"ცოლ-შვილი ვარჩიე და საყვარელი ქალი დარდისთვის გავწირე"
"ცოლ-შვილი ვარჩიე და საყვარელი ქალი დარდისთვის გავწირე"
"სიყრმის მეგობარმა გამომაფხიზლა: გონს მოდი, სიყვარულით შექმნილ ოჯახს ნუ დაანგრევ, ნანა არაა მოტყუების ღირსიო"

დათო რედაქციაში მოიყვანა გულახდილი საუბრის სურვილმა და სინანულმა, რომელიც ბოლო ხანს არ ასვენებს.
- ექვსი წელი მიყვარდა ქალი, რომელთანაც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. მეც ოჯახი მაქვს და მასაც, მაგრამ სიყვარული არავის არაფერს ეკითხება. სიყრმის მეგობარმა გამომაფხიზლა: გონს მოდი, სიყვარულით შექმნილ ოჯახს ნუ დაანგრევ, ნანა არაა მოტყუების ღირსიო. დავუჯერე, თავს მოვერიე და საყვარელ ქალს დავშორდი, - მიამბობს
დათო. ღელავს, ვგრძნობ, ძალიან უნდა გამიზიაროს სინანულიც და გულისნადებიც...

- სკოლაში ჩემზე ერთი წლით უმცროსი გოგო მიყვარდა. უმაღლეს სასწავლებელში რომ ჩავირიცხე, ცხადია, სოფლიდან თბილისში წამოვედი და გამიჭირდა უმისობა. მეგობარს შევჩივლე, - მეშინია, ვინმემ არ მოიტაცოს-მეთქი. მირჩია, ადექი და ცოლად შეირთე, ხომ იცი, რომ მშობლებიც ხელს
შეგიწყობენო.  ჩავედი სოფელში და ნანას ცოლობა ვთხოვე. დამთანხმდა. იმავე დღეს მშობლებთან ერთად მივედი მის ოჯახში და დავნიშნე. ორ კვირაში ქორწილი გადაგვიხადეს.

მეოთხე კურსზე ვიყავი,  ბიჭი რომ შეგვეძინა, მერე - გოგონა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სოფელში დავბრუნდი, კარგი სამსახური ვიშოვე, მანქანა ვიყიდე და დავიწყეთ ტკბილი ცხოვრება. ათი წელი ყველაფერი კარგად იყო. ნანა შინ ტრიალებდა, მშობლები გვეხმარებოდნენ, მეურნეობა კარგად გვქონდა აწყობილი.
ერთხელ, საახალწლოდ ხელმძღვანელობამ დიდი სუფრა გაშალა,  ყველა  თანამშრომელი მიგვიწვიეს. იქ შევხვდი თეას და გავშეშდი. მეგობარმა სიცილით მუჯლუგუნი გამკრა, - ხომ არ შემოგილაწუნოო... ვინაა-მეთქი. როგორ ვერ იცანი, მეექვსე კლასამდე ჩვენს სკოლაში სწავლობდა, მერე თბილისში გადავიდნენ. მეათე კლასში იყო, მეზობელი სოფლიდან ერთმა უსაქმურმა  გუჯამ რომ მოიტაცა, ქეიფისა და დროს ტარების მეტს არაფერს აკეთებს, ლამაზი ცოლი და შვილი კი ჰყავს და რა ენაღვლებაო. მაშინვე გამახსენდა  ციმციმა თვალებიანი გოგო.

