ორმაგი ღალატის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ორმაგი ღალატის მსხვერპლი

22 წლამდე სანდროს ასე არავინ ჰყვარებია. ნატას ცოლად მოყვანა გაცნობიდან ორ თვეში გადაწყვიტა... მშობლებს სულაც არ ეჩქარებოდათ უმცროსი შვილის გათხოვება, მაგრამ რაღას იზამდნენ!..

სანდრო ერთი სულით ელოდებოდა გერმანიიდან ბიძაშვილის ჩამოსვლას. ძმა არ ჰყავდა და კერპივით უყურებდა სამი წლით უფროს ბიძაშვილს. ბიჭები პატარაობიდანვე მეგობრობდნენ, მაგრამ დათო, აქაოდა, უფროსი ვარო, სანდროს ლამის მამასავით ჰპატრონობდა. სანდროც მიჩვეული იყო მის ზრუნვას და რჩევა-დარიგებებს...

როგორც იქნა, დათოც ჩამოვიდა. ნატა გაცნობისთანავე თვალში მოუვიდა და ბიძაშვილს მოუწონა არჩევანი. ოჯახმა გადაწყვიტა, ოქტომბრის პირველ კვირას გადაეხადათ ქორწილი, შემდეგ კი ჯვარდაწერილები ერთი თვით გერმანიაში წასულიყვნენ დათოსთან.

...არავინ ელოდა იმას, რაც მოგვიანებით დატრიალდა - ნატას საქმროს ბიძაშვილი შეუყვარდა. დათოსაც უკვირდა საკუთარი თავის. ნატაზე ლამაზი გოგონებიც უნახავს, მაგრამ ბიძაშვილის საცოლეს რაღაც უცნაური, აუხსნელი ხიბლი ჰქონდა. დათო ერთხანს ებრძოდა საკუთარ გრძნობებს, მერე  მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო და მიჰყვა დინებას.

ბოლო ხანს ნატა ოსტატურად არიდებდა თავს სანდროს. ხან რას იმიზეზებდა, ხან - რას. სანდრო შეფიქრიანდა. გადაწყვიტა, ნატასთვის ჩუმად ეთვალთვალა და გაეგო, რას უმალავდა გოგო.

ერთ საღამოს, როცა კვლავ უარით გაისტუმრა ნატამ, სანდრო მისი ქუჩის კუთხეში მეგობრის მანქანით ჩასაფრდა...

ჯერ დათო მოვიდა მანქანით, ცოტა ხანში ნატა გამოვიდა, უცებ მიუჯდა გვერდით და მანქანაც დაიძრა. სანდრო თვალებს არ უჯერებდა... "საიდუმლო წყვილი"  წყნეთის გზას მიუყვებოდა. მიხვდა სანდრო, რომ დათოს ნატა თავის აგარკზე მიჰყავდა, ანუ იქ, სადაც ბიძაშვილებს ბავშვობა ჰქონდათ გატარებული...

დაუპატიჟებელი სტუმარი კარს რომ მიადგა, ორივე სახტად დარჩა. ნატამ ვერ გაუძლო სანდროს მზერას, გარეთ გავარდა  და ბიძაშვილები ერთმანეთს შეატოვა. დათომ თავის გამართლება სცადა, მაგრამ სიტყვებს ვერ მოუყარა თავი და მხოლოდ ეს თქვა, - ზოგჯერ ის ხდება, რაც საერთოდ ვერ წარმოგვიდგენიაო...

სანდრო მეხდარტყმულივით იდგა. ის საშინელება, რაც ეჭვად ჰქონდა, თავისი თვალით ნახა. დიდმა სიყვარულმა და საოცნებო გოგონამ უღალატა, რაღა იყო გასარკვევი ან საჩხუბარი? სანდროს ძმად მიაჩნდა დათო და ნატას გამოჩენის მერე, მათი ძმობა გაქრა...

იმ ღამით თბილისში დაბრუნებულმა სანდრომ მამის რევოლვერით მოიკლა თავი. ნათესაობა და ნაცნობ-მეგობრები შეძრა ამ უბედურებამ, თუმცა ამას მარტო უბედურება არ ერქვა, მეტი იყო - უმძიმესი და მიუტევებელი ცოდვა...

დათო გერმანიაში აღარ წასულა. უკვე მეოთხე წელია, ერთ-ერთ მონასტერშია...