"იმედია, დედას მალე ვნახავ" - კვირის პალიტრა

"იმედია, დედას მალე ვნახავ"

სამი წლის წინ ჩემი ამბავი მოგწერეთ და გამომიქვეყნეთ კიდეც. ახლა 28 წლის ვარ. მყავს მეუღლე და ორი შვილი. გვიან გავიგე, რომ ნაშვილები ვიყავი. მადლობის მეტი რა მეთქმის გამზრდელი მშობლების მიმართ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ტყუილით ცხოვრება ძალიან ძნელია. ვეცადე, გამეგო ნამდვილი დედის ადგილსამყოფელი. ვერსად მივაკვლიე. სწორედ მაშინ გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა.

"კვირის პალიტრაში" ჩემი ამბის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი შემეხმიანა. ზოგი მამშვიდებდა, ზოგი რჩევას მაძლევდა, - დაივიწყე ის ქალი, რომელმაც მიგატოვაო... მე კი არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ დედამ სხვის ანაბარად დამტოვა და რაღაცის სანაცვლოდ ზურგი მაქცია...

მოგვიანებით (დაახლოებით 7 თვის შემდეგ) ერთი მამაკაცი დამიკავშირდა და მითხრა, - დედაშენს ვიცნობო. მან იგი თურქეთში გაიცნო თურმე, ერთად მუშაობდნენ სამკერვალოში. იმ ქალს ზუსტად ისეთი ამბავი მოუყოლია მისთვის, როგორიც მე ვიცოდი ჩემი გამზრდელისგან. მან ორი ფოტო მაჩვენა, სადაც იმ სამკერვალოს მუშები ერთად იყვნენ გადაღებული... საერთოდ არ მყავდა დედა ნანახი და როგორ ამოვიცნობდი, თუმცა რაღაც მსგავსება ჩემსა და იმ ქალს შორის მეც ვიპოვე და ჩემმა ქმარმაც. ისეთი აღელვებული ვიყავი, საქმეს გულს ვერ ვუდებდი. დღენიადაგ სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მომეძებნა თურქეთში დედა. აქ რა გამაჩერებდა, რომ მცოდნოდა, დედა ისევ იქ მუშაობდა, მაგრამ იმ კაცმა გვითხრა, რომ ის სამკერვალო მალევე დაიხურა და მუშებიც გაიფანტნენო.

მოსვენება დავკარგე. არ მინდოდა, რომ ჩემი დარდით ოჯახის წევრები შემეწუხებინა, ღამე ჩემს სატკივარს თავის ნებაზე მივუშვებდი ხოლმე... არ ვიცი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს გაშვილებაში რაღაც დიდი საიდუმლო იდო...

ზაზას, ჩემს ქმარს, ვეცოდებოდი და მპირდებოდა, - დედას მოგაძებნინებო. გავიდა დრო. იმედი გადამეწურა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ზაზამ მითხრა, რომ ჩემმა მეგობარმა დედაშენის ადგილსამყოფელს მიაკვლიაო... იგი ლაზი ბიზნესმენის ოჯახში მუშაობს თურმე. ჯერ ერთმანეთს არ შევხვედრივართ. ზაზამ უკვე ინახულა დედაჩემი. მას უთქვამს, - ძალა უნდა მოვიკრიბო შვილთან შესახვედრადო... ის სექტემბრის ბოლოს აპირებს ჩამოსვლას. ყოველ დღეს კალენდარზე ვნიშნავ. ასე მგონია, დრო ტაატით გადის... იმედია, დედა აქამდე გასაიდუმლოებულ ამბავს გამაგებინებს. ამ ყველაფრის თავიდათავი კი თქვენ ხართ, ჩემი საყვარელი გაზეთი, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი საწუხარი და წერილი გამომიქვეყნა...

ლია კაკაბაძე, თბილისი