ჩემი შაქარ-დედიკო - კვირის პალიტრა

ჩემი შაქარ-დედიკო

როცა თქვენს რუბრიკაში გამოქვეყნებული წერილი "სიდედრი "ფოსტალა" წავიკითხე, ძალიან ვიხალისე - ბევრი რამ მეცნო.

თელაველი კაცი ვარ, 35 წლის წინ დავამთავრე სკოლა. მეც ჩემი მასწავლებლის ქალიშვილი შემიყვარდა (დღეს ის ჩემი ცოლია), მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მე კი არ ვაწვალებდი სასიდედროს, ის მიშრობდა სისხლს.

კლარა მასწავლებელი რუსულს მასწავლიდა, რუსული კი არ მეხერხებოდა და რა მექნა? იცოდა, რომ მისი შვილი მომწონდა და ყოველდღე დაფასთან მიძახებდა. სხვა რომ არაფერი მესწავლა, რუსულს ვიზეპირებდი ხოლმე, მაგრამ გაკვეთილზე ისე ვიბნეოდი, რომ წინა ღამის დაზუთხული ერთიანად მავიწყდებოდა, ამიტომაც ჟურნალში ჩემი გვარის გასწვრივ სულ ლამაზ-ლამაზი ორიანები ეწერა.

ერთხელაც მამამ გაიგო ჩემი გაჭირვების ამბავი და მითხრა, - ბიჭო, ეს რა დღეში ყოფილხარ, ასე როდემდე უნდა იწვალო და იჯახირო, მოდი სხვა სკოლაში გადაგიყვან. უარი ვუთხარი, - ლალის უნახავად რა გამაძლებინებდა!

ასე ავიტანე ჩემი მკაცრი სასიდედრო მთელი ოთხი წელი (მეშვიდე კლასიდან მეათემდე მასწავლიდა). ლალის შევჩიოდი ხოლმე, - გოგო, რას მიწუნებს დედაშენი, რად ამითვალწუნა-მეთქი. ის კი იცინოდა, - რუსული რომ არ იცი, მაგიტომაც გწუნობსო.

სკოლა რომ დავამთავრეთ, იმ წელს ვერ ჩავირიცხე უმაღლესში და მალე ჯარმაც მომიწია. სხვა გზა არ მქონდა,  მასწავლებელთან მივედი და ვუთხარი, - კლარა მასწ., ჯარში მგზავნიან, იმედია, იქ მაინც ვისწავლი  რუსულს, მაგრამ პირობა მომეცი, რომ სხვას არ გაატან შენს გოგოს-მეთქი. კაკლის საბერტყი ჭოკით გამომიდგა, - ჩემმა თვალებმა არ დაგინახოსო... დამუქრება ასე არ უნდა-მეთქი, იმ ღამეს გარეთ გამოვიტყუე ლალი, ხელი ვტაცე და ჩემებს შინ მივუყვანე. ორ თვეში ჯარშიც წავედი. ორი წლის შემდეგ, როცა ჯარიდან დავბრუნდი, შვილი წლის და ათი თვის დამიხვდა, სიდედრი კი - მოთვინიერებული და დამტკბარი. ახლა რაღას მეტყვი, რუსულად სულ სხაპასხუპით ვლაპარაკობ-მეთქი, - ვუთხარი სიდედრს. გაიცინა და გულში ჩამიხუტა. იმ დღიდან კლარა მასწავლებელს შაქარ-დედიკოს ვეძახი...

ვანო ნაცვლიშვილი, თელავი