როცა არჩევანის გაკეთება გიჭირს - კვირის პალიტრა

როცა არჩევანის გაკეთება გიჭირს

როცა წერილი, "სიყვარული არავის არაფერს ეკითხება" წავიკითხე, თვალწინ დამიდგა ჩემი ახლობლის ამბავი. იგი დღეს 50 წელს არის გადაცილებული და ორი შვილიშვილი ჰყავს.

დედის გარდაცვალების შემდეგ მამიდამ გამზარდა. ჩემი მამიდაშვილის, სერგოს ცოლი, ლია, დასავით მიყვარდა. ადრე სერგოს ერთი გოგონა უყვარდა, რაღაცის გამო დაშორდნენ ერთმანეთს. მერე ნინო მალე გათხოვდა...

რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი მამიდაშვილის სანაქებო ოჯახს ნინოს სახით რამე დაემუქრებოდა...

როცა სერგოსა და ნინოს ურთიერთობის ამბავი გახმაურდა, ვთხოვე, მითხარი, რა ხდება-მეთქი. რა ვქნა, ნინოს გარეშე ვერ ვიცოცხლებ, მაგრამ ლიაც მიყვარს და მიჭირს მისი მიტოვება, არადა, არ ვიცი, როდემდე უნდა ვიცხოვრო ასეო... მერე ნინოს ამბავი მიამბო. თურმე მისი ქმარი უცხოეთში ბედის საძებნელად წასულა და დაკარგულა. სამ წელზე მეტი იყო, რაც ცოლ-შვილს აღარ ეხმიანებოდა. სერგო ნინოს მატერიალურადაც ეხმარებოდა... ხომ იცით, ასეთი რამ არ რჩება შეუმჩნეველი და ლიამაც გაიგო ყველაფერი.

არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, მეცოდებოდა სერგო, რადგან ვხედავდი, ძალიან იტანჯებოდა, არადა, მისი ოჯახი დასანგრევად მენანებოდა. მაინც ოჯახისკენ შემობრუნება და მისი შენარჩუნება ვურჩიე. სერგომ ნინო არჩია. ძალიან განიცადეს მამის წასვლა შვილებმა, უფროს გოგონას მისი სახელის ხსენებაც კი არ უნდოდა.

გავიდა ორი წელი და ლიას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა... სერგო ძალიან შეწუხდა, ვეღარ გაჩერდა ნინოსთან, ცოლს პატიება სთხოვა და ოჯახს დაუბრუნდა. ლია და სერგო ახლა ერთად არიან, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს მამიდაშვილს ამდენი წლის შემდეგაც უყვარს ნინო...

ქ.რ. თბილისი