ეჭვიანობის ტრაგიკული დასასრული - კვირის პალიტრა

ეჭვიანობის ტრაგიკული დასასრული

ნათიას ახლობლები პატარაობიდან ხატულას ეძახდნენ. გაიზარდა და უფრო დამშვენდა. რომ გაივლიდა, მთელი ქუჩა მას მისჩერებოდა. ვინმემ არ მოგვტაცოსო, - შიშობდნენ მშობლები და ბავშვს ყურადღება რომ არ მოჰკლებოდა, დედამ სამსახურს თავი დაანება, ყველგან თან დაჰყვებოდა ქალიშვილს.

ნათქვამია, რისიც გეშინია, ის არ აგცდებაო... სკოლიდან დაბრუნებულ გოგონას დედამ სთხოვა, - ჩაირბინე მაღაზიაში და პური ამოიტანეო. უმცროსი ვაჟი, გოგიტა შინ არ იყო, თორემ ნათიას როგორ დაავალებდა რამეს... სადარბაზოდან გასულ გოგონას აივნიდან გადახედა, ბოლომდე თვალი აღარ მიადევნა, მაღაზია იქვე, კუთხეში იყო. ის იყო შებრუნდა, რომ  კივილი მოესმა. ნათიას ხმას მიამსგავსა და გულმა ავად შემოკვნესა. მაშინვე აივანზე გაჩნდა. თვალი ძლივს შეასწრო დაძრულ მანქანას.M ქვემოდან მეზობლის ქალმა დაუძახა, - ნათია მოიტაცესო...

მერე ის მოხდა, რაც ხშირად ხდება ხოლმე. 22 წლის ვახოს მშობლებმა პატიება ითხოვეს ვაჟის საქციელის გამო. რძალი საჩუქრებით აავსეს, მძახლებს კი დაჰპირდნენ, - ყველანაირად ხელს შევუწყობთ სწავლაშიო...

ნათიამ და ვახომ იქორწინეს, მერე ბიჭიც შეეძინათ. დედამთილ-მამამთილმა ხელი შეუწყვეს რძალს და ნათია უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იმ დროს ვახო უკვე გამომძიებლად მუშაობდა. ნათია დედობამ უფრო დაამშვენა. ვახოს კი ეჭვიანობა გულს უსერავდა. ზოგჯერ ცოლს მოულოდნელად დაადგებოდა თავს და ლექციიდან გამოიყვანდა, ხან უნივერსიტეტის ეზოში, ხეს ამოფარებული უთვალთვალებდა. ერთხელაც ცოლს გამოუცხადა: სჯობს, სწავლას თავი დაანებო და მეორე ბავშვზე იფიქროო. ნათიამ სასტიკი უარი სტკიცა. მერე ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა ძალიან რომ დაიძაბა, ვახოს მშობლები ჩაერივნენ და ვახომ უკან დაიხია. მაინც სულ გაფაციცებული იყო, წარამარა ამოწმებდა ცოლს. ნათია ძალიან რომ შეწუხდა, დედამთილს შესჩივლა, მაგრამ არაფერი გამოვიდა... ნერვიულობასა და ახსნა-განმარტებებში გავიდა სტუდენტობის წლები. ნათია კარგად მღეროდა, მაგრამ სიმღერას და სცენაზე დგომას ვინ ჩივის, ლექციაზეც მოუსვენრად იჯდა. დედამთილი რძალს ამშვიდებდა - დრო გადააჩვევს ეჭვიანობასო, მაგრამ ასე არ მოხდა. დედასაც შესჩივლა ნათიამ, - ჩემმა ქმარმა სიცოცხლე გამიმწარა  ეჭვიანობითო. შეწუხებულმა ანამ უთხრა: წამოდი ჩემთან, შენს ქმარს თუ უყვარხარ, გონს მოეგება,  სიცოცხლეს ხომ არ გაიმწარებო... ნათიამაც მოჰკიდა ხელი შვილს და მშობლებთან გადავიდა. კინაღამ გაგიჟდა ვახო. ჩხუბით რომ საქმეს გაართულებდა, მიხვდა, მთელი ღამე თეთრად გაათენა და მეორე დღეს დიდი ძღვენით დარცხვენილი მიადგა ცოლის მშობლების კარს. ნათია შეურიგდა...

