"დედას ვძულდი და ცხოვრებაც ჯოჯოხეთად მიქცია" - კვირის პალიტრა

"დედას ვძულდი და ცხოვრებაც ჯოჯოხეთად მიქცია"

"ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ დედას არ ვუყვარდი. არ ვიცი, იმიტომ ვძულდი, რომ უნარშეზღუდული ვარ, თუ იმიტომ, რომ იმ კაცის სახელის ხსენებაც კი ზარავდა, ვისგანაც შევეძინე", - მიყვება ნატა.

ნატა კარგა ხანია დედასთან აღარ ცხოვრობს.  მადლიანმა  ადამიანმა ხელი გაუმართა და ბინა დაუქირავა, მერე ახალგაზრდა ინვალიდი ქალის ამბავი ერთ ევროპელ კაცს (რომელიც ინვალიდებისთვის დასახმარებელ ჰუმანიტარულ ფონდს უდგას სათავეში) უამბო,  ისიც გვერდში ამოუდგა ნატას. - არ მეგონა, თუ ჩემს ცხოვრებაში ამდენი კეთილი ადამიანი გამოჩნდებოდა, ან კიდევ ოდესმე  თავს დავაღწევდი დედაჩემს. იყო დრო, გამუდმებით თავის მოკვლაზე ვფიქრობდი. ახლა აღმოვაჩინე, - დიდი ბედნიერება  ყოფილა, როცა გრძნობ, რომ გარიყული არ ხარ, არიან ადამიანები, რომელთაც უყვარხარ და შენზე ზრუნავენ. ჩემი ყველაზე დიდი სატკივარი მხოლოდ ის არის, რომ დედამ მარტოობისთვის გამწირა, ჩემ გვერდით იყო, მაგრამ ისე მექცეოდა, სიცოცხლე არ მინდოდა...

მამასგან ვიცი, რომ დედა გაურიგეს. გაცნობიდან ერთ თვეში დაქორწინებულან. დედა მომთხოვნი, პრეტენზიული ქალი იყო, მამა კი დამთმობი და კეთილი. მათი სახლიდან სულ ჩხუბის ხმა ისმოდა.

მამა რაიონიდან იყო. მექანიკურ ქარხანაში მუშაობდა. რომ დაოჯახდა, ეგონა, თბილ, მყუდრო კერას ეღირსებოდა, მაგრამ შეცდა. ცოლმა  თავბედი აწყევლინა. ჩემი გულისთვის მამა ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს, მაგრამ ბოლოს, დედაჩემის გაუთავებელ მოთხოვნებს და ჩხუბს ვეღარ გაუძლო და წავიდა. გამოხდა ხანი და მეორე ოჯახი შექმნა.

17 წლის შემდეგ, როცა მამასთან ურთიერთობა აღვადგინე, ბევრ რამეს აეხადა ფარდა. მამას დედა არ დაუდანაშაულებია, მაგრამ გუმანმა მიკარნახა, რომ ჩემი ინვალიდობა იმ დღიდან დაიწყო, როცა დედა მამას ჩემი მოკვლით დაემუქრა... იმ დღეს მამა გვიან დაბრუნებულა შინ, დედასთვის ხელფასი მიუცია და უთქვამს, - აქედან მხოლოდ ოცდახუთი მანეთი ავიღე და ბიჭებთან ერთად ცოტა დავლიეო.

ამაზე დედას ერთი ამბავი აუტეხავს, - სოფლელს გამოგყევი, ქალაქში ბინა გაღირსე, შენ კი ვინ იცის, სად დადიხარ და ხელფასსაც სრულად არ მაძლევო. მამას ხელში ავუყვანივარ (მაშინ 9 თვის ვიყავი), ჩემი მოფერება დაუწყია. ამაზე უფრო გაბრაზებულა დედა, - გველი თავის წიწილს ეფერება, მე კი თითქოს ძაღლი ვიყო, ყურადღებას არ მაქცევო... ხელიდან გამოუტაცივარ და მამას დამუქრებია, - ნაბიჯიც არ გადმოდგა,  თორემ ამ ბავშვს ფანჯრიდან გადავაგდებო. მამას უკან დაუხევია... მითხრა, - ისეთი სახე ჰქონდა, ამის გამკეთებელი იყოო. დედას ფანჯრიდან არა, მაგრამ იატაკზე კი დავუხეთქებივარ... ალბათ მაშინ დამიზიანდა  ხერხემალი, რამაც დროთა განმავლობაში ქვედა კიდურების დამბლა გამოიწვია.

