როგორ შერჩა სასიმამროს "თეთრხალათიანი პიჟონი" სასიძოდ - კვირის პალიტრა

როგორ შერჩა სასიმამროს "თეთრხალათიანი პიჟონი" სასიძოდ

გიო და ქეთი ბიძაშვილები და საუკეთესო მეგობრები არიან. გიო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, ქეთი - სამართალმცოდნეობაზე სწავლობს. მიუხედავად ამისა, სულ ერთად არიან, მეგობრებიც საერთო ჰყავთ. გიოს ქეთის თანაკურსელი მარი შეუყვარდა. მაგრამ ხომ იცით, სიყვარულს ხშირად ახლავს პატარ-პატარა პრობლემები. თუმცა, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია? გიოს "ეკალი" სასიმამრო აღმოჩნდა. ბატონი გურამი პროკურორი გახლავთ და მისთვის "მაგარი" კაცი (და ქალიც!) მხოლოდ იურისტია. ვაჟი არ ჰყავს, სამაგიეროდ, სამივე ქალიშვილი თავის გზაზე დააყენა. უფროსებმა ბედი იურისტებს დაუკავშირეს და ამით ბატონი გურამი უზომოდ ამაყობს. ნაბოლარა მარი მამამ ისე, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც დამოძღვრა: აბა, შენ იცი, იმედია, ჩვენი ოჯახის ტრადიციას არ უღალატებ, კარგადაც ისწავლი და მერე შენი დებივით შენი სპეციალობის საქმროსაც ამოარჩევო...

მარიმ სწავლასთან დაკავშირებული პირობა პირნათლად შეასრულა, მაგრამ გიო რომ შეუყვარდა, მეორე დანაპირები აღარც გახსენებია. ბატონი გურამის ახირება რომ გაიგო, გიო გაოცდა - სასიმამრო ექიმ სასიძოს სწუნობდეს, პირველად მესმისო...

ამ ქვეყნად რა დამალულა - ბატონმა გურამმაც შეიტყო, რომ მის ქალიშვილს  მომავალი ექიმი უყვარდა და გადაირია- ჭკვიანი გოგო მეგონე, შენ კი წამლების სუნით გაჟღენთილი თეთრხალათიანი პიჟონი რამ მოგაწონაო...

რახან სიტუაცია დაიძაბა, ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რაღაც ეღონათ. ზოგმა გაპარვა ურჩია, - შვილი ვის დაუკარგავს მაგის გამო, გავა დრო და შეგირიგდებათო, ზოგმა - თავი ისე მოაჩვენეთ, ვითომ მართლა დაშორდითო... ბოლოს, მაკვარანცხი ქეთის იდეამ გაიმარჯვა

- მარის უნდა გაერისკა და მამისთვის ძლიერი საფაღარათო საშუალება გაერია საჭმელში. ოჯახს მოწამლული ეგონებოდა და სასწრაფო დახმარებას გამოიძახებდნენ, ექიმი კი "წამლის სუნით გაჟღენთილი თეთრხალათიანი პიჟონი" გიო იქნებოდა. "სიკვდილს გადარჩენილი" პროკურორი აუცილებლად დაუფასებდა სასიძოს ამ სიკეთეს.

გურამმა ნავახშმევს ცოტა ხანს გაზეთები იკითხა, მერე კი დასაძინებლად წავიდა. შუაღამისას მუცლის გვრემამ გააღვიძა... ხან ბორჯომი დალია, ხან ყავა. მთელი ღამე წინ და უკან დადიოდა. რიჟრაჟზე ტკივილმა ცოტათი უკლო. სამსახურში მაინც წავიდა. ცოტა ხანში ისევ შეუძლოდ გახდა და ცოლს დაურეკა, - ცუდად ვარო.  ქალმა ქმარს უთხრა, - ალბათ  მოიწამლე, შინ წამოდი, სასწრაფოს გამოვუძახებო. გურამიც შინ მივიდა თუ არა,  დადარაჯებული მარიც ტელეფონს ეცა და "სასწრაფო" გამოიძახა. გიო და მისი "ბრიგადა" ხუთ წუთში პაციენტთან გაჩნდნენ. მარის მშობლები სასიძოს სახეზე არ იცნობდნენ, დაკვირვებულმა, ყურადღებიანმა და მცოდნე ახალგაზრდა ექიმმა ორივე მოხიბლა. ექიმმა  წვეთოვანიც დაუდგა პაციენტს და სანამ სითხე არ ჩამოიცალა, გვერდიდან არ მოსცილებია. ორი საათის შემდეგ ახალგაზრდა ექიმს მადლიერმა პროკურორმა უთხრა, - დღეიდან უფროს მეგობრად მიგულე, სტუმრად ხშირად მოდი, ყურადღებიანი სპეციალისტები სანთლით არიან საძებარიო.

აბა, ამ თხოვნაზე როგორ ეტყოდა უარს და ოჯახში სიარულს მოუხშირა ბოლოს ისე გათამამდა რომ  ქალიშვილის ხელიც სთხოვა...

ყველას გასაკვირად, ბატონი გურამი სიამოვნებით დათანხმდა...