ინტერნეტმამა - კვირის პალიტრა

ინტერნეტმამა

ბავშვობის ზღაპარი რეალობად იქცა...

"ახლა ვიცი, რომ სიყვარული ადამიანივით კვდება... მე სიყვარული მომიკვდა..."

უჭირდა ლიზის იმის დაჯერება, რომ მძიმე პერიოდში მიატოვეს.…თანაც ვინ? უსაყვარლესმა ადამიანმა, ურომლისოდაც ვერ წარმოედგინა ერთი დღეც... ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ვერ ხვდებოდა, რატომ გაუცივდა გული გიგის. ურეკავდა და კითხვაზე პასუხს სთხოვდა. ერთ მშვენიერ დღეს თავგაბეზრებულმა ბიჭმა მიახალა, - ძალიან გაუბრალოვდა ჩვენი ურთიერთობა, მიუწვდომელი და ყველასგან განსხვავებული მეგონე, მაგრამ შენც ჩვეულებრივი გოგო ყოფილხარ, ამიტომ სჯობს, დავშორდეთო... მიხვდა ლიზი, გიგის აღარ უყვარდა...

ლიზი სამი თვის ორსული დარჩა. კარგა ხანს უმალავდა მშობლებს "თავის სირცხვილს"... არ ეგონა, ასე თუ დაუდგებოდნენ გვერდით ახლობლები. გიგის სახელს სამუდამოდ ქვა და ლოდი მიაყარეს...

გავიდა წლები. ნინიმ მამა პირველად მაშინ მოიკითხა, როცა ბაღში მიიყვანეს, - ბავშვებს მამიკოებიც აკითხავდნენ. ჩემი მამიკო რატომ არ მოდისო? - ჰკითხა ერთხელ მის წასაყვანად მისულ ბებოს. იმ დღეს გადაწყვიტეს, გოგონას გული რომ არ სტკენოდა, ლამაზი ზღაპარი შეეთხზათ... ამ ზღაპარს ნინი დიდი აღტაცებით უამბობდა თანატოლებს: - ჩემი მამიკო გემის კაპიტანია, დიდ ზღვებში დაცურავს და ვეშაპებს იჭერს... მალე ჩამოვა და უამრავ საჩუქარს ჩამომიტანს... დიდი რომ გავიზრდები, მეც წამიყვანს და სულ ერთად ვიქნებითო...

ნინი გაიზარდა და მიხვდა, რომ მის ზღაპარს კეთილი დასასრული არ ჰქონდა... ძალიან დაღონდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა. კარგად სწავლობდა, მეგობრებიც ჰყავდა, მაგრამ სულ დარდიანად იყო...

ერთ მშვენიერ დღეს აუდიტორიაში ახალი ლექტორი შევიდა. ნინი უკვე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეორეკურსელი გახლდათ. ლექტორი სანდომიანი ახალგაზრდა ქალი იყო. სტუდენტთა სია ამოიკითხა. ნინიც წარუდგა. ლექტორმა ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა. მერეც, ლექციის მსვლელობისას, ხშირად გააპარებდა თვალს ნინისკენ. ჩუმი თვალთვალი ცოტა ხანს გაგრძელდა, მერე კი თავისთან იხმო გოგონა:

- დედაშენს ლიზი ჰქვია, არა? - თვალმოუშორებლად ჰკითხა.

- დიახ, - მიუგო ნინიმ და იგრძნო, რაღაც ახალი, მისთვის ძალიან საინტერესო უნდა გაეგო.

- შენ დედის გვარზე ხარ, ხომ ასეა?

გოგონამ თავი დაუქნია. გული ისე უცემდა, ეგონა, სადაცაა, ბუდიდან ამოხტებაო...