მთელი საღამო თვალს ვერ ვაშორებდი. მერე ღვინომ ცოტა შემათამამა, თეასთან მივედი და ვკითხე, - ვერ მიცანი-მეთქი? კიო, - გამიღიმა და გულზე თითქოს თბილმა ტალღამ გადამიარა. იმ დღის მერე უმისოდ ვერ ვძლებდი. არ შემეძლო, თეას სამსახურთან არ გამევლო. თვალს მოვკრავდი და რაღაცნაირად დავმშვიდდებოდი ხოლმე... ერთხელაც, გავიგე, რომ თბილისში საკვალიფიკაციო კურსებზე აპირებდა წასვლას. მივედი და ვუთხარი, ხვალ მეც საქმე მაქვს დედაქალაქში და ბარემ ერთად წავიდეთ-მეთქი. უარი არ უთქვამს. თეა ერთი თვე უნდა დარჩენილიყო თბილისში. მე ამდენ ხანს ვერ გავჩერდებოდი, მაგრამ მისგან შორს ყოფნაც არ შემეძლო. მთელი კვირა დავატარებდი სახლიდან კურსებზე, ძალიან ბედნიერები ვიყავით, ხან სად დავდიოდით სასეირნოდ და ხან სად. ერთი კვირის შემდეგ სოფელში მომიწია დაბრუნებამ. ორ დღეში მოვაგვარე საქმეები და ისევ თბილისში გავქანდი. ერთი სული მქონდა, თეა მენახა და გულში ჩამეკრა. სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ იმაზე აღარ ვფიქრობდი, ამას რა მოჰყვებოდა. ჩვენი შეხვედრების ადგილი თბილისი იყო. მისთვის ხშირად ისეთი სიურპრიზი მომიწყვია, რომ რაიონში დიდხანს ულაპარაკიათ თეას "ინკოგნიტო" თაყვანისმცემელზე... თუმცა, მეგონა, რომ ინკოგნიტო ვიყავი, თორემ ხალხმა უკვე ყველაფერი იცოდა.

მისი სახლის კართან ღამითაც მიმიტანია ყვავილები. მის ქმარს კი მადლიერი პაციენტის მორთმეული ეგონა...
ერთხელ ჩემმა ცოლისძმამ მითხრა, - ბიჭო, რას მიჰქარავ, იცოდე, ჩემს დას გული არ ატკინოო. მეწყინა - ჩემი გამოზრდილი ღლაპი მემუქრებოდა და მივახალე: - დავიჯერო, როცა დაოჯახდები და ათასში ერთხელ ვინმესთან გაივლი, ცოლის ნათესაობას წინდაწინ შეუთანხმდები-მეთქი? ჩუმად მომისმინა და ესღა მითხრა, - რა ვიცი, ეს თუ დროებითია, კიდევ არა უშავსო... ამ სიტყვებმა ჩამაფიქრა. მართლაც დროებითი ხომ არ იყო ჩემი და თეას ურთიერთობა? არაერთხელ უთქვამს, - შენ რომ მიმატოვო, არ ვიცი, რა დამემართებაო... ასეა თუ ისე, ცხოვრების დინებას მივყვებოდი მანამ, სანამ ჩემმა ცოლმა რაღაც არ იეჭვა.

ერთხელ შინ ნასვამი დავბრუნდი. გვიანი იყო და მალევე ჩამეძინა. მეორე დილით ნანამ მობილური წინ დამიდო და მკითხა: - ვინაა ეს ქალი, ასე რომ ნერვიულობს შენზეო. თურმე თეას მოეწერა მესიჯები: გამაგებინე, როგორ მიხვედი შინ, რატომ ჯდები საჭესთან მთვრალიო და ასე შემდეგ... ნანა იმდენად გაბრაზებული არ იყო, რამდენადაც გაოცებული, - ჩემსავით ვინ გიფრთხილდებაო. რაღაც მივუკიბ-მოვუკიბე. იმ დღის შემდეგ ვატყობდი, რომ ნანა სულ თვალს მადევნებდა.

არ ვიცი, მან სთხოვა რამე ჩემს სიყრმის მეგობარს, თუ თავად ვაჟამ გადაწყვიტა ჩემთან დალაპარაკება... წამიყვანა თავისთან და მთელი ღამე მელაპარაკა: სანამ მეგონა, ეს ურთიერთობა დროებითია-მეთქი, ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ვატყობ, სერიოზულადაა საქმე. სიყვარულით შექმნილი ოჯახი რატომ უნდა დაანგრიო, გონს მოდი, თორემ მერე გვიანი იქნებაო...
ვაჟას სიტყვებმა გამომაფხიზლა. გადავწყვიტე, თეას დავშორებოდი. ვიცოდი, ვაჟკაცობა არ მეყოფოდა პირისპირ მეთქვა, გშორდებიო და ამიტომ მესიჯი მივწერე, მერე კი გულისფანცქალით დაველოდე, რას მომწერდა. ორი საათის შემდეგ მხოლოდ ერთი სიტყვა მივიღე მისგან - "კარგი!"

