სიყვარულის რამდენიმე პრინციპი - კვირის პალიტრა

სიყვარულის რამდენიმე პრინციპი

როცა ორი ადამიანი სასიყვარულო ურთიერთობას აბამს, თითოეული მათგანის ცხოვრება უნდა გაუმჯობესდეს. თუ ცხოვრება უარესდება, ბოლოს და ბოლოს, ერთი თქვენგანი გონს მოეგება და წასვლას მოისურვებს.

სიყვარულს ვერ იყიდი. თუ ამას აკეთებთ, იმედი ნუ გექნებათ, რომ თქვენი დანახარჯი ასმაგ მოგებას მოიტანს.

თავი აარიდეთ ეჭვიანობას. ეჭვიანობის პროვოცირებისას თქვენ ცეცხლს ეთამაშებით და ვინმე აუცილებლად დაიწვება. ადამიანები ისედაც მიდრეკილი არიან ეჭვიანობისკენ და ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ თავდაჯერებულობა არ ჰყოფნით. ამიტომ საჭირო არაა ამ გრძნობის შეგნებულად გამოწვევა.

ჯანსაღი სასიყვარულო ურთიერთობისას ორივე პარტნიორი თანაბრადაა ერთმანეთზე დამოკიდებული. ნამდვილად მოსიყვარულე ადამიანი პარტნიორისგან საპასუხო გრძნობის მტკიცებულებას არ მოითხოვს. ის თავად უმტკიცებს თავის სიყვარულს.

ნუ ეცდებით პარტნიორის გადაკეთებას. თუ პარტნიორს სხვა ადამიანად აქცევთ, გახსოვდეთ, რომ შესაძლოა მან თქვენთან დარჩენა აღარ მოისურვოს.

ქალს მოსწონს იმაზე ფიქრი, რომ იგი მიუწვდომელ პრინცს და არა ტანჯულ შეშლილს უყვარს. მამაკაცებიც გაურბიან ისტერიკულ ქალებსა და ე.წ. შენელებული მოქმედების ნაღმებს, რომლებისგანაც არ იცი, რას უნდა ელოდე. პარტნიორის ამგვარი საქციელი ნერვებს აფუჭებს და სიყვარულს ანადგურებს ისევე, როგორც მოწყენილობას აჩენს აბსოლუტური ცოდნა იმისა, თუ რას უნდა ელოდო პარტნიორისგან.

ბობოქრად წარმოშობილი სიყვარული მალე ქრება. ბედნიერების, როგორც მუდმივი ცვლადის, მისაღწევად, ერთ-ერთს გონებით უნდა უყვარდეს. თუ პარტნიორი თქვენი მძვინვარე აღშფოთების პასუხად დუმს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის სუსტია ან გულგრილი. უბრალოდ მას შეუძლია თავი ხელში აიყვანოს.

თუ პარტნიორი მიეჩვია, რომ შეუძლია უხეშად მოგეპყრათ, მისი საწინააღმდეგოში დარწმუნება ძალიან გაძნელდება.

გახსოვდეთ; იმისათვის, რომ თეთრმერსედესიან პრინცს მისთხოვდეთ, თავად უნდა იყოთ წითელი პორშე-კაბრიოლეტიანი პრინცესა. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრებისეული ღირებულებები ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს. როგორც წესი, ადამიანი თავს კომფორტულად იმ პარტნიორთან გრძნობს, რომელიც სოციალურად მისი თანასწორია.