ჩემი წუნია მეგობარი - კვირის პალიტრა

ჩემი წუნია მეგობარი

დიანას უამრავი თაყვანისმცემელი ეხვია თავს, ის კი ყველას იწუნებდა, ამიტომაც წუნია დავარქვით. მისი ყველა მეგობარი დავქმარშვილდით, ჩვენი დიანა კი ისევ ცხვირს უბზუებდა კაცებს, არადა, უკვე 37 წლის გახლდათ. რამდენი არ ვეჩიჩინეთ, თქვენც არ მომიკვდეთ, ყური არ გვათხოვა არავის, თავისი გადაწყვეტილებით კი ყველას ცივი წყალი გადაგვასხა - წელიწადია, რაც იტალიურს ვსწავლობ, საზღვარგარეთ მივდივარ სამუშაოდ, რა დროს გათხოვებააო.

დიანა სიგიჟემდე უყვარდა ჩვენს  სკოლელ ზაზას. 20 წლისამ წუნია დიანას მოტაცება სცადა, მაგრამ გოგო გადაირია და ზაზამაც უკან დააბრუნა, მოგვიანებით ძმაკაცებს გამოუტყდა: ძალა ვერ დავატანე, შემეშინდა, მთლად არ შევძულებოდიო... იმის მერე დიდი დრო გავიდა.

მოკლედ, დიანა დიდის ამბით გავაცილეთ იტალიაში. გაუმართლა და მალევე დაიწყო მუშაობა. გავიდა ნახევარი წელიწადი და ერთ მშვენიერ დღეს  დიანამ დამირეკა, - დაჯექი და ისე მომისმინეო. მეც დავჯექი, ის კი აგრძელებს: თურმე რაც შუბლზე გაწერია, იმას ვერ ასცდებიო. რას ვიფიქრებდი, იტალიაში თუ ზაზას გადავეყრებოდი და რომ არ მოველოდი, ისეთი სიყვარული დამეტაკაო...

რაღა ბევრი გავაგრძელო - დიანა და ზაზა იქ დაქორწინდნენ. საახალწლოდ კი ჯვრის დასაწერად საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ.

ნინო კუნჭულია