ქალმა გოგონა მიიზიდა და გულში ჩაიკრა. ნინიმ ისეთი რამ მოისმინა ლექტორისგან, თავი სიზმარში ეგონა:

- კარგად ვიცნობდი დედაშენს. ძალიან მინდოდა ჩემი რძალი გამხდარიყო. გიგი ჩემი ძმაა. გვეგონა, მალე იქორწინებდნენ, მაგრამ... დღემდე არ ვიცი, რა მოხდა... ძალიან განვიცადეთ მეც და ჩემმა მშობლებმა მათი დაშორება. ვცადე ლიზისგან გამეგო მიზეზი, მაგრამ თავი შორს დაიჭირა... მივხვდი, არავინ უნდოდა, ვინც გიგისთან დააკავშირებდა... გიგი ლიზისთან დაშორების შემდეგ მალევე წავიდა საქართველოდან. რუსეთში ცხოვრობს. მე და ჩემს ძმას ბოლო დროს ხშირად გვქონია შენზე საუბარი, ძალიან უნდა შენი გაცნობა. მოგცემ მისი "სკაიპის" მისამართს და დაელაპარაკე...

ბავშვობის "ზღაპარი" თუ გაგრძელდებოდა, ვერ იფიქრებდა ნინი. ისიც არ იცოდა, გახარებოდა თუ სწყენოდა გაუჩინარებული მამის გამოჩენა. გადაწყვიტა, მამას დალაპარაკებოდა, მაგრამ ამის შესახებ დედისთვის არაფერი ეთქვა. იმავე საღამოს მოძებნა ინტერნეტით მამა. თვალებს ვერ უჯერებდა, იმდენი რამ "დაიჭირა" თავისი - თვალის ფერი, სახის მოყვანილობა, ღიმილიც კი მამისა ჰქონდა... გიგი სიხარულს ვერ მალავდა, რომ 20 წლის გოგონა ჰყავდა, თანაც ასეთი…ლამაზი და წარმატებული. იმაზე, თუ რატომ მიატოვა ლიზი, სიტყვაც არ უთქვამთ. ნინი ისე ელაპარაკებოდა ინტერნეტმამას, თითქოს, სულ ცოტა ხნის წინ დაშორდაო.

გოგონას გახალისება და ბედნიერი თვალები მაშინვე შეამჩნიეს დედამ და ბებიამ. ლიზის ოჯახი ჰყავდა, მეორე გოგონა ნინიზე 11 წლით უმცროსი იყო. ბედს არ ემდუროდა. ვაჟა კარგი ადამიანი გამოდგა, ნინის ღვიძლი შვილისგან არ ასხვავებდა... ერთი თვის მერე გოგონა დედას გამოუტყდა, - მამა ვიპოვეო... ლიზი ნინის ნაამბობს მშვიდად შეხვდა. შვილს უთხრა: - არ მეწყინება, თუკი მამაშენთან ურთიერთობას გააგრძელებ. რასაც გული გიკარნახებს, ისე მოიქეციო.

დედას კარგად იცნობდა ნინი. ისიც იცოდა, ამ სიტყვების თქმა რა ძნელი იყო მისთვის, რადგან სრულიად შემთხვევით, რამდენიმე წლის წინ დედის ჩანაწერები ჩაუვარდა ხელში: "თურმე მირაჟი ყოფილა ჩემი და გიგის სიყვარული. არ უნდა მიმეცა მეტისმეტის უფლება და მაშინ ვიქნებოდი კვლავ საოცნებო და მიუწვდომელი მისთვის... მჯეროდა, რომ საყვარელი ადამიანი არ მომატყუებდა, უფრო სწორად, როგორც გიგი ამბობდა, არ გახუნდებოდა ეს სიყვარული.…გახუნდა და მეტიც... ახლა ვიცი, რომ სიყვარული ადამიანივით კვდება... მე სიყვარული მომიკვდა..."

ნინის თბილად დახვდნენ მოსკოვში მამა და აქამდე უცნობი და-ძმა. ორი კვირა დარჩა მათთან. მან დედისგან უჩუმრად ჩანაწერები წაიღო და მხოლოდ წამოსვლის წინ უთხრა მამას: - არ ვიცი, რატომ ქრება ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც თქვენი იყო, მაგრამ მინდა, ეს ჩანაწერები გქონდეს, რადგან რაც აქ წერია, მხოლოდ შენ გეხებაო... გიგიმ, პირველად სიცოცხლეში, იტირა. არავინ იცის, მისი ცრემლები ასაკის ბრალი იყო, თუ გულწრფელი სინანულისა...