შეყვარებული ბაბუა ალექსანდრე - კვირის პალიტრა

შეყვარებული ბაბუა ალექსანდრე

როდესაც იტყვიან ხოლმე, სიყვარულს ასაკი არ აქვსო, თიკას  ბაბუა მახსენდება - არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ბატონი ალექსანდრე შვილიშვილს და მის მეგობრებს ყოველთვის გვანებივრებდა.

გვიყვარდა მათთან სტუმრობა - ნაირ-ნაირ ნუგბართან ერთად საინტერესო ამბებსაც არ გვაკლებდა. ერთხელ, შინ მისულებს ნასვამი დაგვიხვდა და სიყვარულზე იმდენი გველაპარაკა, პირდაღებული მივჩერებოდით. მერე თიკამ სიცილით გვითხრა, - მგონი, ბაბუაჩემი შეყვარებულია და ეს ბებიამაც იცისო. მთლად პატარა ბიჭად გადაიქცა თმაშევერცხლილი აკადემიკოსი (მაშინ 65 წლის იყო), ხან სამიჯნურო ლექსებს ამბობდა, ხან ცნობილ შეყვარებულ წყვილს და მათ ცხოვრებას იხსენებდა, ფორტეპიანოზეც უკრავდა და რომანსებს გვიმღეროდა. ცნობისმოყვარეობამ გვძლია და თიკას ვთხოვეთ, - თუ იცნობ ალექსანდრე ბაბუას "გულის კოკორს", იქნებ შორიდან მაინც დაგვანახოო. უარი არ უთქვამს, - სამსახურში ვესტუმროთ და გაგაცნობთ, მისი ახალგაზრდა მდივანიაო. მეორე დღესვე მივედით. მისაღებ ოთახში გაზაფხულივით მშვენიერი, კოხტა გოგო დაგვხვდა. პირდაღებული მივჩერებოდით. სანამ ბატონი ალექსანდრე ჩვენთვის მოიცლიდა, ნათია (მდივანი) ყავით და შოკოლადით გაგვიმასპინძლდა. თითქმის ჩვენი ტოლი იყო, სამი წლის ბიჭი ჰყავდა, ქმარი ავტოავარიაში დაინვალიდებია. აკადემიკოსი ყველანაირად ხელს უწყობდა და ეხმარებოდა ახალგაზრდა დედას.

იმ დღეს ბატონმა ალექსანდრემ მცხეთაში დაგვპატიჟა. მშვენიერი დრო გავატარეთ. აკადემიკოსს მართლა არ ეტყობოდა ასაკი, აღტაცებული შეჰყურებდა ნათიას. ნათია ატყობდა, მისდამი რომ რაღაც "სხვა" გრძნობა ჰქონდა აკადემიკოსს, მაგრამ არ იმჩნევდა... მათი ურთიერთობა ბოლომდე ასე გაგრძელდა - "შორი ტრფობით".

ბატონი ალექსანდრეს დაბადების დღეს ახლა უმისოდ აღვნიშნეთ. საფლავზე მისულთ მუდამ გვხვდება ულამაზესი ვარდები - ცხადია, რომ ჩვენამდე მას ნათია "ულოცავს" დაბადების დღეს...

ქეთი არველაძე, თბილისი