ჩემი მშობლები ორი წლის მერე დაშორებიან ერთმანეთს.

სიარული არ შემეძლო. დედამ ექიმთან წასაყვანად თავი არ შეიწუხა. დეიდაჩემს შევცოდებივარ, იმას წავუყვანივარ ნევროპათოლოგთან, მაგრამ სანუგეშო რომ ვერაფერი უთქვამთ, მანაც ხელი ჩაიქნია.

დედა მუშაობდა. საწოლთან წყალს, ფაფას და პურს დამიტოვებდა და მთელი დღე ოთახში ჩაკეტილს მტოვებდა.

ძველთბილისურ სახლში ვცხოვრობდით. მეზობლებს საერთო ეზო და დერეფანი გვქონდა. ჩემი მარტოობის ნათელი წერტილი იყო, როცა ფანჯარასთან მეზობლის გოგო-ბიჭები მოგროვდებოდნენ და იქიდან მართობდნენ. ერთხელ დედამ შემოგვისწრო და ისინი ხომ გვარიანად გამოლანძღა, მეც მცემა. ამის შემდეგ, მეც და ბავშვებიც ვფრთხილობდით.

გადიოდა დრო და დედა უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა. ერთხელ ძალა მოვიკრიბე, გავბედე და ნათესავს ვთხოვე, წამიყვანე შენთან და ბავშვების მომზადების ფულს სულ შენ მოგცემ-მეთქი (ინგლისური თავად შევისწავლე და 20 წლისას უკვე შემეძლო ბავშვების მომზადება). ნათესავი ჯერ დაფიქრდა, შემდეგ კი უარი თქვა, - დედაშენი მომკლავსო...

მერე მამა გამოჩნდა, მაგრამ დედაჩემი ჩემთან არ უშვებდა. მამა იმ დროს მნახულობდა, როცა დედა შინ არ იყო. მან ჩემი და-ძმა გამაცნო - მოსიყვარულე ადამიანები აღმოჩნდნენ. ერთადერთი სიხარული მამაჩემის და და-ძმის სტუმრობა იყო. მეჯავრებოდა საღამო, როცა დედა უნდა დაბრუნებულიყო. ვინ მოთვლის, რამდენჯერ გავუმწარებივარ. თუ უგუნებოდ იყო, მაგიდის ელექტროლამპას გამომირთავდა, არადა, კითხვა სიგიჟემდე მიყვარდა... ხოლო თუ მოეგუნებებოდა, ყველის ან ძეხვის ბუტერბროდს გამიკეთებდა და ტელევიზორის ყურების უფლებას მომცემდა.

დედა სამი წლის წინ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ უფრო ხშირად ვფიქრობ მასზე. არ მესმის, როგორ შეიძლება ქალს საკუთარი პირმშო, როგორიც უნდა იყოს იგი - ჯანმრთელი თუ ავადმყოფი, ლამაზი თუ შეუხედავი, ეჯავრებოდეს და მის სიკვდილს ნატრობდეს.

ბევრჯერ ვიავადმყოფე, მაგრამ მაინც დავძლიე ავადმყოფობა. ინგლისურშიც ვამზადებ ბავშვებს და თექაზე მუშაობასაც ვასწავლი (რამდენიმე შეგირდი მყავს). მართალია, ინვალიდი ვარ, მაგრამ მაინც აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ, რადგან მიმაჩნია, რომ ცოცხალი ადამიანი "მკვდარს არ უნდა ემსგავსოს". მხოლოდ დედაჩემის ავქალობის მიზეზი ბოლომდე ვერ ამოვხსენი და ეს მტანჯავს.