"უშვილო ვიყავი და ბევრჯერ დავაპირე ქმრისგან წასვლა, რომ არ გამიშვა მეგონა, ამას ჩემი სიყვარულით აკეთებდა, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"უშვილო ვიყავი და ბევრჯერ დავაპირე ქმრისგან წასვლა, რომ არ გამიშვა მეგონა, ამას ჩემი სიყვარულით აკეთებდა, მაგრამ..."

"ძალიან მიჭირს ამაზე წერაც და ლაპარაკიც. დრო არ ყოფილა ყველაფრის მკურნალი.

...მე და ჩემს ქმარს 12 წელი არ გვყავდა შვილი. ბევრჯერ დავაპირე მისგან წასვლა (მე ვიყავი უშვილო), მაგრამ არ გამიშვა. მაშინ მეგონა, ამას ჩემი სიყვარულით აკეთებდა, მაგრამ გვიან მივხვდი, რომ მიზეზი ანგარება იყო. ბიძაჩემი დიდმოხელე გახლდათ, მარტო ძმასა და ძმისშვილებს კი არა, მთელ ნათესაობას მფარველობდა. ჩემს ქმარსაც მან უშოვა კარგი სამსახური და გიჟი ხომ არ იყო, გამყროდა? მან საყვარელი გაიჩინა. ეს რომ გავიგე, მშვიდად ვუთხარი, ალბათ ჩვენ შორის გაქრა სიყვარული, შვილიც არ გვყავს და სჯობს, გავშორდეთ-მეთქი. თავი იმართლა - იმ ქალმა შეიძლება შვილი გამიჩინოს, რაღა სხვისი ავიყვანოთ, არ ჯობია, ჩემი სისხლი და ხორცი გავზარდოთო? ბავშვი მართლაც ძალიან მინდოდა და დავმორჩილდი ჩემს  ბედს. დაიბადა ბიჭი, რომელსაც ბიძაჩემის პატივსაცემად ირაკლი დავარქვით.

გავიდა წლები, ირაკლი გაიზარდა, კარგი შვილი იყო, თბილი, დედ-მამის მოყვარული. ვიცოდი, ჩემი ქმარი ისევ მღალატობდა, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. ბიძაჩემის გარდაცვალების შემდეგ  ბესომ სამსახური დაკარგა. არ ვიცი, რა პერიოდში ან ჩემგან მალულად როგორ მოახერხა, მაგრამ ფაქტია, რომ ბიჭს შეუჩნდა და ერთ მშვენიერ დღეს მამა-შვილი ოჯახიდან გაუჩინარდა. რამდენიმე წელია, მარტო ვარ. რაც დრო გადის, უფრო მეტად მანაღვლებს ქმრის და შვილის უმადურობა. გვიან შევიტყვე, რომ იმ ქალთან ხელიც მოუწერია. ყველაფერი დაუგეგმავთ, მე კი თითქოს მეძინა. ჯერ ის ქალი წასულა რუსეთში, მერე ბესო და ირაკლი გაჰყოლიან.

ბესო საშინლად ანგარებიანი კაცი აღმოჩნდა და მისგან არაფერია გასაკვირი, მაგრამ ირაკლიმ, რომელსაც ძალიან ვუყვარდი, როგორ ამომიგდო გულიდან, ვერ გამიგია. ნუთუ არ ვახსენდები და თუკი ვახსენდები, რატომ არ მეხმიანება? ის ხომ 16 წლისა წაიყვანა მამამისმა, ახლა 19-ისაა და როგორ დავიჯერო, რომ დედ-მამის ისე ეშინია, ჩემთან დაკავშირებას მალულადაც ვეღარ ბედავს?