"მე შევძელი და მარტოობას ვძლიე"
ვინც არ იცის, რა არის მარტოობა, ის ვერც ჩასწვდება წინა ნომერში გამოქვეყნებული ამბის მთავარი გმირის დარდსა და წუხილს. თქვენი რესპონდენტი თაკო გულახდილად ჰყვება, თუ რამ შეუწყო ხელი მის მარტოობას. მეც დაახლოებით მის დღეში ვიყავი 45 წლამდე, მაგრამ როცა მივხვდი, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა.

თაკო საყვარელ საქმეს აკეთებს, მაგრამ ბოლოს მაინც პირისპირ დარჩა იმასთან, რისიც ასე ძალიან ეშინია. აკი ამბობს, რომ მის მეგობრებს უკვე შვილები და
შვილიშვილებიც ჰყავს, ის კი ისევ თავის სამეცნიერო ნაშრომებს ჩაჰკირკიტებს. გულწრფელად ვურჩევ, გააკეთოს ის, რაც თავად გავაკეთე, ჩემი ახალი საქმიანობით ცხოვრებაც გავიხალისე და სხვებსაც სიხარულს ვანიჭებ.

პროფესიით ბუღალტერი გახლავართ. სანამ დრო იყო, გათხოვებაზე არ ვფიქრობდი, სულ მეგონა, რომ მშობლები მეყოლებოდა და მუდამ უზრუნველად ვიქნებოდი, მაგრამ გავიდა
წლები, მშობლები გარდაიცვალნენ, ბედნიერი ყმაწვილქალობაც გაქრა. ერთბაშად მოვტყდი და დავბერდი... მაგიჟებდა ოთხი კედელი და საშინელი სიჩუმე.
ამ 8 წლის წინ კი მოვიფიქრე: ჩემს მეგობარს ორსართულიანი სახლი აქვს და პირველ სართულზე საბავშვო ბაღის გაკეთება შევთავაზე. საქმეს შევუდექით. კიდევ ორი მეგობარი შემოგვიერთდა.  7 ბავშვით დავიწყეთ და ახლა უკვე 25 გვყავს. ბავშვებთან მუშაობა დიდი ბედნიერებაა.  ისე ღამდება, ვერც კი ვგრძნობ. ესაა საქმე, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ და სიცოცხლე მიხარია...

ამ ორი წლის წინ კი  მეგობრის აგარაკზე "ხანდაზმულთა სანატორიუმი" მოვაწყვეთ. ახლა მეგობრების ჯგუფი ორ დიდ საქმეს ვუძღვებით, პატარების მშობლებიც კმაყოფილნი არიან და მოხუცებულთა ახლობლებიც. მერწმუნეთ, მადლიანი საქმე ყველა სადარდელს დაგავიწყებთ.

პატივისცემით,
მერიკო სხირტლაძე
maia
04 ოქტომბერი 2012 15:53
ჯერ 40 წლის ვარ მაგრამ,ვფიქრობ მეც იგივეს გავაკეტებ,როცა ასაკი მომეცემა და ამიტ ბევრ კეტილ საქმეს გავაკეტებ.მომწონს სჰენი გადაწყვეტილება...










თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები