"განა ყველას შეიძლება დედა ეწოდოს?!" - კვირის პალიტრა

"განა ყველას შეიძლება დედა ეწოდოს?!"

ქეთი ძალიან განიცდიდა დედისგან უყურადღებობას, - გვწერს თეა გოცირიძე. - 7 წლის იყო, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ და იმ დღიდან დაიწყო მისი უბედურება.

ქეთის დედა, მარიკა, დედისერთა, თავნება გოგო 18 წლისა გათხოვილა. მალე ქეთიც შეეძინა. ახალგაზრდები ერთხანს სიდედრ-სიმამრთან ცხოვრობდნენ.  სამი წლის შემდეგ ოჯახი ცალკე გადავიდა. კოტეს ვიღაცამ ჩააწვეთა, შენს ცოლს საყვარელი ჰყავსო. კაცი გაშეშდა, მაგრამ ბოღმა გულში ჩაიკლა, ისე უყვარდა ცოლი, რომ ყოველი ჩხუბის შემდეგ ისევ თვითონ ურიგდებოდა, ბავშვიც ეცოდებოდა, რომელიც სულ დედის ნატვრასა და მოლოდინში იყო, მაგრამ როცა ცოლს საყვარელთან გადააწყდა, იმავე საღამოს განუცხადა, უნდა გავიყაროთ, ოღონდ ქეთის არ გაგატანო. მარიკა დათანხმდებოდა კიდეც, რომ არა დედამისი. ბებიამ ერთი ამბავი ატეხა, ბავშვი წამოიყვანე, მე გავზრდიო...

მარიკა რაც ქმარს გასცილდა, უფრო მეტ დროს უთმობდა სარკის წინ ტრიალს. შვილს იშვიათად ლოყაზე მოუცაცუნებდა ხელს და სულ ეგ იყო მისი დედობრივი სიყვარული. გოგონას შურდა თავისი თანატოლების, რომლებსაც დედები თავს დასტრიალებდნენ... მეოთხე კლასიდან რამდენიმე გოგონას დაგვიმეგობრდა. როცა თავის საწუხარს შემოგვჩივლებდა, დარდი ცოტათი უნელდებოდა. მეექვსე კლასში რომ გადავიდა, დედამისი მესამედ გათხოვდა. ბიჭი შეეძინა, მაგრამ არც ამ ბავშვზე იკლავდა თავს, დედამთილი უზრდიდა...

15 წლის ქეთის თავზარი დაეცა, როცა შინ მისულს დედა უცხო კაცთან დახვდა. მარიკაც დაიბნა, მაგრამ უკან მაინც არ დაიხია და შვილს უყვირა, - ასე ადრე რატომ დაბრუნდი, გაკვეთილებს ხომ არ აცდენო. იმ წუთებში ქეთიზე უბედური არავინ იყო. ბებოს წამლები მოხვეტა და ერთიანად ჩაიყარა პირში.  გონს საავადმყოფოში მოვიდა. ყველა თავს ეხვეოდა... დედის გარდა.

მეცხრე კლასში სიყვარული ეწვია. გიგი ერთი წლით იყო ქეთიზე უფროსი. იმ საღამოს შეყვარებულები კინოდან ბრუნდებოდნენ. უცებ ბიჭმა ქუჩის გაღმა ვიღაცას მოჰკრა თვალი და გაფითრდა. = სირბილით გადაკვეთა ქუჩა. ქეთიც მიჰყვა. ბიჭი მანქანაში მსხდომთ მიუახლოვდა და კარი მოურიდებლად გამოაღო. კაცმა დაუყვირა, - რას ბედავ? შინ რომ მოხვალ, მერე ვილაპარაკოთო. გიგიმ - შინ ჩემი ფეხი მანამ არ იქნება, სანამ ამ ქალს თავს არ დაანებებო. მერე ქალიც გადმოვიდა მანქანიდან და... ქეთის თითქოს მიწა გამოეცალა ფეხქვეშ - მის წინ მარიკა იდგა.

- შენ რაღა გინდა აქ? შენც მითვალთვალებ? - შეჰყვირა დედამ.

გიგი შეცბა...

ქეთი ადგილს მოსწყდა და გაიქცა...

შინ ძლივს მივიდა. საწოლზე დაემხო და ხმამაღლა ატირდა. გულგახეთქილი ბებია ვერ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა შვილიშვილის თავს.

ქეთიმ ის ღამე თეთრად გაათენა. მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა - თავი უნდა მოვიკლაო. გათენებისას კი როგორც იქნა, ჩაეძინა. ბებომ ურჩია, სკოლაში რამდენიმე დღე ნუ წახვალ, შინ  იყავი და დაისვენეო. ასეც მოიქცა.

ერთი კვირის შემდეგ გიგიმ დაურეკა, - აჯობებს, დავშორდეთო.

ქეთის მამა  მოსკოვში მუშაობდა. მალე გოგონა მამასთან გაემგზავრა.

ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ დედისგან მიყენებული სულიერი ჭრილობა რამენაირად მოეშუშებინა. მერე ერთ ოჯახში ძიძად დაიწყო მუშაობა. ოჯახის უფროსს ძმა ჰყავდა დასაოჯახებელი, ბიჭმა  ლამაზ ქართველ გოგონას ცოლობა სთხოვა...

ქეთის ორი შვილი ჰყავს, არაჩვეულებრივი ცოლი და დედაა, არ ივიწყებს თავისიანებს, არც მეგობრებს, ხშირად ჩამოდის თბილისში და გვნახულობს. დედას კი არც ეხმიანება, თუმცა მარიკას ეს სულ არ ანაღვლებს. სკოლაში რომ დავდიოდით,  ქეთიმ მითხრა, ასეთი დედის ყოლას, სჯობს სულ არ გყავდესო. მაშინ მისმა ნათქვამმა გამაოგნა, მაგრამ წლების შემდეგ თავად ვუთხარი,- ასეთ ქალს  დედას არც მე დავუძახებდი-მეთქი.