მარტოობისთვის განწირული - კვირის პალიტრა

მარტოობისთვის განწირული

ის პატარაობიდანვე იყო მიჩვეული ყველას ყურადღებას. მის გამო ბევრჯერ უჩხუბიათ ბიჭებს და რომანტიკული სანახაობებიც მოუწყვიათ. გოგონას ეს სიამოვნებდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ მისი შესაფერისი არავინ იყო, რაც მთავარია, ლამის აკვნიდან ჩააგონეს, "ძალიან სახელოვანი ქალი" უნდა გამოხვიდეო.

სანდრო მოსწონდა, მაგრამ როცა გაიგო ბიჭის ნათქვამი, - თაკო ჩემი შეყვარებულია და არავინ გაეკაროსო, მასთან დაახლოება გადაწყვიტა, თუმცა პირობა ჩამოართვა, - აღარ თქვა ჩემზე,  რომ გიყვარვარ, მხოლოდ ვიმეგობროთო. სანდროს ისე უყვარდა, ულაპარაკოდ დაჰყაბულდა.

სკოლის დამთავრების შემდეგაც გაგრძელდა მათი ურთიერთობა და ეჭვიანად ალაპარაკდნენ... მართალია, თაკო თავგადაკლული მეცადინეობდა, მაგრამ დროდადრო სანდროსთან ერთად ხან კინოში მიდიოდა, ხან ქალაქგარეთ.

ერთხელ დედა გადაეკიდა თაკოს, - ხალხი ტყუილუბრალოდ არ ილაპარაკებს, გამოტყდი, რა ხდება თქვენ შორისო. გოგო ძალიან განერვიულდა, სულ ჭორიკანა უძახა "ხალხს", სანდროს კი აუკრძალა მასთან მისვლა.

ბიჭს ვერ გაეგო, რამ გააბრაზა თაკო, ან რატომ უკრძალავდა მასთან ურთიერთობას. გადაწყვიტა, მაინც ენახა. გოგომ  ცხვირი აუბზუა: ხომ გაგაფრთხილე, სიყვარულზე არ გელაპარაკა, შენ კი ფიცი გატეხე. აღარ ახსენო ჩემი სახელიო... სანდრო სახტად დარჩა. უჭირდა თაკოსთან დაშორება, მაგრამ იცოდა - რასაც იტყოდა, მოკვდებოდა და გააკეთებდა.

სანდროს უფროსი ძმა მოსკოვში ცხოვრობდა. ბიჭი რუსეთში წასვლაზე მხოლოდ თაკოს გამო ამბობდა უარს, ახლა სხვა რაღა დარჩენოდა - უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება და მოსკოვში გაემგზავრა. თაკომ მოგვიანებით გაიგო ეს. გული ჩაწყდა, მაგრამ მეგობრებთან კრინტი არ დაუძრავს...

გავიდა წლები. თაკო თაყვანისმცემლებს ახლოს არ იკარებდა, ერთს ისე უყვარდა, მისი მოტაცებაც უნდოდა, მაგრამ  ურჩიეს, ეგ ისეთი ჯიუტია, ცოლობაზე მაინც არ დაგთანხმდება და შეიძლება ციხეში ამოყო თავიო.

დროთა განმავლობაში შემოეცალნენ მთხოვნელები. მეგობრებს არ უტყდებოდა, - ყველას თავისი გზა და ბედი აქვს, ზოგი ოჯახისთვის არის დაბადებული, ზოგიც კარიერისთვისო. პროფესიით ბიოლოგი იყო, რამდენიმე ენა იცოდა, მისი კვლევები ფინანსდებოდა სხვადასხვა გრანტით, ხშირად დადიოდა უცხოეთში სიმპოზიუმებზე...

სინანული გვიან მოვიდა... სანდროზე ფიქრს კი მოუხშირა. დრომ ბევრი რამ გადააფასებინა.

