"ეს ბავშვი არავის სჭირდება, ჩვენს ოჯახში ტკივილის მეტი არაფერი მოუტანიაო" - კვირის პალიტრა

"ეს ბავშვი არავის სჭირდება, ჩვენს ოჯახში ტკივილის მეტი არაფერი მოუტანიაო"

ნინო და გიორგი სამედიცინო ინსტიტუტში კურსელები იყვნენ. ვაჟი სამეგრელოდან იყო, გოგონა - ქართლიდან. გიორგიმ  მეხუთე კურსზე იყვნენ, სტუდენტური ქორწილი რომ გადაიხადეს. სწავლის დამთავრების შემდეგ სამეგრელოში  რაიონული ცენტრის საავადმყოფოში დაიწყეს მუშაობა. გიორგი ქირურგი იყო, ნინო - მეან-გინეკოლოგი.  მთელი რაიონი ემადლიერებოდა ცოლ-ქმარს. სამი შვილი შეეძინათ - ორი ვაჟი და ერთი გოგონა, თამუნა. ნინოს კაბინეტთან მუდამ პაციენტების რიგი იდგა. ქალების უმეტესობა აბორტის გასაკეთებლად მიდიოდა. ნინო კომუნისტების ოჯახში კი იყო გაზრდილი, მაგრამ ღმერთი სწამდა. იცოდა, ცოდვას სჩადიოდა, მაგრამ ასე ხსნიდა თავის საქციელს: ქალი რამდენჯერაც დაორსულდება, იმდენ ბავშვს ხომ ვერ გააჩენს?!

როცა მეუბნება, რომ ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, სხვა რა გზა მაქვს? იძულებული ვარ, მისი მდგომარეობა გავითვალისწინოო...

ბიჭებმა სკოლა რომ დაამთავრეს, ნინომ და გიორგიმ თბილისში სამოთახიანი ბინა შეიძინეს. ოთხი წლის შემდეგ, როცა გოგონამაც დაამთავრა სწავლა, თვითონაც გადმოვიდნენ დედაქალაქში. მთელი რაიონი მისტიროდა ცოლ-ქმარს. ნინომ მალე იშოვა სამსახური და შინ  გინეკოლოგიური კაბინეტიც მოაწყო.

თამუნა პირველ კურსზევე გათხოვდა. მალევე დაფეხმძიმდა. მშობიარობა გაუჭირდა, ჩვილი მკვდარი დაიბადა. სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს  და საშვილოსნო ამოჰკვეთეს. ნინო ასე არასოდეს დაბნეულა, ნერვიულობდა, მტანჯველ ფიქრებს თავს ვერ აღწევდა. თითქოს ახლა გაუნათდა  გონება - მიხვდა, რატომაც დაისაჯა ასე.

ერთ დღეს მწარე ფიქრებმა რომ წაართვა თავი, მიხვდა, გამოსავალი უნდა მოეძებნა, რაღაც უნდა შეეცვალა ცხოვრებაში, თორემ სინანული გააგიჟებდა და გადაწყვიტა, თავისი პროფესია დაევიწყებინა. მეორე დღესვე ჩვილ ბავშვთა სახლს მიაკითხა. დირექტორის კაბინეტში კარგა ხანს იჯდა, ნერვიულობისაგან სიტყვებს ვერ უყრიდა თავს. ბოლოს, როგორც იქნა, ამოთქვა - თქვენთან მინდა მუშაობის დაწყება, დამლაგებლადაც რომ მიმიღოთ, თანახმა ვარო.

ერთი კვირის შემდეგ დაიბარეს. ნინომ ბავშვთა სახლში დაიწყო მუშაობა. ობოლ ჩვილებს შვილებივით უვლის და ეფერება. ყველას მისი სახელი აკერია პირზე, ყველას მისი იმედი აქვს, რადგან იციან, რომ პატარებს მზრუნველი და ერთგული ადამიანი ადგას თავზე, ნინოც ბედნიერია, ფიქრობს, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო.

ერთ დღეს ბავშვთა სახლში უცნობმა ჩვილი მიიყვანა, სახელი არავის გაანდო, - ეს ბავშვი არავის სჭირდება, ჩვენს ოჯახში ტკივილის მეტი არაფერი მოუტანიაო, თქვა და უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა.

ნინომ და თამუნამ გადაწყვიტეს ყველაფერი ეღონათ, რომ პატარა ეშვილათ.

დედა-შვილი ერთი თვე საბუთებს აგროვებდნენ, რამდენიმე ინსტანციაში მოუწიათ მისვლამ, ზოგჯერ იმედი გადაეწურებოდათ, ალბათ ვეღარასოდეს შევძლებთ ამ ბავშვის შვილობასო, მაგრამ ერთ დღესაც გადაწყვეტილების შესახებ ამცნეს - პატარას შვილად აყვანის უფლება გეძლევათო. დღეს ნინო ბედნიერი ბებია, თამუნა კი დედაა.