"ეს ქალი ელამია" ანუ როგორ მოვიშოროთ აბეზარი თაყვანისმცემელი - კვირის პალიტრა

"ეს ქალი ელამია" ანუ როგორ მოვიშოროთ აბეზარი თაყვანისმცემელი

აბეზარი თაყვანისმცემლებისგან მოშორების ათასი ხერხი არსებობს... მაგრამ ერთ-ერთი - "ცოტა შექანებულად" თავის მოჩვენება ყველაზე ნაღდი ყოფილა...

ეს ამბავი ერთმა ჩემმა მეგობარმა მიამბო:

- შარშან ბინაში წამოწყებული რემონტის გამო მთელი ზაფხული თბილისში გავატარე, ჩემმა შვილებმა ჩემს დასა და დისშვილებთან ერთად ჯერ მთაში დაისვენეს, მერე - ზღვაზე. სექტემბერში რემონტი დავასრულეთ და რადგან მეუღლეს არ შეეძლო სამსახურიდან თავის დაძვრენა, ოჯახში მორიდებით ვითხოვე, - სამი დღით გამიშვით ჩემს საყვარელ დედულეთში, გურიაში-მეთქი. მაშინვე დამთანხმდნენ...

დიდ განცხრომაში ვიყავი ჩემს გურულებთან... ცხელ-ცხელი ხაჭაპურები, ადესა, იუმორი და კაი კრიმანჭული არ მომკლებია. მთელი წლის დაღლილობა სულ დამავიწყდა. ბიძა-ბიცოლა და ბიძაშვილები ბევრს მეხვეწნენ, - რაია, ცა, პაწა ხანს კიდევ იყავი, არ დეიქცევა თბილისი უშენოდო, მაგრამ ოჯახი მიხმობდა და გამოვწიე დედაქალაქისკენ.

რიკოთზე ჩვენმა ავტობუსმა ერთი საეჭვოდ ამოიხრიალა და გაჩერდა. მძღოლმა თავისებურად მოგვიბოდიშა:

- კაცებს არაფერი გიჭირთ, დეიკაპიწეთ ხელები და მომეხმარეთ, ქალებს კი ბოდიშს გიხდით დისკომფორტიზა... სულ რაღაც ორმოცდაათ მეტრშია კაფე, წაით იქ, დალიეთ კოფე და ჩვენც წამოგეწევით, მაინც ხომ უნდა წაგეხემსათო...

სულ არ მქონდა რიკოთის "ბისტრო-კაფეებში" ჭამის სურვილი, მაგრამ ყავაზე მართლა არ ვიტყოდი უარს, თან ძალიან მიყვარს გზაზე გამოფენილი თიხის ჯამ-ჭინჭილების დათვალიერება და ნელა გავუყევი გზას. ერთგან დიდხანს შევჩერდი და გვიან შევამჩნიე, რომ ერთი შავგრემანი აყლაყუდა კუდში დამყვებოდა, თან თვალს არ მაცილებდა. გამახსენდა ჩემი ქმრის ხუმრობა, - გამხდარი და კაფანდარა რომ ხარ, ყველას გასათხოვარი გოგო ჰგონიხარ და რაღა ვქნა, გურიაში არ მომტაცონ შენი თავიო... გულში გამეცინა, ჩემო კახა, გურიაში არა, მარა მგონი, გზიდან გტაცებენ ცოლს-მეთქი. რამდენი ჭინჭილა შევიძინე და იქაურობას გავეცალე. ის აყლაყუდაც გამომყვა. ყოველ შემთხვევისთვის ჩანთა საიმედოდ ამოვიჩარე იღლიაში. რა ვიცი, ეშმაკს არ სძინავს და სიფრთხილე გამოვიჩინე, მართალია, სულ რაღაც 30 ლარი მქონდა დარჩენილი, მაგრამ ახლა ჩემთვის ეს საჭირო და დიდი თანხა იყო. კაფეში შევედი, ერთი მყუდრო ადგილი ავარჩიე, მაგიდას მივუჯექი და ყავა მოვითხოვე. "ჩემი" აყლაყუდა ამჯერად ძმაკაცთან ერთად შემოვიდა. ვიცანი - თიხის ჭურჭლის გამყიდველი ბიჭი იყო. ჩემს მაგიდასთან მოსვლა ვერ გაბედეს და გვერდით ჩამოსხდნენ. მინდოდა მეთქვა, - მისამართი შეგეშალათ-მეთქი, მაგრამ აყლაყუდა არაფერს მეუბნებოდა და კაპარჩხანა ქალივით ხომ არ დავუწყებდი ჩხუბს?! რამდენიმე წუთში ყავა მომიტანეს. ყავას მალევე მოჰყვა "იდეალის" მსგავსი ნამცხვარი. მიმტანმა - ამგენმა მოგართვესო, ბიჭებზე მანიშნა. გავხედე. ღიმილით მიყურებდნენ. აყლაყუდას ძმაკაცმა - გენაცვალე, ყავა უნამცხვროდ რაფერ შეიძლებაო... ახლა კი მართლა გავბრაზდი. ნამცხვარი გვერდზე გავწიე - ვისაც ნამცხვრები უყვარს, იმან ჭამოს-მეთქი. ჩემი ნათქვამი აყლაყუდას გულშემატკივარმა უცებ გააპროტესტა:

