მალამო, რომელიც ასე მჭირდება - კვირის პალიტრა

მალამო, რომელიც ასე მჭირდება

"როცა "პალიტრაში" დაბეჭდილ ამბებს ვეცნობი, მერე კი გამოხმაურებებს ვკითხულობ, გული სითბოთი მევსება. თურმე რამდენი გულისხმიერი ადამიანი არსებობს, რომელსაც, თავისი საწუხარის მიუხედავად, სხვისი ნუგეშისცემა, თანადგომა და გულშემატკივრობა შეუძლია. მეც გადავწყვიტე, გიამბოთ ჩემი უბედურება...

1992 წელს 13 წლის ვიყავი, როცა ფოთში კიტოვანისა და ქობალიას გვარდიები ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მთელი ქალაქი შიშმა დაზაფრა. ერთ ღამეს საშინელი სროლა ატყდა. ისმოდა ტყვიების ზუზუნი, აფეთქებების ხმა, ცა თითქოს იწვოდა. შიშით ხელ-ფეხი წამერთვა. მეორე დილით ჩემი ოჯახის წევრებმა რომ მნახეს, გულს შემოეყარათ... ექიმებმა ნერვული სტრესისგან მიღებული დამბლა დამიდგინეს. არც მანამდე ულხინდა ჩემს ოჯახს, მაგრამ საჭმელ-სასმელი მაინც არ გვაკლდა, რაც მთავარია, სიმშვიდე გვქონდა. ქვეყანა თავზე გვემხობოდა და ჩემი ავადმყოფობისთვის ვის ეცალა! მამა ნერვიულობამ გადაიყოლა. მისმა სიკვდილმა თავზარი დამცა, ცალკე ჩემი უსუსურობა მანადგურებდა... დრო გავიდა, მე კი სამუდამო ინვალიდად დავრჩი, გადაადგილება მიჭირს. ყველაზე მეტად სასოწარკვეთილება მაშინ ვიგრძენი, როცა მითხრეს, ამ სენის განკურნება იოლად შეიძლებოდა ქირურგიული ჩარევითო. მე კი, გაჭირვებულს, უმამოს და ბედს მინდობილს, სად მქონდა ოპერაციის ფული? დღეს მხოლოდ სხვების ცხოვრებით ვცხოვრობ, არაფერი აღარ გამაჩნია სევდის, ტკივილისა და ტანჯვის გარდა, ახალგაზრდა მოხუცად ვიქეცი, თვითმკვლელობაც კი ვცადე. ვერავის ვუზიარებ ჩემს დარდს, ვერც ვესაუბრები და ვარ ასე მარტოსული, უიმედო და სულიერად განადგურებული. თქვენთვის წერილის მოწერა კი თქვენი რესპონდენტების სიმრავლემ გადამაწყვეტინა. იქნებ მეც გამომეხმაურონ, სანუგეშო სიტყვა არ დაიშურონ და რამე მირჩიონ. თანადგომა ხომ სულის მალამოა ჩემნაირისთვის...

შორენა მშვენიერაძე, ქ. ფოთი"