წლის ქალს ხომ არ მოკლავდნენ. ისევ ის ნათესავები ჩაერივნენ მათ ურთიერთობაში, რომლებმაც იაქტიურეს გურამის და ქეთის დაახლოებაში, - არ შეიძლება ასე, დაფიქრდი... ქეთის ოდესღაც ფეხი დაუცდა, ამის გამო როგორ შეიძლება გაწირო ასეთი სათნო და კეთილი ადამიანიო... თუმცა გურამს არაფრის გაგონება არ უნდოდა, - ეგეთი "სათნო და კეთილი" ცოლად არ მჭირდება, თავიდანვე უნდა ეთქვა სიმართლეო...

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დიდი და ლამაზი ქორწილის მეორე დღეს დაშორდნენ.

ეს ამბავი სულ რაღაც სამი წლის წინ მოხდა და ბევრს რომ ჰგონია, ქალიშვილობის ინსტიტუტს საქართველოში ყურადღებას აღარ აქცევენო, არ ყოფილა მართალი.