- ჰოდა, რომ არ ჭამ, იმიზა ხარ გაჩხინკული... ა, ამას რომ უყურებ (დარცხვენილ აყლაყუდაზე მიმითითა), კარგს გაჭმევს, კარგს გასმევს და იქნებით ტკბილად და ბედნიერად... ჩვენ გურულები ვართ, დედის ძმა მყავს აქოური და ბიზნესში ვეხმარებით მეც და აგიც... იმფერი კაი სოფელი გვაქვს, წამოსვლა აღარ მოგინდება იქიდან, - ჩამაბარა ანგარიში.

ტუჩზე ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა. ამათ რომ გავუცინო, მეტიც არ უნდათ, - გავიფიქრე და ეშმაკუნები შემიჩნდნენ უცებ. გამახსენდა სტუდენტობისას როგორ ვცელქობდით ხოლმე გოგონები უნივერსიტეტის ეზოში. აყლაყუდას დავაშტერდი და თვალები დავაელმე. შევატყვე, ღიმილი როგორ შეეყინა სახეზე. ერთი გადახარხარება ყველაფერს მერჩივნა, მაგრამ "სცენას და ეპიზოდს" ვერ გავაფუჭებდი და განვაგრძე თამაში. სანამ ყავის სმას დავამთავრებდი, ორჯერ კიდევ გადავხედე უცებ გამიჯნურებულ ბიჭს და მივანათე მაყვალივით შავი "შაშუბეშა" თვალები. ბიჭი გაშტერდა. მის მეგობარს კი ხველა აუტყდა...

ამასობაში, მძღოლმაც შემოიხედა კაფეში და თავის მგზავრებს დიდი ხნის უნახავი ნათესავივით მოგვესიყვარულა: აგერ ვარ, ჩემო მურაბა ხალხო, ორ წუთში გავდივართ და ავტობუსში დროზე ამოდითო. ეტყობა, ჩემმა თაყვანისმცემელმა ვერ დაიჯერა ჩემი თვალების სიელმე და გადაწყვიტა, თბილისამდე გამომყოლოდა. მივიდა მძღოლთან, რაღაც წასჩურჩულა და ფულიც წინდაწინ მისცა. მე უკვე ჩემს ადგილას ვიყავი მოკალათებული, როცა აყლაყუდა ამოვიდა და ჩემგან მარჯვნივ, წინა სკამზე დაჯდა. შეგნებულად არ ვუყურებდი მას. ის კი, ისე მომშტერებოდა, თითქოს ნაჩხუბარი შეყვარებულები ვიყავით. ასე არ უნდა-მეთქი და ისევ დავაელმე თვალები, მერე კი ერთი ამოვიკივლე და სკამზე მივესვენე. ატყდა ყვირილი, - მგზავრია ცუდადო, გაჩერდა ავტობუსი, გააღეს ფანჯრები, დამასხეს წყალი, ვიღაცას ვალერიანის წვეთები აღმოაჩნდა, ისიც დამალევინეს. "გონს მოსულმა" თვალი რომ გავახილე, დავინახე, ცარცივით გადათეთრებული აყლაყუდა გაშეშებული იჯდა და შიშით უკან აღარ იყურებოდა. საგანგებოდ ხმამაღლა ვთქვი: - არა უშავს, ასე ხშირად მემართება და მიჩვეული ვარ-მეთქი. ხაშურამდე საერთოდ არ გატოკებულა "ჩემი" აყლაყუდა. სადგურს რომ მივუახლოვდით, განწირულად უყვირა მძღოლს: გამიჩერე, თუ ძმა ხარ, აქანე, აღარ მოვდივარ თბილისშიო და სწრაფად ჩავიდა ავტობუსიდან.

ალბათ, იქ მყოფთაგან ვერავინ მიხვდა აყლაყუდას "ზრახვებს" და შუა გზიდან მისი გაუჩინარების მიზეზს... მე კი კარგად ვიხალისე.