გამოხდა ხანი და გოგონა შეეძინათ. ნათია ისე ჩაეფლო შვილების გაზრდაში, რომ სამსახური აღარც გახსენებია. როცა დემეტრე 6 წლის გახდა, საფეხბურთო სკოლაში შეიყვანეს. ნათიას მამამთილმა მანქანა უყიდა, - შენ უნდა ატარო ბავშვები და დაგჭირდებაო.

ერთ დღეს, როცა ნათიას შვილი ვარჯიშიდან მოჰყავდა, ქმარი წინ შეეფეთა, - კარგა ხანს გიყურებდით შენ და მწვრთნელს, ძველი მეგობრებივით ლაპარაკობდითო. ნათიაც არ შედრკა და ქმარს მიახალა: მარტო მე კი არა, ყველა მშობელს ასე ელაპარაკება და თუ იმდენი დრო გაქვს, რომ მითვალთვალო, ბავშვი შენ ატარე ფეხბურთზეო. კამათი ჩხუბში გადაიზარდა...

თანდათან გაღრმავდა ცოლ-ქმარს შორის ბზარი. მშობლებმა, ვისი შვილებიც ფეხბურთზე დადიოდნენ  გადაწყვიტეს ერთ-ერთის ოჯახში ექეიფათ. ნათიამ ქმარი გააფრთხილა ამ საღამის დაპატიჟებულები ვართ, უნდა წავიდეთო. მაგრამ ვახომ მოუცლელობა მოიმიზეზა და ქალიც მარტო წავიდა. ცოტა ხანს მოილხინა, მაგრამ გული ცუდს უგრძნობდა და ის იყო  წამოსვლას აპირებდა, რომ ვახომ  დაურეკა, - რას შვრებიო. ნათიამ უკვე წამოსვლას ვაპირებ, ნუღარ მომაკითხავო, აკანკალებული ხმით გასცა პასუხი ქმარს. ნათია უფრო იმიტომ ღელავდა, რომ სტუმრებს შორის ფეხბურთის მწვრთნელიც იყო,  ვახოს რომ ენახა, ამას აუცილებლად უსიამოვნება მოჰყვებოდა, ამიტომ აჩქარდა, მაგრამ სუფრიდან ადგომა ვერ მოასწრო, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. მასპინძლებმა შემოსწრებული სუფრასთან დასვეს. ქეიფი გაგრძელდა. ნათიას დანა კბილს არ უხსნიდა.  წამოდგა, წასვლა დააპირა.

შეზარხოშებულმა მწვრთნელმა გიტარა გადმოიღო, - ოღონდ ნუ წახვალთ და სიმღერას მოგიძღვნითო. ნათიამ მადლობა გადაუხადა და სუფრა დატოვა, ვახოც გამოჰყვა.  გარეთ გასვლა და ჩხუბის დაწყება ერთი იყო. დიდხანს იმართლა თავი ნათიამ, მაგრამ რაც უფრო ხშირად იმეორებდა, - არ ვიცოდი, იქ თუ დამხვდებოდაო, მით მეტად ბრაზდებოდა ვახო. როგორც იქნა, ნათიამ მოახერხა, მანქანაში ჩაჯდა და მაშინვე დაქოქა. რას ჰქვია, გამექეციო, - გადაირია კაცი. ჩაჯდა თავის მანქანაში და ცოლს დაედევნა. მტკვრის სანაპიროზე ნამდვილი რბოლა გააჩაღეს. ბოლოს, დაეწია, გვერდიდან დაეჯახა და ცოლის მანქანა ბზრიალ-ბზრიალით წავიდა მტკვრისკენ, ჯებირი გაარღვია და წყალში გადაეშვა. ვახო კი ხეს შეასკდა. გონს რომ მოვიდა, მიხვდა, რაც მოხდა. თავიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი, ძლივს გადმოვიდა მანქანიდან, მივიდა ჯებირთან, მაგრამ ვეღარც ცოლი დაინახა და ვეღარც მისი მანქანა...

ნათია მაშველებმა გამთენიისას იპოვეს.

ბევრი ვერ მიხვდებოდა ავტოავარიის მიზეზს, თავად ვახოს სასამართლოზე რომ არ მოეყოლა ყველაფერი. ის ახლაც სასჯელს იხდის... მისი ავადმყოფური ეჭვიანობის გამო კი ორ პატარას დედა აღარ ჰყავს...