"არც სიძეს ერიდებოდა, მეგონა ქალიშვილი პატრონს ჩავაბარე, არადა ისევ ჩემი სარჩენიაო" - კვირის პალიტრა

"არც სიძეს ერიდებოდა, მეგონა ქალიშვილი პატრონს ჩავაბარე, არადა ისევ ჩემი სარჩენიაო"

ბევრ დედას ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია სრულწლოვანი შვილის (მათ შორის დაოჯახებულის) უსიტყვო მორჩილება. 28 წლის ეკას  დედამ ჯერ ოჯახი დაუნგრია, ახლა კი, წუთითაც არ ადუნებს ყურადღებას, რათა ახალგაზრდა ქალი "ხელიდან არ წავიდეს".

ეკამ ნუკრი ნათესავის ქორწილში გაიცნო. ახალგაზრდებმა უცებ გამონახეს საერთო ენა... მერიმ რომ  დაინახა, ვიღაც ბიჭი მის ქალიშვილს წინ დასკუპებოდა და რაღაცას ხალისიანად უყვებოდა, ელდა ეცა. ეკაც და დანარჩენი გოგონებიც გულიანად იცინოდნენ... მერი ახალგაზრდებს თავს დააცხრა და ეკა ლამის თმით ითრია - ქორწილში ბიჭებთან საღლაბუცოდ წამოხვედიო?!

ასეთ დღეში ეკა არაერთხელ ჩავარდნილა,  ხშირად სტუმრად წასვლას შინ დარჩენას ამჯობინებდა.

ერთხელ ეკამ მეგობრებთან ერთად პარკში გაისეირნა. სულ რაღაც ერთი საათი დააგვიანდა.  მერი ქალიშვილს სწორედ იმ დროს დაადგა, როცა მეგობრებს ემშვიდობებოდა  და გაცეცხლებული შვილს  თმაში სწვდა... ეკას სირცხვილით კოლეჯში მისვლა კი არა, სიცოცხლე აღარ უნდოდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დედამ ულამაზესი კაბა უყიდა და შემოირიგა...

ნუკრის გულში ჩაუვარდა ეკა და მის მოკითხვას მოუხშირა. გოგონამ რამდენჯერმე მოახერხა პაემანზე წასვლა, ბოლოს კი უთხრა, -  თუ სერიოზულად ფიქრობ ჩემზე, შენს მშობლებს უთხარი და ჩვენთან მოდით, დედაჩემი ოფიციალურად ხელის თხოვნაზე უარს არ იტყვისო.…ეკას იმდენად უნდოდა "აქტიური" დედისგან თავის დაღწევა, რომ ოჯახის შექმნაზე თავად ჩამოუგდო ბიჭს ლაპარაკი.

ნიშნობას  ქორწილი მოჰყვა. რამდენიმე თვის შემდეგ მერიმ ვერ აიტანა ქალიშვილის სიშორე და უთხრა, -  ამხელა სახლ-კარი გვაქვს, გლდანის ბოლოში ცხოვრებას სჯობს,  ჩვენთან გადმოდი, ბავშვი რომ გაგიჩნდება, მაინც ხომ აქ უნდა იყოთო... ეკაც  დასთანხმდა.

პირველი გოგონა შეეძინათ. მერი ბავშვის მოვლაში კი არა, ცოლ-ქმრის პირად საკითხებშიც კი ერეოდა. როცა ეკა მეორედ დაფეხმძიმდა, მერიმ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, - რა დროს მეორეა, ჯერ ეს გავზარდოთო. ეკამ მაინც რომ დაიჟინა, ბავშვს არ მოვიცილებო, სიდედრმა სიძეს თითი წინ დაუტრიალა: შენიანები ამ ბავშვის გაზრდაში საერთოდ არ მონაწილეობდნენ, ამიტომ გვადროვე, ჯერ ეს გავზარდოთო. გადაირია ბიჭი, ცოლს უთხრა, - ზედმეტი მოსდის დედაშენს, თუ ახლავე არ წამოხვალ ჩემთან, მე აქ მომსვლელი აღარ ვარო. ეკა მაშინვე უკან გაჰყვა ქმარს. მეორე ბავშვიც გაჩნდა...

ერთ წვიმიან დღეს ნუკრი მანქანით ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. კაცი სიკვდილს კი გადარჩა, მაგრამ ძვირად ღირებული ოპერაცია დასჭირდა. ოჯახს ძალიან გაუჭირდა და ეკა იძულებული გახდა, ისევ მშობლებთან გადასულიყო. მერი ამრეზილი იყო სიძეზე. ეკას ეჩხუბებოდა, - ეს რა დღეში ჩაგაგდო თავისი დაუდევრობით შენმა ბედოვლათმა ქმარმაო, არც ნუკრის ერიდებოდა, - ჩემს შვილს არაფერს ვაკლებდი, მეგონა, პატრონს ჩავაბარე, არადა ისევ ჩემი სარჩენიაო.

ეკას არ სიამოვნებდა დედის გაუთავებელი ჩხუბი, მაგრამ მერის გარეშე შვილებს ვერ შეინახავდა და ითმენდა. ამასობაში ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა - შორი-შორს ყოფნამ და მოუგვარებელმა პრობლემებმა სიყვარული გაანელა. ეკამ გვიან გაიგო, რომ ნუკრის საყვარელი ჰყავდა. გულნატკენი მიხვდა, რომ აღარ ღირდა ნერვების აყოლა, ნუკრის მაინც ვეღარ დაიბრუნებდა და განქორწინებაზე განცხადება შეიტანა.

მერი ახლა აქტიური ბებიაა. მის უნებართვოდ ჩიტი ვერ გადაიფრენს მათი ეზოს თავზე, საოჯახო საქმეში და ბავშვების აღზრდაშიც სეფესიტყვა მას ეთქმის.  ეკა მარტოა და პირადულზე ფიქრსაც კი უკრძალავს დედა - ერთხელ ხომ მუქთახორას გაჰყევი ცოლად, მეორედ აღარც იფიქრო გათხოვებაზე, შვილებს მიხედეო, - მკაცრად აფრთხილებს ახალგაზრდა მარტოხელა დედას და ეკასაც სხვა გზა არა აქვს,  ემორჩილება...