ქილიკა საქმრო პირში ჩალაგამოვლებული დარჩა...
ქილიკა საქმრო პირში ჩალაგამოვლებული დარჩა...
ქეთა კოხტა, ტანწერწეტა გოგოა. მაღალი ფეხების გამო ბიჭებმა "ფარგალა" შეარქვეს. ერთადერთი, რაც თვალში მოგხვდებოდათ, მისი კეხიანი და გრძელი ცხვირი იყო. მეათე კლასში რომ გადავიდა, ცხვირი უფრო გაეზარდა, რის გამოც თაყვანისმცემლები შემოეცალა, ერთადერთი  სოსოღა შემორჩა.

კარგად იცოდა ქეთამ, რა ნაკლიც ჰქონდა, მაგრამ ბავშვობიდან ნემსის ეშინოდა და ცხვირის ოპერაციაზე როგორ იფიქრებდა?! ხშირად წარმოიდგენდა, რომ ერთხელ დაიძინებდა და გაიღვიძებდა პატარა, კოხტა ცხვირით. ოცნება სიზმრად გადაექცა. ერთხელაც, საქმროს გაენდო,  ბოლო დროს სულ ცხვირის ოპერაციის
გაკეთებაზე ვფიქრობ, მაგრამ როგორც კი წარმოვიდგენ ჩაქუჩით რომ უნდა მიმტვრიონ ძვალი, გული მიღონდებაო. სახტად დარჩა, როცა სოსომ უთხრა, - კარგს იზამ, თუ დაიპატარავებ. აბა ამსიგრძე ცხვირით როდემდე აპირებ ცხოვრებასო. სოსოსგან ამის თქმას არ ელოდა გოგო, სულ ეგონა, ბიჭს ისეთი მოსწონდა, როგორიც იყო.  ეწყინა ქეთას, მაგრამ
გაჩუმება არჩია.  რახან ერთხელ უთხრა, მერე უკვე აღარ უჭირდა სოსოს იმის შეხსენება, რომ "გასაკეთებელი უნდა გაკეთებულიყო". ერთი წელი ებრძოდა ქეთა დაუძლეველ შიშს. ერთხელ, მეგობრის დაბადების დღეზე, გაშლილ სუფრასთან, სხვების თანდასწრებით "შინაურულად" გაჰკენწლა სოსომ - ჭიქას ტუჩი ფრთხილად მიადე, ცხვირი არ ჩაგივარდესო. ყველას გაეცინა, ქეთა კი კარგა ხანს იჯდა ალანძული.

ის ღამე თეთრად გაათენა, დილით კი მშობლებს განუცხადა: მორჩა, პლასტიკური ოპერაცია უნდა გავიკეთოო. თქმა და შესრულება ერთი იყო...

ერთი სული ჰქონდა, როდის მოხსნიდნენ თაბაშირს ჩათეთქვილ-დასიებული სახიდან. როგორც იქნა, დადგა ნანატრი დღეც - ქეთას ულამაზესი, უნატიფესი ცხვირი ჰქონდა. სიხარულით ტაში შემოჰკრა. მისი ცხვირის სანახავად კი სტუმრების რიგი დადგა. სოსო თავის გალამაზებულ საცოლეს ყოველდღე აკითხავდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ქეთა უფრო და უფრო მეტ ნაკლს პოულობდა საქმროს გარეგნობაში.  რაღა ბევრი გავაგრძელოთ და უსაშველოდ გალამაზებულ ქეთას სოსო აღარ ეჭაშნიკებოდა. სულ ის ახსენდებოდა, როგორ ამახვილებდა ბიჭი მის ნაკლზე ყურადღებას. ასე წარამარა რომ არ ექილიკა მასზე, გულიც არ ეტკინებოდა, არც ბიჭის ნაკლის ძებნას შეეცდებოდა, ჰოდა, როცა სოსომ ნიშნობაზე ჩამოუგდო სიტყვა, ქეთამ თავი შორს დაიჭირა - არ ვაპირებ გათხოვებასო. გადაირია სოსო - აბა, ცხვირის ოპერაცია ტყუილად გაიკეთეო? - ტყუილად რატომ, ვისაც გულწრფელად და უანგაროდ შევუყვარდები, იმას გავყვებიო...

ქეთამ მალე ერთი ბიჭი გაიცნო და ცოლადაც გაჰყვა, ქილიკა სოსო კი პირში ჩალაგამოვლებული დარჩა...
nana
07 დეკემბერი 2012 16:29
სამწუხაროდ,ადამიანები საკუთარ ნაკლს ვერ ამჩნევენ,სხვისას კი შეურაცხმყოფელი ტონით ხაზს უსვამენ და აკრიტიკებენ...ჩემი აზრით,ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს როგორიც არის! თუ ის თავად მოინდომებს შეცვალოს მის გარეგნობაში რამე,ეს მისი საქმეა და ამასაც მოწონებით უნდა შეხვდე,რადგან უნდა მიხვდე,რომ შენთვის აკეთებს.საერთოდ,ვინმეს ნაკლზე ხელაღებით მითითება დაბალი გემოვნების და კულტურის მაჩვენებელია და ასეთ ადამიანებს უნდა ვერიდოთ,ისინი ჩვენს ყურადღებას უბრალოდ არ იმსახურებენ!
ლიკა
06 დეკემბერი 2012 15:38
ერთხელ ერთმა ბიჭმა, რომელიც ძალიან მიყვარდა, მითხრა, შავგვრემანი და მსუქანი ხარო...მაგაზე ძნელი არაფერი ყოფილა ცხოვრებაში. გამხდარი მართლა არ ვარ,მაგრამ არც მსუქანი.უბრალოდ, ცოტა ხორციანი ვარ, მკერდი, თეძოები მაქვს გამოკვეთილად...მოკლედ, ძალიან ქალური ვარ და ბევრსაც მოვწონვარ. იმ მომენტში ეს სიტყვები ძალიან მტკივნეულად გადავიტანე და ბევრიც ვიტირე, მაგრამ ახლა იმ ბიჭს დასანახად ვერ ვიტან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა... მძულს კიდეც რაღაცნაირად და სულ მინდა ვუკბინო მეც მის ნაკლზე, რომელიც მას რეალურად აქვს (მოღრეცილი ყბა და უზარმაზარი ღიპი)
მანანა
06 დეკემბერი 2012 12:57
ამ ისტორიამ საკუთარი გამახსენა: მე-8 კლასში, ბიჭმა რომელიც ჩემზე 2 წლით უფროსი იყო და შეყვარებული კი არ იყო, უბრალოდ ვითომ თაყვანისმცემელი, სხვა გოგოს თანდასწებით გაიმარიაჟა, ამასთან რა საქმე მაქვსო, მიუხედავად იმისა რომ, არ მიყვარდა, ძალიან დავიმახსოვრე და მერე, წლების მერე, როცა გულმოდგინებით ცდილობდა ჩემი გულის მოგებასა და ცოლად მოყვანას, თავში სულ ის სიტყვები მიტივტივებდა...ძალიან გავამწარე ამის გამო. რა მოვიგე, რა წავაგე, არ ვიცი, მაგრამ რომ შემძულდა, ეს ფაქტია!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები