"მორჩა, ახალ ცხოვრებას ვიწყებ!"
"მორჩა, ახალ ცხოვრებას ვიწყებ!"
დათოვლილ ტროტუარს მიუყვებოდა. ხელში სადღესასწაულო ტორტით, ტუჩებზე სევდიანი ღიმილით. მოლიპულ ქუჩაზე ფეხი უცურავდა, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი უსიამოვნება, რაც სულს უფორიაქებდა. მარიკას იმდღევანდელი დილა გაახსენდა, როცა ისევ ზურგი შეაქციეს.
თვალები ძლივს გაახილა. პირში მწარე გემოს გრძნობდა. ალბათ, შამპანურისგან, წუხელ გიგისთან ერთად რომ მიირთმევდა და ბევრს, ძალიან ბევრს იცინოდა. მერე ტიროდა.

- ისევ დაიწყე შენებური? გიგის უცხო კაცის სახე და გაბზარული ხმა ჰქონდა,  - რამდენჯერ გითხარი, ცოლს ვერ მივატოვებ-მეთქი.
-
აღარ გიყვარვარ, - მის თავს ზემოთ უთხრა სივრცეს მარიკამ.
- მიყვარხარ, უბრალოდ, ოჯახი მყავს და ვალდებულებები მაქვს. გამიხარდება, ოდესმე თუ გაიგებ.
- ვერ გავიგებ, - ძალიან ჩუმად თქვა მარიკამ და დაჭმუჭნილი კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო.
- ნუ ეწევი, ვერ ვიტან მწეველ ქალებს, - გიგი ახლა იმ
კაცს ჰგავდა, ქალის მიტოვება რომ გადაუწყვეტია.
- რა მნიშვნელობა აქვს, მაინც მიდიხარ...

აი, ასე, ამ ახალ წელსაც მარტო უნდა შეხვდეს. უკვე მეოთხე... არა, მეხუთე წელია. კაცმა რომ თქვას, მიჩვეულია. ქმარი რომ ჰყავდა, დღესასწაულებს მაშინაც მარტო ხვდებოდა. .

- დაგირეკავ, - გიგი უკვე კარისკენ მიდიოდა და მისი ფართო ზურგის დანახვაზე ქალი მიხვდა, რატომაც დაშორდა ქმარს - ზურგი შემაქცია.
მაშინ ნათესავებმა ვერ გაიგეს, რას გულისხმობდა მარიკა. განსაკუთრებით, გამზრდელმა დეიდამ:
- ზურგი შეგაქცია?
- ჰო.
- მერე რა?
- ყოველ ღამე ასე იქცეოდა.
- ამის გამო ეყრები? შენ, ეტყობა, ოჯახი არ გინდა, -ცხარობდა დეიდა, - რას ერჩი ბავშვს, რომ გაიზრდება, რა უნდა უთხრა, მამაშენმა ზურგი შემაქცია და ამიტომ უმამოდ დაგტოვეო?
- გაიზრდება და ავუხსნი.
- გცემდა?
- არა.
- გღალატობდა? - დასაბმელი გახდა დეიდა ნატო.
- არა. ზურგს მაქცევდა.
კარის გაჯახუნებამ გამოარკვია.
- გიგი!

რამდენჯერმე დაუძახა, თუმცა იცოდა, კაცი უკან არასოდეს დაბრუნდებოდა. ყველაფერი გადაქექა, კარადის თაროები, უჯრები, სააბაზანოს კედლის თარო. გიგის  მარტო კბილის ჯაგრისი დაეტოვებინა და კიდევ ჩუსტები. ორივეს ნაგავში გადაუძახა. მორჩა, ახალ ცხოვრებას ვიწყებ!
და აი, ახლა, სამსახურიდან შინისკენ მიაბიჯებდა მოლიპულ ქუჩაზე ტორტით ხელში, საღამოს 8 საათზე - 31 დეკემბერსაც მუშაობდა. სხვა მაინც არაფერი აინტერესებდა, სამსახური და გიგი. თუმცა, გიგი - აღარ. არადა, ნიკაპზე ისევ ჩამოეფსკვნა ცრემლების მარყუჟი.
კუთხიდან მანქანა გამოვარდა, კაშკაშა ფარებმა წამით დააბრმავა, ჯიბრზე ფეხიც აუცურდა და...

- დაგეხმაროთ? - საოპერო ბარიტონი ჩაეკითხა.
- ჯერ მკითხე, ცოცხალი ვარ? - მარიკა ისე გამწარდა, რომ მეორედ დაუბნელდა თვალებში, თუმცა წამოდგომა მაინც სცადა.  “ - გიჟივით რომ მიქრი, სადმე გაგვიანდება?
- კი, - ბარიტონიანმა ჩაიმუხლა და ხელი მოხვია, - დღეს ყველას სადღაც მიეჩქარება.
“რა ღონიერი მკლავები აქვს, - გაიფიქრა მარიკამ და უცნობის დახმარებით წამოდგა.
- არ ვიცი, სად მიდიოდით, მაგრამ მგონი, ფეხით ვეღარ მიხვალთ, - მამაკაცმა ხელი არ გაუშვა, - მიგიყვანთ.
- თავი დამანებე! - შეუბღვირა ქალმა,  მადლობა მითხარი, პოლიციას რომ არ გამოვუძახე!
- მადლობა? იმისათვის, რომ საქარე მინა ტორტით დამიმშვენე? - კაცს–ხმაში ბრაზი არ ემჩნეოდა.
- არ მჭირდება შენი დახმარება, - მარიკამ თავი გაითავისუფლა ძლიერი მკლავებისგან, - ჯანდაბამდე გზა გქონია, საკუთარ ფეხებს უფრო ვენდობი!
- როგორც ინებებთ, - მამაკაცმა შებრუნება დააპირა და...
“ახლა ზურგს შემაქცევს, -გაუელვა ქალს.
- კარგი, მიმიყვანე, დანაშაულს მაინც გამოისყიდი.
მანქანის სავარძელში რომ მოკალათდა, ბარიტონიანს მაშინღა შეხედა. კაცმა ქალის მზერა იგრძნო და თავი მოაბრუნა.
- დამდეგ ახალ წელს გილოცავ!
- მეც, - წაიბურტყუნა ქალმა და მუხლებზე პალტოს კალთა გადაიფარა...
- დედა! -      შემოსასვლელში სითბო, სინათლე და 4 წლის ნინუცა შეეგება, -  ტორტი მომიტანე?
- ტორტი?.. მომქონდა, მაგრამ... შოკოლადის კანფეტები ხომ გვაქვს?
- ნატო ბებოს ეჩქარება, შემოდი.
ნატომ მარიკას დანახვაზე მხოლოდ ამოიოხრა. ქურქს დაწვდა და გასვლისას დაუბარა: - ბავშვს ბევრი შოკოლადი არ აჭამო.

სამზარეულოში ფუსფუსს შეჰყვა. მერე რა, რომ ორნი არიან, ახალი წელია მაინც, რატომ წაიხდინოს გუნება ან ბავშვს რატომ ჩაუმწაროს.
შუაღამეს 20 წუთი აკლდა, კარზე ზარი რომ გაისმა. მარიკა წინსაფრის მოუხსნელად გაემართა შემოსასვლელისკენ.  
ზღურბლზე ფირუზისფერთვალებიანი იდგა დიდი ტორტით - წარმოიდგინე, რომ სანტა-კლაუსი ვარ ან თოვლის ბაბუა, - მდუმარე კითხვას უპასუხა ბარიტონიანმა, - როგორ მოვიქცე, ახალ წელს კარს მიღმა შევხვდე თუ თქვენთან ერთად?
maia
14 აპრილი 2015 23:05
Kარგი წასაკიტხია მადლობა მარინა,მარა ვერ გავიგე ამ ხალხს რა უნდა გინდა?წაიკიტხე არ გინდა და გაიარე რა უჰ ბოგმიანები.
anna
07 იანვარი 2013 23:16
:( მე კატოს ამბავმა უფრო დამაინტერესა
mziko
02 იანვარი 2013 15:37
ნეტავ როგორ დადიან მიწაზე როგორ სუნთქავენ და როგორ იძინებენ ღამით ყველას რომ ატყუებენ ღმერთის თუ არ ეშინიათ თავს მაინც სცენ პატივი...

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები