პირველი და დაუვიწყარი სიყვარულის გაგრძელება - კვირის პალიტრა

პირველი და დაუვიწყარი სიყვარულის გაგრძელება

ის-ის იყო, გულდაწყვეტილს ხელი უნდა ჩაექნია, რომ  მობილურმა დარეკა. დათო იყო...

დათო 15 წლისა იყო, მასზე ორი წლით უმცროსი ნათია რომ შეუყვარდა. გოგონა სკოლის გარდა მუსიკაზეც დადიოდა, ცეკვაზეც და ინგლისურზეც. დათომაც ზეპირად იცოდა მისი განრიგი.

დათო სტუდენტი რომ გახდა, ნათია სკოლას ამთავრებდა. გოგონას კლასელებმა სასიძო ბანკეტზე დაპატიჟეს. ბანკეტი ერთ-ერთის აგარაკზე, წყნეთში გადაიხადეს. გათენებამდე იმხიარულეს, შემდეგ დათომ ნათია და კიდევ სამი გოგონა მანქანაში ჩაისვა და თბილისისკენ დაიძრა. ბაგებთან საიდანღაც თავაწყვეტილი გამოვარდა მანქანა. დათო დაიბნა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხევში გადაეშვა. ნათია და მის უკან მჯდომი გოგონა მაშინვე დაიღუპნენ, დანარჩენები სასწაულით გადარჩნენ, თუმცა დათო დიდხანს ებრძოდა სიკვდილს... მხოლოდ იმ საშინელი ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ მოვიდა გონს და მაშინვე ნათია მოიკითხა. სიმართლე რომ უთხრეს, სიკვდილი ინატრა.

გამოხდა ხანი, ბიჭი კი ვერაფრით მოეგო გონს, ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა - თვალწინ სულ ის საშინელი დღე ედგა. უმაღლესის დამთავრების შემდეგ  მუშაობაც დაიწყო. საქმეში წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ... 40 წლისა კვლავ უცოლო იყო.

ერთხელ, პარტნიორმა წყნეთში ქალიშვილის დაბადების დღეზე დაპატიჟა. წყნეთი დათოს დიდ ტკივილს ახსენებდა, მაგრამ უარის თქმა ვეღარ შეძლო. გიორგიმ უთხრა, - ახალგაზრდები ზემოთ იმხიარულებენ, უფროსებმა კი მარანში მოვულხინოთო.

მართლაც კარგად მოილხინეს. ის იყო, დათომ წამოსვლა დააპირა, რომ აივანზე თვალი მოჰკრა გოგონას და გაშეშდა. ეგონა, ნათია გაცოცხლდაო. მასპინძელმა დაბნეულობა შენიშნა და ცუდად ხომ არ ხარო,- ჰკითხა. დათომ თავი გააქნია, - მერე აგიხსნი ყველაფერსო და სასმელს მიეძალა...

მეორე დღეს დათომ თავისი ტრაგიკული სიყვარულის ამბავი უამბო გიორგის, ისიც უთხრა, რომ მისი ქალიშვილის მეგობარი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ნათიას. გიორგიმ არ იცოდა, რით ენუგეშებინა, ან რას დაჰპირებოდა... თეკლა ხომ შვილად ერგებოდა დათოს.

იმ დღიდან თეკლაზე ფიქრი აეკვიატა, მაგრამ ვერ უბედავდა გიორგის, ძალიან მინდა იმ გოგონას ნახვაო...

ერთხელ, ქუჩაში შემთხვევით გიორგის შვილს, ნატას და თეკლას გადაეყარა. მანქანა გააჩერა და გოგონებს გასეირნება შესთავაზა. გოგონებიც სიამოვნებით დასთანხმდნენ. დათოს აღარც ახსოვდა, ასეთი ხალისიანი როდის იყო. ჯერ ფუნიკულორზე ავიდნენ, მერე რესტორანში დაპატიჟა გოგონები. ორივე აღტაცებული იყო დათოთი, მაგრამ თეკლა მაინც სხვა თვალით უყურებდა მამისტოლა კაცს. თუკი ნატა დათოს მამის მეგობრად  თვლიდა, თეკლასთვის იგი სიმპათიური ვაჟკაცი იყო. გამომშვიდობებისას დათო გოგონებს დაჰპირდა, - ამ შაბათ-კვირას კახეთში საქმე მაქვს, თქვენც წაგიყვანთო. თეკლა დღეებს თითებზე ითვლიდა. პარასკევი რომ მიილია, იმედი გადაეწურა, - ალბათ დაავიწყდა დანაპირებიო. ნატასაც რამდენჯერმე დაურეკა, შენ ხომ არ შეგეხმიანაო და ის-ის იყო, გულდაწყვეტილს ხელი უნდა ჩაექნია, რომ მობილურმაც დარეკა. დათო იყო...

გოგონებისთვის ის დღე ზღაპარივით ლამაზი და დაუვიწყარი იყო.

ცოტა ხანში თეკლას მშობლები შეფიქრიანდნენ. მიხვდნენ, რომ გოგონას თავს რაღაც ხდებოდა. თეკლა დედას გამოუტყდა, - ჩემზე უფროსი კაცი მიყვარსო. თეკლას მშობლებმა გადაწყვიტეს, ქალიშვილის მეგობრის მშობლებს სწვეოდნენ და ბევრი რამ გაერკვიათ. კითხვები არ ასვენებდათ: დათო აქამდე რატომ იყო უცოლოდ დარჩენილი? ან იქნებ მიტოვებული ჰყავდა ცოლ-შვილი? გიორგი ყველა კითხვაზე პასუხობდა, არც ის დაუმალავს შეშფოთებული მშობლებისთვის, რომ დათოს გარდაცვლილი შეყვარებული, რომლის ერთგულიც მრავალი წელი იყო დათო, წვეთი წყალივით ჰგავდა თეკლას... გიორგისგან წამოსული გოგონას მშობლები ცოტათი დამშვიდდნენ.

ერთ დღეს დათომ თეკლას ჰკითხა, - როდის მოვიდე თქვენებთან შენი ხელის სათხოვნელადო. გოგონა უსაზღვროდ ბედნიერი იყო...

თბილისში ბევრს გაუკვირდა დათოსა და თეკლას დაქორწინება. ვინც არ იცოდა დათოს ტრაგიკული წარსული, ამბობდა, - ეგრე იცის ფულმა, დრო ატარა, მოსწყინდა ყველაფერი და შვილისტოლა გოგოც ადვილად შეაბაო. მაგრამ ვინც იცოდა და ნათიაც კარგად ახსოვდა, მიხვდა, ეს რომანი იმ პირველისა და დაუვიწყარის გაგრძელება იყო...