"ქალს ამბავი მიუტანეს, ბარის მეპატრონე და შენი ქმარი საყვარლები არიანო"
"ქალს ამბავი მიუტანეს, ბარის მეპატრონე და შენი ქმარი საყვარლები არიანო"
კახა დასავლეთ საქართველოს ერთ ლამაზ სოფელში დაიბადა. ოჯახის მეშვიდე შვილი იყო, ორი ძმა და ოთხი და ჰყავდა. 90-იანი წლების შემდეგ, როცა ყველას ძალიან გაუჭირდა, 16 წლისამ გადაწყვიტა, თავისთვის ეშველა და სოფლიდან რამენაირად თავი დაეღწია, ამისათვის კი, როგორც თავად თქვა, ერთადერთი გზა ქალაქელი გოგოს შერთვა იყო. მშობლებმა, რომ იტყვიან, უკანასკნელი პერანგი გაყიდეს და ბიჭი თბილისში გაუშვეს. კახა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა.

ბიჭი მეცადინეობით თავს არ იკლავდა, სამაგიეროდ, გაფაციცებული ეძებდა საცოლედ თბილისელ
დედისერთა, ბინიან გოგონას. ერთი გოგო ძალიან მოსწონდა, მაგრამ როგორც კი გაიგო, ორი უფროსი ძმა ჰყავდა, მაშინვე დაივიწყა...

ერთ მშვენიერ დღეს თანაკურსელის
დაბადების დღეზე  უცნობ გოგონას დაადგა თვალი. ყველაფერი წვრილად გამოიკითხა მის შესახებ და აღტაცება ვერ დამალა, როცა გაიგო, რომ ლელა დედისერთა იყო, 3-ოთახიან ბინაში ცხოვრობდა და ბებია-ბაბუის ნაანდერძები ერთოთახიანი ბინაც მას ეკუთვნოდა.
კახა მალევე დაუახლოვდა ლელას. გოგონა აღტაცებული იყო თაყვანისმცემლით და როცა ბიჭმა ცოლობა სთხოვა, მაშინვე დათანხმდა. ასე ჩაესიძა კახა დედისერთა გოგოს ოჯახს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე სიმამრმა  კარგი ადგილი უშოვა. მალე ქალ-ვაჟიც ეყოლათ.  თავდაპირველად ყველაფერი კარგად იყო, ხუთი წლის შემდეგ კახას სამსახურში შემცირება დაიწყო და ისიც უმუშევარი დარჩა.
ლელას მშობლებმა ერთოთახიანი ბინა გააქირავეს და კახეთში, მამაპაპისეულ სოფელში გადასახლდნენ. კახას სიმამრმა სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. ქალიშვილის ოჯახს არჩენდა და კახას არც უფიქრია, ახალი სამსახური მოეძებნა.

კარგა ხანს ითმინა ლელამ, ბოლოს, ქმარს საყვედური შეაპარა, - ჩემი მშობლები როდემდე დაგვეხმარებიან, რატომ არ ცდილობ, სადმე დაიწყო მუშაობაო...
ამის თქმა და უცებ იფეთქა კახამ: ფულის გულისთვის კაცს ვერ მოვკლავ, სამსახურის შოვნა კი ასე ადვილი არ არისო. ერთ დღეს შვილიშვილების მოსანახულებლად ჩამოსულ დედამთილს რძალი მოწყენილი დაუხვდა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე. თინამ შვილი დაიმარტოხელა და დამოძღვრა: ვინც უნდა ეხმარებოდეს ოჯახს, ქალს მაინც ქმრის მწირი ჯამაგირი ურჩევნია ყველაფერს. ასე რომ,  ხელი გაანძრიე და იმუშავე, მე და მამაშენი ვეცდებით, რამე მოგაშველოთო. არ ესიამოვნა დედის სიტყვები, თუმცა არ შეპასუხებია. გავიდა რამდენიმე კვირა. მეგობარმა უთხრა, - ღამის ბარის მეპატრონე მომმარაგებელს ეძებსო. მივიდა. ბარის მეპატრონე ორმოცი წლის ქმარგაცილებული ქალი აღმოჩნდა. ის დღე იყო, კახა შინ გვიან ბრუნდებოდა, ლელას ორ სიტყვას მიუგდებდა და იძინებდა. დილადრიან კი ღიღინ-ღიღინით გადიოდა სახლიდან. რამდენიმე თვის შემდეგ ლელას  ამბავი მიუტანეს, ბარის მეპატრონე და შენი ქმარი საყვარლები არიანო.

ქალმა წყენა და შეურაცხყოფა გულში ჩაიკლა  და დროს მიანდო ქმრის "გონს მოსვლა". კახამ კი ექვსიოდე თვის შემდეგ ცოლს წერილი დაუტოვა - "მე წავედი".
ლელა დიდხანს განიცდიდა კახას ღალატს. მერე დრომ გაუნელა დარდიც, და სიყვარულიც. მხოლოდ იმას დარდობდა, რატომ თავიდან ვერ ამოიცნო, რომ კახას მხოლოდ ანგარება ამოძრავებდა და არასოდეს ჰყვარებია ლელა.

გავიდა თორმეტი წელი და კახამ ცოლს პატიება სთხოვა, ლელამ  უარი უთხრა შერიგებაზე. კაცს სხვა რა გზა ჰქონდა და სოფელში დაბრუნდა. დღე არ გავა, თავი არ მოაბეზროს გარშემომყოფებს, რომ ძალიან უბედურია. არც მალავს თავის "სისუსტეს", - რა ვქნა, სოფელში ცხოვრება არ შემიძლია, თქვენ  კი ისეთი უნდა გიყვარდეთ და ამიტანოთ, როგორიც ვარო...
მკითხველის კომენტარი (2)
lika
17 ნოემბერი 2012 13:22
ანგარებიან და კველა მოღალატე კაცს ეგრე ეკუთნის
cici
13 ნოემბერი 2012 23:42
ყველა ანგარებიანი ადამიანის ბედი,მასეთია, გატეხილ გობთან ჯდომა სიბერემდე.არა შეჯდა მწყერი ხესა ,არა იყო გვარი მისი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები