ორი საბედისწერო კვირა - კვირის პალიტრა

ორი საბედისწერო კვირა

სოფო ამბობდა ხოლმე, საკუთარ ბედ-იღბალს კაცი თვითონ ჭედავსო, მაგრამ ახლა სჯერა, რომ ბედისწერა დაბადებიდანვე თან გვდევს, რომელსაც ვერსად გავექცევით...

26 წლის იყო, როცა გადაწყვიტა, კახის გაჰყოლოდა ცოლად. კახი გამორჩეული ბიჭი იყო, სიმპათიური, ნიჭიერი. სოფოც არ იყო ურიგო, მაგრამ იმ გოგონებთან შედარებით, რომლებიც კახის თავს დასტრიალებდნენ, უღიმღამო ჩანდა.

კახი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კარიერის შექმნაზე ისე გადაერთო, დაოჯახება კინაღამ დაავიწყდა...

სამსახურში ახალი თანამშრომელი მიიღეს. სოფოს დანახვა გულწრფელად გაუხარდა კახის. თუკი სტუდენტობაში ყურადღებას არ აქცევდა, ახლა გამოისყიდა "დანაშაული", ყველას გააგებინა, რომ სოფო ძალიან ნიჭიერი გოგო იყო და თან მისი თანაკურსელი. ორივე საერთო საქმემ დააახლოვა და მალე გრძნობაც გაჩნდა... ერთხელ სოფომ ჰკითხა, ამდენი ლამაზი გოგო გახვევია გარს და მე რატომ ამირჩიეო. კახიმ გულწრფელად უპასუხა, - კაცმა ცხოვრების მეგზურად ჭკვიანი და ერთგული ქალი უნდა შეარჩიოსო.

აგვისტოს მიწურულს, ქორწილამდე ორი კვირით ადრე, ბათუმში გადაწყვიტეს დასვენება, ნაქორწილევს კი ევროპაში იმოგზაურებდნენ. კახის სამსახურში გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა - ან ბათუმს შეელიე, ან ევროპასო. ბათუმის დათმობა ამჯობინა და სოფოს უთხრა, - შენს მეგობრებთან ერთად წადი და დაისვენეო, სოფომაც მეგობრებთან ერთად ბათუმისკენ გასწია. ბედნიერი იყო და კიდევ უფრო დიდი ბედნიერების მოლოდინში დღეებს ითვლიდა.

ერთხელ, ბულვარში მოსეირნე გოგონებს გარს ბოშები შემოეხვივნენ, - უნდა გიმკითხაოთო. კარგა ხანს ვერ მოიცილეს თავიდან. ბოლოს, სოფომ თქვა, - რას ვკარგავ, ჩემი ბედი გადაწყვეტილია და გავერთობით, ვნახოთ, რას მეტყვისო, - და მარცხენა ხელისგული ღიმილით გაუწოდა. ბოშა დაკვირვებით დააცქერდა და დაიწყო: - დიდი სიყვარული გაქვს გულში, ბედნიერი ხარ, მაგრამ ღალატი გაგანადგურებს. შენი რჩეული სხვასთან წავაო...

სიცილი წასკდა სოფოს, - რა სისულელეს მელაპარაკები, რამდენიმე დღეში  ჯვარს ვიწერთო... თვალი გაუსწორა ბოშამ,  მერე თავი გადააქნია. ფული არც გამოურთმევია, თავისიანებს ანიშნა და იქაურობას გაეცალა.

კახი საცოლეს შეუთანხმდა, - საქმეს რომ მოვრჩები, დაგირეკავ ხოლმეო. საქმეს კი ძალიან გვიან ამთავრებდა კახი, ღამის 11-12 სთ-ზე ურეკავდა სოფოს, ხანაც დილაადრიან. თუ არა და, სოფო თვითონ უკავშირდებოდა. მაგრამ ამჯერად სამი დღე ისე გავიდა, კახი ტელეფონს აღარ იღებდა, სოფო აფორიაქდა, მეგობრებს უთხრა, - თქვენ თუ გინდათ, დარჩით, მე კი უნდა წავიდე, ვაითუ, კახის რაიმე უჭირსო...

თბილისში ჩასვლისთანავე სამსახურში წავიდა, დარწმუნებული იყო, კახი იქ დახვდებოდა. უთხრეს, - რამდენიმე დღეა მორჩა საგამოძიებო საქმეს და დროულად მიდის შინო. შეფიქრიანებული კახისთან წავიდა; ზარი დარეკა ერთხელ, ორჯერ... ის-ის იყო, გამობრუნებას აპირებდა, რომ კარი გაიღო. ზღურბლზე ახალგაზრდა ქალი იდგა. სოფოს ელდა ეცა. დუმილი ისევ "მასპინძელმა" დაარღვია:

- თქვენ სოფო ხართ, არა?

სოფომ თავის დაქნევაღა შეძლო.

- ეკა, ვინ არის? - მოესმა სოფოს ნაცნობი ხმა.

- შენი ყოფილი საცოლე! - უპასუხა ქალმა და ოთახში შებრუნდა.

კახი გამოვიდა. ძალიან დაბნეული ჩანდა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა ეთქვა?

- სოფო, ეს ეკაა... ადრე გვიყვარდა ერთმანეთი, მერე ვიჩხუბეთ... ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მე და შენ დავქორწინდებოდით, მაგრამ... ეკა კვლავ გამოჩნდა...

სოფოს თვალთ დაუბნელდა... კარგა ხანს კედელს იყო მიყრდნობილი, იმაში დარწმუნებული, რომ ის გოგოც კარს იქით იდგა და მის წასვლას ელოდებოდა. მერე თავს ძალა დაატანა და უსიტყვოდ გამობრუნდა.

გამართლდა ბოშას ნამკითხავები.

სოფოს სჯერა, რომ ასე ეწერა, ბედისწერას კი ვერსად გაექცეოდა...