აი, ამონარიდი თაკოს (აწ უკვე ქალბატონი თამარის ჩანაწერებიდან): "სულ მეგონა, რომ მარტოობაში რაღაც ხიბლი იყო, ამიტომაც ვისწრაფოდი დამოუკიდებლობისკენ. ვსწავლობდი, ვმუშაობდი...  დრო უცებ შემომადნა ხელში. ნატომ, რომელსაც ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავს, სცადა ვენუგეშებინე: - მშვენიერი ქალი ხარ, გული არ გაიტეხო, უცხოეთში შენს ასაკში ქმნიან ოჯახსო. გულიანად გამეცინა. ოჯახს კი არ ქმნიან, ოფიციალურად იჩენენ ცხოვრების მეგზურს, რათა სიბერეს ერთად შეხვდნენ და დაღმართი ხელიხელჩაკიდებულებმა ჩაიარონ. ოჯახი მაშინაა, როცა ბავშვების ჟრიამული ისმის, როცა ტკივილიცაა, სიხარულიც და ყველაფერ ამასთან გამკლავება... ახალგაზრდობაში ყველაფერი მაღიზიანებდა, რადგან სულ წიგნში მქონდა თავი ჩარგული, ახლა კი... ამას წინათ,  თანამშრომელმა  მკითხა:  - ძალიან ლამაზი გოგო იქნებოდი და მიკვირს, ვინ დაგტოვა გაუთხოვარიო. არც დავფიქრებულვარ, - ჩემმა თავმა-მეთქი.

ადრე არ ვტყდებოდი, თორემ ახლა ვაღიარებ, სანდრო ძალიან მიყვარდა. არადა, სიყვარულზე ფიქრისაც კი მრცხვენოდა. მშობლებმა მიმაჩვიეს იმას, რომ უმთავრესი სწავლა და კარიერა იყო, ნუთუ არ შეიძლებოდა, ეს ორი რამ სიყვარულის პარალელურად მეკეთებინა? რამდენს დავწყვიტე გული, მაგრამ მე სანდრო მიყვარდა მხოლოდ და დღემდე ის მენატრება. გავბედე და მეგობრებში მოვიკითხე. სამი შვილი ჰყოლია, რუსი მეუღლე, სამშენებლო ბიზნესი ჰქონია. გულწრფელად მიხარია მისი კარგად ყოფნა. გული კი იმაზე მწყდება, რომ შეიძლებოდა, ის სამი ჩვენი შვილი ყოფილიყო... ათი წლის წინ, როცა შვეიცარიაში მთავაზობდნენ სამუშაოს, ვერ დავტოვე ხანდაზმული მშობლები. ერთხელ დედას ვკითხე: - რას მერჩოდით, რატომ გამიმეტეთ მარტოობისთვის, რატომ გამზარდეთ ასეთი უკარება-მეთქი. დაიბნა, ცრემლები წამოუვიდა. ასაკთან ერთად დარდიც შემომეპარა. სულ ვფიქრობ, ნეტავ, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება 10 ან 15 წლის შემდეგ? ვის გავახსენდები? ნათესავებს? მეგობრებს? თანამშრომლებს? ყველას თავ-თავისი საწუხარი აქვს, შეიძლება თვეში ერთხელ ან ორჯერ მესტუმრონ რამდენიმე საათით, მაგრამ მერე ხომ ისევ მარტო დავრჩები? ჩემი ბიძაშვილის შვილმა, ახტაჯანა ეკამ შემომაპარა, - წამო, ცხოველთა საკვირაო ბაზრობაზე კარგ ლეკვს გაყიდვინებ და მარტო მაინც აღარ იქნებიო... ბავშვის აყვანა გადავწყვიტე, მაგრამ მითხრეს, - უკვე გვიანია, ადრე უნდა გეფიქრა ამაზეო...

რა ყოფილა სიბერე... რამდენ რამეზე ფიქრი მასწავლა...…ფიქრი და სინანული".