ბავშვური გატაცება თუ... - კვირის პალიტრა

ბავშვური გატაცება თუ...

ბევრს არ სჯერა პირველი სიყვარულისა - ბავშვური გატაცებაა და მეტი არაფერიო, მაგრამ ასე რომ არ არის...

ჩემი მეგობარი ნანა ახლა 50 წლისაა. მოწაფეობისას ერთ ძალიან კარგ ბიჭს უყვარდა. არც ნანა იყო გულგრილი. მათი ურთიერთობა უცებ დაიწყო. გოგი ერთი წლით უფროსი იყო ნანაზე. მერე ნანას მშობლები ჩაერივნენ და... მძიმედ გადაიტანეს დაშორება. გამოხდა ხანი, ნანა გათხოვდა და მალევე მიხვდა, რომ შეცდა. ათი წელი რის ვაი-ვაგლახით გაუძლო ქმართან ცხოვრებას. უდავიდარაბოდ გაიყარნენ. ნანა ორი შვილით დარჩა საკუთარი თავის და მომავლის იმედად...

გოგი რუსეთში გადაიხვეწა.  იქ ნათესავმა ქართველი გოგო გააცნო, როგორც იქნა, დაიყოლიეს, 30 წლისა დაოჯახდა. ქალმა სამი შვილი გაუჩინა. ათი წლის მერე სამშობლოში დაბრუნება მოინდომა და ცოლს უთხრა, - წავალ, ბინას ვიყიდი და წაგიყვანთო. ცოლმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, - საქართველოში რა მინდა, ჩემმა მშობლებმა ძლივს გამოაღწიეს იქიდან, აქ უკვე აწყობილი გვაქვს ცხოვრებაო. გოგიმ არ დაიშალა, ჩამოვიდა, ბინაც იყიდა, მოაწყო და ცოლ-შვილის წამოსაყვანად  რუსეთში დაბრუნდა. ცოლმა ცივი უარი უთხრა. გოგის სხვა გზა აღარ დარჩენოდა და თბილისში დაბრუნდა.

ნანაზე ფიქრი ისევ აეკვიატა. წლების წინ დაკარგულმა სიყვარულმა გული ისევ აუფორიაქა. ნაცნობებისაგან შეიტყო, ნანა სად მუშაობდა. ვითომ შემთხვევით, წინ შეეფეთა... არ გასჭირვებიათ ურთიერთობის აღდგენა.  ნანას გადაწყვეტილებას - გოგის გაჰყოლოდა ცოლად, ვეღარავინ შეეწინააღმდეგა. ნანამ ასაკის მიუხედავად - 43 წლისამ გოგონა გააჩინა, თებრონე დაარქვეს. ის ახლა 7 წლისაა. ნანა და გოგი ბედნიერები არიან. დღესასწაულებზე დიდი ჟრიამულია მათ სახლში, როცა ყველა შვილი ერთად იკრიბება...