"თურმე რატომ მამშვიდებდა ჩემი დედამთილ-მამამთილი, ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ მიმალავდნენ..." - კვირის პალიტრა

"თურმე რატომ მამშვიდებდა ჩემი დედამთილ-მამამთილი, ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ მიმალავდნენ..."

"ვუყურებდი ქალს, როგორ მიჰყავდა ეტლით ჩვილი და ვფიქრობდი, ნუთუ ყოველგვარი იმედი გაქრა, რომ როდესმე მეც დედა გავხდები"

"ამ ქვეყანაზე ყველაფერს აქვს დასასრული, სიყვარულსაც კი..." - მეუბნება ნონა დ.

- მე და რამაზს მართლაც განსხვავებულად გვიყვარდა ერთმანეთი. ორივე გაგრიდან ვართ. ის ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო, მეზობლად ცხოვრობდა. პატარაობიდანვე სულ ერთად ვიყავით. რამაზი რომ სკოლაში წავიდა, იმდენი ვიტირე, მეც შემიყვანეს. ერთ მერხზე დაგვსვეს. სკოლა დავამთავრეთ, დავქორწინდით და ერთად ჩავაბარეთ სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში.

7 წელი გავიდა და ბავშვი არ გვეყოლა. დედამთილი მამშვიდებდა, - ყველაფერს მოესწრებითო, მე კი ყოველ ღამე ბავშვი მესიზმრებოდა, გამომეღვიძებოდა და ვტიროდი... ახლა რამაზი დამიწყებდა დამშვიდებას. მალე ისეთი ამბები დატრიალდა აფხაზეთში, ჩემი საწუხარი დროებით დამავიწყა... ჯერ გაგრა დაეცა, მერე სოხუმი, დავკარგეთ ყველაფერი... რამაზს მამა სოხუმში დაეღუპა, თვითონ სასწაულად გადარჩა. მე და ჩემი მშობლები დროულად გადავედით ზუგდიდში ნათესავთან. მოგვიანებით ჯერ ბათუმში გადავედით. მერე ქმარს  ვთხოვე, თბილისში წავიდეთ, იქნებ  ვიმკურნალო, როდემდე უნდა ვიყოთ ასე-მეთქი. მითხრა, - კარგი, ვცადოთ და თუ არაფერი გამოვიდა, ბავშვი ავიყვანოთო. გამიხარდა, თან გული მომეწურა, რამაზს ისე ვუყვარვარ, რომ ჩემთან განშორება უშვილობის გამოც კი ვერ წარმოუდგენია-მეთქი. მან თბილისში ჩემს დეიდაშვილთან დამტოვა და ბათუმში გაბრუნდა, პორტში მუშაობდა.

ექიმმა მითხრა, ჯანმრთელი ხარო და გამოსაკვლევად რამაზი დაიბარა. მაშინვე ბათუმში გავქანდი და გადავეცი ექიმის ნათქვამი. შევატყვე, არ ესიამოვნა. მოგვიანებით მითხრა, - გამოსაკვლევი არაფერი მაქვს, მე ხომ არაფერს გაიძულებდი და შენც ნუ მომთხოვ ძლივს დაწყებული სამუშაოს მიტოვებას და ექიმებთან სიარულსო. გავჩუმდი, მაგრამ ამეკვიატა, რომ უშვილობა ჩემი კი არა, რამაზის ბრალი იყო.

რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მემატებოდა დარდი. სადაც კი პატარას მოვკრავდი თვალს, მინდოდა  გულში ჩამეკრა. ერთხელ, ბულვარში დავინახე, დედას წლის გოგონა კალთაში ჩაესვა და ეთამაშებოდა. ლამის გული გამიჩერდა, ისე მომინდა ბავშვის მოფერება. მივედი, სკამზე ჩამოვჯექი და გავუღიმე დედა-შვილს.  ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. ახალგაზრდა ქალს მოვუყევი ჩემი გასაჭირი - რამდენი წელია, გათხოვილი ვარ და შვილი არ მიჩნდება-მეთქი. შევატყვე, ძალიან შევეცოდე, მერე თოჯინასავით გადმომისვა ბავშვი. გოგონამ პატარა ხელისგულები ლოყაზე მომადო და  გამიღიმა. ჟრუანტელმა დამიარა... წასვლის წინ ქალმა მირჩია, - თუ ვერ დაიყოლიეთ მეუღლე იმკურნალოს, გაშორდით და სხვისგან გააჩინეთ ბავშვი, საუკეთესო დედა იქნებითო...

