"ჩემს ქალიშვილს ეგონა, მის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. არავინ ელოდა საქმის ასეთ შეტრიალებას" - კვირის პალიტრა

"ჩემს ქალიშვილს ეგონა, მის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. არავინ ელოდა საქმის ასეთ შეტრიალებას"

"ჩემს ქალიშვილს ეგონა, რომ მის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. არავინ ელოდა საქმის ასეთ შეტრიალებას. თეას ძალიან უყვარდა თავისი საქმრო, თემოსაც პირზე მისი სახელი ეკერა, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა", - მიამბობს დარდით გულმოკლული დედა თავისი 22 წლის გოგონას ამბავს.

თეას და თემოს  15 წლიდან უყვარდათ ერთმანეთი და ამ სიყვარულს ძალიან უფრთხილდებოდნენ... დაქორწინება სკოლის დამთავრებისთანავე გადაწყვიტეს. გოგონას დედამ ახალგაზრდებს ურჩია, - ჯერ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარეთ, სტუდენტობა ლაღად გაატარეთ, დაქორწინებას ყოველთვის მოასწრებთო, მაგრამ შეყვარებულებმა თხოვნა ცალ ყურში შეუშვეს და მეორიდან გამოუშვეს - ლაღი სტუდენტობა ერთად უფრო ლაღი და ბედნიერი იქნებაო. რაღას იზამდნენ მშობლები...

ჯვრისწერისა და ქორწილის შემდეგ ყველას გასაკვირად წიგნებს ჩაუსხდნენ. უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ.

ერთხელაც გადაწყვიტეს სწავლის დაწყებამდე სადმე წავალთ და დავისვენებთო  და მშობლებმაც ჯიბეზე გაიკრეს ხელი...

ვინ იცის, თბილისში რომ დარჩენილიყვნენ, იქნებ არც მომხდარიყო ის უბედურება...

გონიოს გზაზე მათ მიკროავტობუსს  სატვირთო მანქანა დაეჯახა... სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ ახალდაქოწინებულნი, მაგრამ თეა წელს ქვემოთ ვეღარაფერს გრძნობდა, თემოს კი ხელი ჰქონდა მოტეხილი...

თემო მალე მომჯობინდა, თეას მდგომარეობა კი თანდათან დამძიმდა. ექიმებმა - ხერხემალი აქვს დაზიანებული, ხანგრძლივი მკურნალობით კიდურების მგრძნობელობა შეიძლება აღდგეს, მაგრამ მარჯვენა ფეხის მოკვეთა უთუოდ დასჭირდებაო. თეასთვის ეს სიკვდილის ტოლფასი იყო, - მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე ცალფეხა დავრჩეო. მაგრამ სიკვდილს ფეხის მოკვეთა სჯობდა...

ოპერაციის შემდეგ თეა საშინელ დღეში ჩავარდა, ტიროდა, თავბედს იწყევლიდა...

ორი კვირის შემდეგ გულდამძიმებული თეა შინ წაიყვანეს. ვერავინ იტყვის, რომ თემო არ განიცდიდა ცოლის მდგომარეობას, საავადმყოფოში გვერდიდან არ შორდებოდა, წამლებზეც დარბოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თეას ფეხი მოჰკვეთეს, - გაქრა. თეა გამუდმებით ფიქრობდა მომავალზე, როგორ უნდა ეცხოვრათ ერთად, შეძლებდა შვილის გაჩენას ან მოუნდებოდა კი თემოს მასთან ყოფნა? ბოლოს  გადაწყვიტა, თემოსთვის ეთქვა, რომ დაშორება სჯობდა. როცა ქმარი მოიკითხა, უთხრეს, - მონასტერში წავიდაო...

ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა თემო და თეა მოინახულა. კარგა ხანს მდუმარედ, ნაღვლიანად შესცქეროდა. თეამ ძალა მოიკრიბა და უთხრა:

- ბევრი ვიფიქრე... და სჯობს ცალ-ცალკე ვიცხოვროთ. არ მინდა ვინმემ დაგცინოს, ცალფეხა ცოლი ჰყავსო. მე ხომ გავუბედურდი და არ მინდა მთელი ცხოვრება ტვირთად დაგაწვე, ამ ტრაგედიის შემდეგ ჩემთან ვერ იქნები ბედნიერიო...

მერე ხმა ჩაუწყდა. თემო წამოდგა, აკოცა, მიეფერა, ბალიშის ქვეშ რაღაც შეუცურა და ოთახიდან მდუმარედ გავიდა.

თეა კარგა ხანს ტიროდა, მერე საწოლთან ჩამომჯდარი მწუხარე დედა შეეცოდა და დამშვიდება სცადა. უცებ გაახსენდა, რომ თემომ რაღაც დაუტოვა ბალიშის ქვეშ. კონვერტი აღმოჩნდა, კონვერტში კი, წერილი იდო...

თეას გაახსენდა, გაკვეთილებზე თემო სულ რომ ცმუკავდა,  ხან წერილს მისწერდა, ხან რაღაც სასაცილოს დაუხატავდა და გოგოსკენ გააჩოჩებდა. მერე, როცა მისი ცოლი გახდა, თემოს წერილები და ნახატები ერთად აკინძა და რელიკვიასავით შეინახა. ახლა ეს წერილიც, ვინ იცის, მერამდენე, ხელში ეჭირა, ოღონდ ვერ ხსნიდა, გუმანით გრძნობდა, რომ ის ბოლო იყო, იმ წინა წერილებიდან სრულიად განსხვავებული... როგორც იქნა, გახსნა...

"თეა, ხომ იცი, რომ უსაშველოდ მიყვარხარ და სწორედ ამიტომაც შენთან ვერ დავრჩები. იმედია, გამიგებ... არ შემიძლია ასეთს გიყურო.  მე შენ სულ  მეყვარები და შენს თავს არავინ და არაფერი არ დამავიწყებს. ახლა კი, გამიშვი, უნდა წავიდე".

თეას ცხოვრება იმ წუთიდან თითქოს გაიყინა, ვეღარაფერს გრძნობდა, ყვირილი უნდოდა და ხმა არ ამოსდიოდა, ტირილი უნდოდა და თითქოს ცრემლი გაუშრა, ბოლოს არაადამიანური ხმით დაიხავლა - გიშვებ, ბედნიერი იყავიო და პირქვე დამხობილი კარგა ხანს უმოძრაოდ იწვა. როდის, როდის მოეგო გონს, მაგრამ არავის დანახვა არ უნდოდა, დედასაც სთხოვა ჩემთან აღარავინ მოუშვაო.

ხუთი წელი გავიდა ავტოავარიიდან. თემო ბარსელონაში დასახლდა. ცოლი არ შეურთავს, მაგრამ თეაც აღარ მოუკითხავს. გოგონას კი მშობლებმა შინ გაუხსნეს სახელოსნო - თეამ ტიხრული მინანქარი შეისწავლა. მისი ნამუშევარი ყველას მოსწონს და  გოგოც თითქოს ამ ქვეყანას მოუტრიალდა, მაგრამ ეს სხვების თვალის ასახვევად. მხოლოდ სიზმრებშია ბედნიერი, რადგან იქ ისევ ძველებურად ბედნიერია და თემოსთან ერთად არის.