სიდედრი "ფოსტალა" - კვირის პალიტრა

სიდედრი "ფოსტალა"

სოსოს კლასში, რომელსაც მასწავლებლები "ჯუნგლებს" ეძახდნენ, 18 ბიჭი იყო, თვრამეტივე ამკლები. მასწავლებლები სულ ემუქრებოდნენ  - თუ არ დაჭკვიანდებით, კლასს დავშლითო, მაგრამ არც ბიჭები დაჭკვიანებულან და არც კლასი დაშლილა - დირექტორი, ბატონი გოგი, მფარველობდა ბიჭებს, რადგან მისი თაოსნობით დაარსდა ექსპერიმენტული ჯგუფი, სადაც პირველი კლასიდან მეათის ჩათვლით განსხვავებული მეთოდით ასწავლიდნენ.

მეხუთე კლასში ბოტანიკის შესწავლა დაიწყეს. მასწავლებელს მთელი სკოლა ფოსტალას ეძახდა, რადგან ქალბატონი მერის უსაყვარლესი თემა გახლდათ "წყალმცენარეები" - მას ქალამანას, ანუ ფოსტალაზე დაუსრულებლად შეეძლო  ლაპარაკი, ამიტომაც მუდმივად ჩასაფრებულმა მოსწავლეებმა ბოტანიკოს მერის ფოსტალა დაარქვეს.

ფოსტალას გაკვეთილზე მუდამ ყაყანი და გნიასი იყო, ზარის დარეკვის შემდეგ კი  "ნაომარი" და თმაგაწეწილი მერი-ფოსტალა დაღლილ-დაქანცული გამოდიოდა. სამასწავლებლოში შესული უმალ სავარძელში ჩაესვენებოდა და აღშფოთებული წამოიძახებდა, - ეს კლასი კი არა, ნამდვილი მგლების ხროვააო.

ასე იყო თუ ისე, ამკლებები მეათე კლასში გადავიდნენ და ცოტათი დასერიოზულდნენ. ფოსტალა უკვე აღარ ასწავლიდათ, მხოლოდ ხანდახან თუ მოჰკრავდნენ თვალს.

ბოტანიკის მასწავლებელი "ჯუნგლების" ყურადღების ცენტრში ხელმეორედ მაშინ მოექცა, როცა ქალმა მეცხრეკლასელი ქალიშვილი სხვა სკოლიდან თავის სკოლაში გადმოიყვანა. სოსოს დანახვისთანავე შეუყვარდა თამთა  და ერთბაშად შეიცვალა ფოსტალასადმი კლასის დამოკიდებულებაც.  ყველა ხვდებოდა ამ ცვლილების მიზეზს. მერი კი ასე არიგებდა შვილს: მთელმა სკოლამ იცის, რომ იმ გადარეულ სოსოს უყვარხარ. თავი არ გაუყადრო, თორემ გათამამდება და ჩემს სიძეობასაც მოინდომებს, ამას კი არ დავუშვებო...

სოსო საოცარი სითბოთი ექცეოდა გოგონას,  საჩუქრებითაც ანებივრებდა   და ცოტა ხანში თამთამაც დედის შეგონება დაივიწყა.

სკოლის დამამთავრებელ ბანკეტზე ბოტანიკის მასწავლებელიც მიიწვიეს, ოღონდ ქალიშვილის გარეშე... მეგობრებმა სოსო შეაგულიანეს, - ახლა თუ გაუმხელ გულისნადებს სასიდედროს და ქალიშვილის ხელს სთხოვ, თორემ მერე კარგა ხანს ვეღარაფერს ეტყვიო.

სოსომაც გასამხნევებლად ღვინო გადაკრა და მერი მასწავლებლისკენ გაემართა. მოკრძალებით თავი დაუკრა, ცალ მუხლზე დაიჩოქა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად  მიმართა:

- ქალბატონო ფოსტალა, თქვენი თამთა მიყვარს და მის ხელს გთხოვთ, ახლა თუ ნაადრევად მიიჩნევთ ჩვენს დაქორწინებას, მოგვიანებით მაინც დაგვრთეთ ამის ნება, მანამდე კი უფლება მოგვეცით, ხანდახან გავისეირნოთ.

ბოტანიკის მასწავლებელი ჯერ გაოგნდა, შემდეგ სიბრაზემ ლოყები შეუფაკლა, ყურში უხეშად მოხვდა "ფოსტალა" და "დაქორწინება", ბორჯომის წყლით სავსე ჭიქას დასტაცა ხელი და ყოფილ მოსწავლესა და პოტენციურ სასიძოს სახეში შეასხა, მერე კი ცივად  მიტრიალდა და ოთახი დატოვა.

სანამ თამთა სკოლას დაამთავრებდა, ძალიან ფრთხილობდნენ შეყვარებულები და  მალულად ხვდებოდნენ. მერე თამთამ სკოლა დაამთავრა და უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.

ოქტომბრის ერთ მშვენიერ საღამოს ბოტანიკოსის სახლის კარზე ზარის ხმა გაისმა. მერიმ კარი გააღო და თეთრ ქაღალდში გახვეული,  ბაფთებით შეკრული ყუთი დაინახა. "ალბათ, რომელიმე თაყვანისმცემელმა თამთას საჩუქარი მიართვა", - გაიფიქრა და ძღვენი შინ შეიტანა. თამთას დაბრუნებამდე რა მოათმენინებდა?!   საგულდაგულოდ შეფუთული საჩუქარი გახსნა და იქიდან რაღაცამ გამოყო თათი. ვაიმეო, - იკივლა და საჩუქარი ხელიდან გაუვარდა. სული რომ მოითქვა, ქაღალდების გროვას დააშტერდა, იქიდან კი არც მეტი, არც ნაკლები, კუ იმზირებოდა, რომელსაც ბაკანზე ფურცელი ჰქონდა დაკრული. ქალმა წერილი გახსნა და წაიკითხა: "დილიდან შენთან მოვდივარ სასიხარულო ცნობით და საღამოს ძლივს მოვაღწიე.  კუ ვარ და დაგვიანება მეპატიება. ახლა კი სჯობს, ქალიშვილს გაბედნიერება მიულოცო. იგი ცოლად შენს უსაყვარლეს მოსწავლეს გაჰყვა. გთხოვ არ შეიცხადო, თავდები მე ვარ, რომ შენი ამკლები სიძე ფოსტალას აღარასოდეს დაგიძახებს".

სხვა რა გზა ჰქონდა მერის? მეორე დღეს ახალგაზრდებს გაბედნიერება მიულოცა. შვილიშვილი რომ შეეძინა, მასწავლებლობას თავი დაანება. დღეს კი სანაქებო სიდედრი და ბებიაა.