ვუყურებდი უცნობ ქალს, როგორ მიჰყავდა ეტლით ჩვილი და ვფიქრობდი, ნუთუ ყოველგვარი იმედი გაქრა, რომ როდესმე მეც დედა გავხდები.

იმ დღეს სახლშIი გვიან მივედი. რამაზი შინ დამიხვდა - დედამთილს ინსულტი მოსვლოდა. სამი თვე ვუარე, მაგრამ ვეღარ გადავარჩინეთ...

რამაზს ცოტა ხანში კიდევ შევაპარე, - იქნებ გამონახო დრო და ექიმთან მიხვიდე-მეთქი. ამის თქმა და აყვირება ერთი იყო, - რას შემომიჩნდი, ხომ ხედავ, რომ არ გვიჩნდება ბავშვი, ადექი, გაიკითხ-გამოკითხე, როგორ ან სად შეიძლება ბავშვის აყვანა. შენმა გაუთავებელმა ჩიჩინმა შინ მოსვლა შემაძულაო, მიღრიალა და გაიჯახუნა კარი. ღამე შინ აღარ მოსულა. თვალი რომ გავახილე, რამაზი მადგა თავს. ტირილისგან დასიებულ-შეშუპებული შევეცოდე, თავზე ხელი გადამისვა, გვერდით მომისვა და მითხრა ის, რაც ამდენი წელი არ ვიცოდი... თურმე ბიჭობაში რამაზი რაღაცით დაავადებულა, მამამ სად არ წაიყვანა, უმკურნალა, მაგრამ შვილოსნობის უნარი სამუდამოდ დაკარგა...

გული დამწყდა - აი, თურმე რატომ მამშვიდებდა ჩემი დედამთილ-მამამთილი, რამაზის უშვილობას მიმალავდნენ, ერჩივნათ, საკუთარი თავი დამედანაშაულებინა უშვილობაში...

რამაზი მიყვარდა და ვერ წარმომედგინა უმისოდ ცხოვრება. მალე გამაგებინეს, რომ სამშობიაროში 16 წლის გოგონამ  ბავშვი გააჩინა და ხელწერილს ტოვებდა, რომ არასოდეს მოიკითხავდა, ოღონდაც სანდო ოჯახისთვის მიეცათ. მაშინვე სამშობიაროში გავჩნდი. ის გოგო მხოლოდ შორიდან დამანახვეს.

ჩვილს ლაშა დავარქვი. რამაზი თავიდან გახარებული იყო, მერე და მერე შეიცვალა. ლაშას ირიბად უყურებდა. მივხდი, ეჭვიანობდა - ის ხომ ჩემს დიდ ყურადღებას იყო მიჩვეული... ვცდილობდი არ გამემახვილებინა მის ქცევაზე ყურადღება, მაგრამ როცა 11 წლის ბიჭს უმნიშვნელო რაღაცაზე წაეჩხუბა და სილაც გააწნა, ჩვენს დიდ სიყვარულს დავემშვიდობე,  აღარ შემეძლო მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, ლაშას ხელი მოვკიდე და ცალკე გადავედით საცხოვრებლად.

ის დღეს 24 წლისაა, ძალიან კარგი ადამიანია, ცოლიც მოიყვანა, შვილიც ჰყავს, რომელსაც ვუზრდი და არაფერს ვნანობ - ღირსი აღმოჩნდა იმისა, რაც მისთვის გავაკეთე...