PRADA ოქროს დაფაზე - კვირის პალიტრა

PRADA ოქროს დაფაზე

ოთხი წლის შემდეგ მოდის სახლი "პრადა" დიდ წვეულებას მოაწყობს.

ეზოში შამპანურის შადრევნები იჩუხჩუხებს და კოსტიუმებში გამოწყობილი მთვრალი სტუმრები იცურავებენ აუზში. წვეულებაზე უამრავი ლამაზმანი იქნება, ბევრი ცნობილი ადამიანი - სუპერმოდელები და დიზაინერები, ძვირფას და ორიგინალურ სამოსში გამოწყობილი ქალები და მამაკაცები.

ოფიციანტები ბროლის ჭიქებს ააწკრიალებენ და ხანდახან, თუ რომელიმე სტუმარს მეტისმეტი გართობა მოეხასიათა, შეიძლება ჭურჭელი იატაკზეც მიმოიფანტოს ათას უწვრილეს ნამსხვრევად... ისე, სილამაზისთვის.

ტორტი უზარმაზარი იქნება და ძალიან ბევრი სანთელი ენთება. კიბეებზე ხალიჩები იქნება დაფენილი, არც წითელი, არც - ოქროსფერი, აუცილებლად ფერადი და, როგორც ტორტს, მასაც ერთადერთი წარწერა დაამშვენებს. ეს წარწერა იქნება დამსწრე საზოგადოების ყველა ტანსაცმლის მარკაზე, ასეთია ამ საღამოს წესი. წარწერა - PRADA. ოთხი წლის შემდეგ, მოდის სახლი "პრადა" ასი წლის იუბილეს იზეიმებს.

1913 წელი. იტალიელი მარიო პრადა გადაწყვეტს გარისკვას და მოდის სახლის დაარსებას.

მარიომ ვალის აღება გადაწყვიტა. გირაოდ საკუთარი სახლი ჩადო.

- გაგიჟდი ალბათ, - უჩიჩინებდნენ ახლობლები, - რომ გაკოტრდე, რა გეშველება?!

- არ გავკოტრდები, - პასუხობდა მარიო, - დიდ ბიზნესს შევქმნი.

ერთადერთი, ვისაც წარმატების სჯეროდა, მისი ცოლი იყო. როგორც იტალიელების უმეტესობა, მარიო კარგად ერკვეოდა ჩაცმის ხელოვნებაში...

Fratelli Prada ასე ჟღერდა კომპანიის თავდაპირველი სახელწოდება.

მარიოს მიაჩნდა, რომ ქალებს ბიზნესში არაფერი ესაქმებათ და მხოლოდ საქმის არევა შეუძლიათ, უფრო მეტიც, თავის კაბინეტში მათ საერთოდ არ უშვებდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ვაჟმა მამის ბიზნესისადმი არანაირი ინტერესი არ გამოავლინა. არ აინტერესებდა და მორჩა! სანამ კომპანიას გაყიდდა, "პრადას სახლი" მისივე ქალიშვილმა გადაარჩინა.

- მე ვუხელმძღვანელებ ყველაფერს! - თავდაჯერებულად განაცხადა ოჯახურ თათბირზე და ნათქვამი შეასრულა - კომპანიის ხელმძღვანელი გახდა. მალე, სამოცდაათიან წლებში, კომპანია მისმა გოგონამ, მიუჩამ ჩაიბარა.

მიუჩა პრადამ მოდის სახლი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდად აქცია.

ამ კომპანიის სახელი ძვირად ღირებულ ტანსაცმელთან, ფეხსაცმელთან, ჩანთებთან და სხვა აქსესუარებთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ სამოსსაც აწარმოებს, "პრადა" ძვირფასი მარკაა.

ორი ათას ცამეტ წელს ერთი საუკუნე გავა მას შემდეგ, რაც მარიო პრადამ პირველად შეაბიჯა მილანის ერთ-ერთ ქუჩაზე აშენებულ ერთ პატარა შენობაში, რომელსაც მას შემდეგ უცვლელად ამშვენებს ოქროსფერ დაფაზე ამოტვიფრული წარწერა - "პრადა".

(იბეჭდება შემოკლებით)