ძალიან გამიჭირდა თეას გარეშე. გამახსენდა მისი ადრინდელი ნათქვამი, - რომც დავშორდეთ, თუ ჩემი დახმარება დაგჭირდა, ყოველთვის შენ გვერდით მიგულეო. ერთ საღამოს მასთან დარეკვის საბაბი მომეცა... მეზობელთან ვქეიფობდით, რაღაც სამედიცინო ტერმინზე დავა ატყდა. ავდექი და თეას მესიჯი მივწერე, - რომელია სწორი-მეთქი. ახლა ვხვდები, სისულელე ჩავიდინე და კიდევ ერთხელ ვატკინე გული საყვარელ ადამიანს. არ მიპასუხა. გაბრაზებულმა დავურეკე, - გოგო, ესაა შენი პირობა? აკი, მეუბნებოდი, თუკი რაიმეში დაგჭირდე, შენ გვერდით მიგულეო? უსიტყვოდ გამითიშა მობილური.

მეორე დღეს, როცა გამოვფხიზლდი, მივხვდი - ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ საბოლოოდ დამევიწყებინა.
რაც მოხდა, ძალიან ვნანობ. კაცმა ოჯახზე წინ არავინ და არაფერი არ უნდა დააყენოს.

- და ეს ვინ მიგახვედრათ, თეამ თუ ოჯახის დანგრევის საშიშროებამ?
- ერთმაც და მეორემაც, თუმცა მე თეა ძალიან მიყვარდა...
- ახლა?
- ახლაც მიყვარს, მაგრამ ცოლ-შვილს ვერ ვანაცვალე ეს გრძნობა. საბოლოოდ ოჯახი ვარჩიე, თუმცა კი გამიჭირდა... ვწუხვარ, რომ გული ვატკინე ორ ძალიან ახლობელ ადამიანს - ჩემი შვილების დედას, რომელიც დღემდე ცდილობს, არაფერი შეიმჩნიოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველაფერიც იცის, და თეას... მას იმედი გაუცრუა ქმარმა, მერე მიატოვა კაცმა, რომელიც სამარადისო სიყვარულს ეფიცებოდა და დარდისთვის გაწირა...
ინგა
15 ივნისი 2021 09:40
ოჯახი რომ მიეტოვებინა მაინც ამ დღეში იქნებოდა ეს კაცი, ამიტომ არ უნდა აიხლართო ადამიანი ამ სასიყვარულო ურთიერთობებში.... თუ შექმნი ოჯახს ცოტა მეტი ვალდებულებითა და პასუხისმგებლობით მიუდგე რიგ საკითხებს
ნათია2
29 თებერვალი 2020 10:36
ნათია, მზამზარეული რეცეპტი არ არსებობს ცოლ_ქმრის ურთიერთობაში. ვიღაცამ აპატია ქმარს ღალატი, ვიღაცამ _ არა. რატომ გგონიათ, რომ ყველა თქვენსავით უნდა მოიქცეს? გიკარნახოთ მე ჩემი ცხოვრების წესი? შეძლებთ იმის გაკეთებას, რისი გაკეთებაც მე შევძელი ჩემი ახლობლებისთვის? ვერ შეძლებთ,ამიტომ სხვას თქვენს აზრს ნუ მოახვევთ თავზე.
29 თებერვალი 2020 09:42
ორივე უყვარს,მაგრამ ოჯახი არჩია...ბევრია მაგ დღეში კაცებიც და ქალებიც....ვინ როგორ წაიყვანს მის ცხოვრებას მის სიყვარულს მისი პირადი საქმეა....ოჯახი დანგრევა არ შეიძლება,შვილები თუ ყავთ მითუმეტეს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები