საშინელი დღის საოცარი დასასრული - კვირის პალიტრა

საშინელი დღის საოცარი დასასრული

ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ჯერ ერთი, დილით, სარკეში ჩახედვისას აღმოვაჩინე, რომ თვალის უპეები ჩამოსიებული და ჩაშავებული მქონდა. გუნებაწახდენილს ისიც ნერვებს მიშლიდა, რომ სამსახურში მაგვიანდებოდა. ჩანთას ხელი დავტაცე და კიბეზე სირბილით დავეშვი, სიჩქარეში წონასწორობა დავკარგე და გავიშხლართე. ამ დროს მეზობლის ბინიდან როტვეილერი გამოხტა, წინ დამიჯდა და თვალი თვალში გამიყარა.

- ცუგა, - მუდარით ამოვთქვი, - არ მიკბინო რა!

როტვეილერმა  ხახა დააფჩინა. წამოდგომა არც მიცდია,  მხოლოდ თვალები დავხუჭე.

- რექს, ადგილზე! –- დაიყვირა ვიღაცამ.

- არ მიკბინოს, - გავაფრთხილე ძაღლის სავარაუდო პატრონი, - თორემ აცრების ფულს შენ გადაიხდი.

ფეხის ხმაზე მივხვდი, რომ როტვეილერი გამარიდეს და თვალი გავახილე.

- არ იკბინება, - რატომღაც გამიბრაზდა  ძაღლის პატრონი, რომელიც საკმაოდ სიმპათიური 30-ოდე წლის კაცი აღმოჩნდა.

- გეტყობა ახალი გადმოსული ხარ - კაცმა ინტერესით ამათვალიერ-ჩამათვალიერა, - ადრე აქ მოხუცი ქალი ცხოვრობდა, დეიდა თამარი.

- ჰო, - მოკლედ მოვუჭერი, მუსაიფის გაბმის გუნებაზე სულაც არ ვიყავი, - კარგად ბრძანდებოდეთ.

- ნახვამდის, - სიტყვა დამადევნა ახალგაცნობილმა.

გაჩერებაზე ავტობუსს 20 წუთი ველოდე, ნერვები დაგლეჯაზე მქონდა. მერე, როგორც იქნა, მოვიდა, მაგრამ, ხალხით გაჭედილი. ავეკვეხე და ცალ ფეხზე დავდექი. ბედად გაჩერებაზე კონტროლიორი ამოვიდა და დამაჯარიმა.

დაბოღმილმა გზა ფეხით განვაგრძე. მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, 50 წუთი დამაგვიანდებოდა თუ საათ-ნახევარი... სამსახურიდან, მაინც დამითხოვდნენ, იმიტომ, რომ დაგვიანებაში არაერთხელ ვიყავი შემჩნეული. ნინო, ჩემი კოლეგა ლიფტთან შემხვდა. როგორც ყოველთვის, ვიღაცას ეჩხუბებოდა. აი ხომ აქვთ ადამიანებს რაიმე ჰობი? ნინოს ჩხუბის ჰობი აქვს. გული რომ მოიოხა, მაშინღა მომიბრუნდა.

- რას აკეთებ?

- რას უნდა ვაკეთებდე, ლიფტს ველოდები! ნინოსთან, ასე ვთქვათ, ცვალებადი,–ხან მღელვარე და ხანაც - მშვიდი ურთიერთობა მქონდა, იმისდა მიხედვით, უკვე ნაჩხუბარი იყო ვინმესთან თუ არა,  - შეფმა შეამჩნია, რომ დამაგვიანდა?

- გამოაპარებ რამეს? Gგაცეცხლებულია, მახარა კოლეგამ, - ოღონდ, ლიფტს ტყუილად ელოდები, უკვე ორი საათია შუქი არ არის.

- თუ შუქი არ არის, რამ გააცეცხლა? გულწრფელად გამიკვირდა.

- მოუწესრიგებელი და უპასუხისმგებლო ქალი ხარ, თიკა, - არ დაეზარა ნინოს ჩემი გაკრიტიკება, - ახლა მიდი და აუხსენი ბატონი დავითის ახალ მოადგილეს, რომ თუ სინათლე არ არის, სამსახურში მოსვლაც სავალდებულო არ არის!

ოფისში შევიძურწე. მაგიდას მივუჯექი.

-ახალი მოადგილე ნახე? - გადმომხედა  მეტიჩარა ლელამ. - სად უნდა მენახა, - წავიბურტყუნე.

- ისევ დაგაგვიანდა, ხომ? – ლელამ კოსმეტიკის ჩანთიდან სარკე და ტუჩსაცხი ამოიღო და გულდასმით შეუდგა ტუჩების შეღებვას, - ამბობენ, უცოლოაო...

- მერე მე რა?

- შენ არაფერი! შენ მაინც არ შემოგხედავს, თან ასაკიც ისეთი გაქვს... ნუ... სოლიდური. აი მე კი მომავალზე ვფიქრობ.

- სოლიდური რას ნიშნავს? - მაინც გულზე მომხვდა ლელას შენიშვნა.

- გასათხოვარი აღარ ხარ, - მეტიჩარა კოლეგამ ტუჩების შეღებვა დაამთავრა.

- არც მინდა, - გავბრაზდი, - შვილი მყავს მისახედი. წელს ინსტიტუტში თუ ვერ მოხვდა, მისი მომზადება მომიწევს.

- ჰო, კარგი, დაწყნარდი, - ლელა, როგორც იქნა, გაპრანჭვას მორჩა, - ჯობია მითხრა, ახალ წელს სად ხვდები?

- სახლში.

- მარტო?

- რატომ მარტო... ჩემს შვილთან ერთად.

- შენი ლაშიკო უკვე 16 წლისაა, გგონია, სახლში დაგიჯდება?

გავჩუმდი, იმიტომ, რომ ლელასთან კამათს არ ვაპირებდი. თანაც, შუქი მოვიდა და შეფიც.

- ქალბატონო თინათინ, - დღეს 30 დეკემბერია. ამ თვეში კი უკვე მეშვიდედ დააგვიანეთ. მოკლედ, დღეს თქვენი მუშაობის ბოლო დღეა.

- არა, გთხოვთ... მე შვილი მყავს, - თავზარი დამეცა.

- შვილი მეც მყავს, - მუდამ გაწონასწორებული შეფი წყობილებიდან გამოვიდა, - თანაც, სამი. მოკლედ, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

საპირფარეშოში ვტიროდი. არ მინდოდა კოლეგებს, განსაკუთრებით კი ლელას ან ნინოს დავენახე. მერე სამუშაო მაგიდასთან დავბრუნდი.

- ჩვენ მივდივართ, - ნინომ მაგიდიდან მინიატიურული ეიფელის კოშკი ამაცალა, - საღამოს 9 საათია უკვე, - ეს შენ მაინც აღარ დაგჭირდება და ავიღებ, რა... არ მოდიხარ?

- ჯერ არა. თქვენ წადით, - სიჩუმე და მარტოობა მინდოდა. მერე მაგიდის უჯრები გავათავისუფლე, ჩემი ნივთები დიდ პარკში ჩავაწყვე და კარისკენ გავემართე. თავიდან მეგონა, რომ ვიღაც მეხუმრა, მერე ყვირილი მოვრთე და კარს მუშტები დავუშინე. ოფისში გამოკეტილი აღმოვჩნდი. შევეგუე, რომ ღამის გათენება აქ მომიწევდა. შვილს მაინც გავაფრთხილებ, - გადავწყვიტე და ჩანთას დავწვდი მობილური ტელეფონის ამოსაღებად, რომელიც, როგორც ჩანს დილით, სიჩქარეში, სახლში დამრჩა... კართან ჩავჯექი და უკვე მესამედ ავქვითინდი.

- რა გატირებს? –კარს იქით მამაკაცის ხმა მომესმა. გაოცებისგან წამოვხტი.

- კარი ჩამიკეტეს.

- დამელოდე, - ნაბიჯების ხმა მომესმა და უნებურად გამეცინა. აბა სად წავალ?

ხუთიოდე წუთში კარი გაიღო და ზღურბლზე... რექსის პატრონი იდგა. ახალი მოადგილე!

ძვირფასო მკითხველო, მინდა გაგახაროთ, მომდევნო ახალ წელს უკვე ერთად შევხვდით მე და მოადგილე.