"შეყვარებულის ნაცვლად მისი ტყუპისცალი შემრჩა" - კვირის პალიტრა

"შეყვარებულის ნაცვლად მისი ტყუპისცალი შემრჩა"

ჩვენში ქალის მოტაცება ძალიან პოპულარული იყო, განსაკუთრებით გურიაში.

როცა გოგო დანახვისთანავე შეგიყვარდება და ერთი სული გაქვს, რაც შეიძლება მალე ჩაიკრა გულში, მისი ოჯახიშვილობა არ გაინტერესებს. არადა, აჩქარებამ შეიძლება სასაცილო მდგომარეობაში ჩაგვაგდოს.

ალეკომ თვალი მოჰკრა თუ არა ნანუკას, მაშინვე გამოუცხადა მეგობრებს, - ან ეგ იქნება ჩემი ცოლი, ან უცოლოდ მოვკვდებიო... ძმაკაცებს კი გაეცინათ, მაგრამ რამდენიმე დღე გამოლენჩებულ ალეკოს რომ უყურეს, მიხვდნენ, საქმე სხვაფრად იყო.

ოზურგეთელი ნანიკო ალეკოს სოფელში ნათესავთან იყო სტუმრად. გაცნობის მეხუთე დღეს ბიჭი სიყვარულში გამოუტყდა. ნანიკომ დაიმორცხვა, - ჯერ კარგად გავიცნოთ ერთმანეთიო... ალეკოს კი ეჩქარებოდა. ბიჭებს ეუბნებოდა, - მეშინია, ასეთი ლამაზი გოგო სხვამ არ წამართვასო, ამიტომ ნანიკოს მოტაცება და ოჯახის შექმნა ერთი ხელის დაკვრით გადაწყვიტა.

ძმაკაცებმა მოტაცების გეგმა კარგად დაამუშავეს და მანქანით ნანიკოს სახლთან ჩასაფრდნენ. როგორც იქნა, გაიღო ჭიშკარი და იქიდან მზესავით გამოანათა ნანიკომ. მომტაცებლები პირდაღებულნი მიაჩერდნენ გოგონას. ალეკომ ამოიგმინა: - ახლა ხომ მიხვდით, რეიზა ვკვდებიო?

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მძღოლმა ღმუილით დაძრა მანქანა ძმაკაცის სიცოცხლის გადასარჩენად და გოგოს ფეხებთან მოწყვეტით გააჩერა. გოგონა ისე ციმციმ შესვეს მანქანაში, რომ გაფართხალებაც ვერ მოასწრო. ალეკოს და დანარჩენებსაც ცოტათი კი გაუკვირდათ მოტაცებულის სიჩუმე, მაგრამ თან უხაროდათ, რომ წივილ-კივილის გარეშე მოხერხდა ყველაფერი. მანქანა უკვე სოფლისკენ მიქროდა, გაკვირვებულმა გოგომ რომ იკითხა, - ვინ ხართ და რას მერჩით? თუ მომიტაცეთ, ის მაინც მითხარით, რომელს გიყვარვართო. ალეკოს ეგონა, მომეყურაო და გოგონას დააშტერდა, - ნანუკა, ხუმრობ? ხომ ვილაპარაკეთ მე და შენ? მართლა ვეღარ მცნობ თუ მამასხარავებო? გოგოს სიცილი აუტყდა. ბიჭებმა იფიქრეს, ალბათ მოტაცებისას სტრესი მიიღოო და უხერხულად მიაჩერდნენ "ნამეტნავად მხიარულ პატარძალს"... როგორც იქნა, სული მოითქვა გოგომ: - მე ნანიკოს ტყუპისცალი და ვარო. ზალიკომ კინაღამ საჭე გაუშვა ხელიდან, მერე მეგობრებს მიუტრიალდა და: - ე, ბიჭო, ძლივს მოტაცებულ ქალს უკან ნუ მიმაბრუნებინებთ, მაინც ქე ჰგავს ნანიკოს და მაგი წამეიყვანე ცოლად, რა უჭირსო!

სახტად დარჩენილი ალეკო ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა, დანარჩენებიც დუმდნენ. ისევ მოტაცებულმა დაარღვია სიჩუმე:

- ხომ არ გადაირიეთ, ორი წელია, გათხოვილი ვარ, ათი თვის ბავშვიც მყავს, თბილისში ვცხოვრობ, გუშინწინ ჩამოვედი ოზურგეთში. ჩემმა ქმარმა ეს რომ გაიგოს, დაგხოცავთ ყველას... ახლავე დამაბრუნეთ უკან... ჩემი და შინაა, დაელაპარაკე, შე კაი კაცო, იქნება, თანახმაა და მოგყვება?

ალეკოს გულს მოეშვა. სხვებმა რომ დაინახეს, სასიძომ შუბლი გახსნაო, მათაც აუტყდათ სიცილი... ნანიკოს დის, მარის ნათქვამი ჭკუაში დაუჯდათ... შემოაბრუნეს მანქანა და უკან მიიყვანეს მოტაცებული.

იმ დღეს არა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ალეკომ იმდენი მოახერხა, რომ ნანიკო თავისი ნებით გაჰყვა ცოლად. მეგობრები კი დღემდე ხალისით იხსენებენ საცოლის დის მოტაცების ამბავს...