"ბედნიერებას თავად მივუხურე კარი" - კვირის პალიტრა

"ბედნიერებას თავად მივუხურე კარი"

ახალი წლის დამდეგს რედაქციაში  ქალბატონი გვესტუმრა, რომელსაც თავისი სატკივრის გაზიარება სურდა, თუმცა, არა იმიტომ, რომ ჩვენგან შველას ითხოვდა, არამედ იმის გამო, რომ სათქმელი მოსვენებას არ აძლევდა.

18 წლისას უკვე ქალიშვილი მყავდა. უხასიათო ქმარი შემხვდა, მუდამ შუბლშეკრული დადიოდა. მასთან  ურთიერთობა მძიმე იყო, მაგრამ ოჯახის დანგრევა არ მინდოდა და ამიტომ ყველაფერზე დუმილს ვამჯობინებდი.

ჩემს გოგონას  მამამისი იმდენ რამეს უშლიდა, ბავშვს ნერვები გაუფუჭა. ფეხს არსად ადგმევინებდა. იამ სკოლა ისე დაამთავრა, ბანკეტზე არ ყოფილა... როგორც ჩანს, ასეთ “პატიმრობას” თავისი შედეგები მოჰყვება ხოლმე.  უმაღლესში ჩაბარების ნაცვლად იამ ერთ ღამეს ჩუმად შეკრა ბარგი და დილით მის ოთახში შესულს საწოლი ხელუხლებელი დამხვდა, მამამისს კი - ცარიელი საფულე. ქვეყანა შევძარით, უფრო სწორად, მე შევძარი, რადგან ჩემს ქმარს, შვილის სახელის გაგონებაც არ სურდა. იას კვალს მაინც ვერსად მივაგენი.

შვიდი წლის შემდეგ ქალიშვილმა დამირეკა. ია ვარო, რომ მითხრა, მწარედ ავტირდი. მოსკოვში ვცხოვრობ და ჩამოდი, მოუთმენლად გელოდებიო. ძალიან მინდოდა წასვლა, მაგრამ მეშინოდა, რომ ემზარი არ გამიშვებდა, მე კი სამგზავრო ფულიც არ მქონდა. დარდი მის დას, ელენეს გავუზიარე, რომელმაც, ჩემდა გასაკვირად, შემაგულიანა, ფულითაც დამეხმარა და  ქალიშვილთან გავფრინდი.

ია აეროპორტში დამხვდა. კიდევ უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე  მაშინ, როცა დაგვტოვა. მისი არაფერი ვიცოდი და,  ერთი სული მქონდა, გამეგო, რომ  კარგი ოჯახი ჰქონდა და თავსაც ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ რაღაცნაირად უცხო ადამიანს ჰგავდა, მე კი დუმილს შეჩვეული ვიყავი.

- ქმარი მუშაობს? როგორც იქნა, გავბედე.

- რომელი ქმარი, დედა?

- ქმარი არა გყავს?

- შვილი მყავს.

- ქმარს გაშორდი, - ელდა მეცა.

- არც მყოლია, - იამ ფანჯრის მინა ჩამოსწია, - მამაჩემის წყალობით, არც არასდროს მეყოლება.

- მამაშენი შენზე ზრუნავდა, - შევეცადე,  ხმაში საყვედური არ შეემჩნია.

- მამაჩემი თავის სიმშვიდეზე ზრუნავდა,  მთელი ცხოვრება მიკვირდა, მასთან როგორ ან რისთვის ცხოვრობდი.

შვილის სიტყვებმა ჩამაფიქრა, ეს შეკითხვა თავად არასოდეს გამჩენია, ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა ქმარმა ვიქორწინეთ.

- სად წავიდე? უნებურად– წამომცდა.

- ჩემთან დარჩი, - იამ დიდი და ლამაზი სახლის წინ გააჩერა მანქანა, - არაფერი მოგაკლდება. ჩემს შვილს გაუხარდება, უცხო ქალის ნაცვლად ბებია თუ მოუვლის!

პარმაღზე წინსაფრიანი ასაკოვანი ქალი შეგვეგება, ბარგი ჩამომართვა, უხერხულობისგან ჩანთას ხელი უფრო მოვუჭირე.

- მიეცი, არსად დაგეკარგება შენი მურაბები და კომპოტები. მოსამსახურეა და ხელფასს  მომსახურებაში ვუხდი,= - ჩაიცინა იამ.

ია დილაუთენია გადიოდა სახლიდან და გვიან ღამით ბრუნდებოდა, ჩემი შვილიშვილი, 4 წლის თამუნა, დედას ხეირიანად ვერც ხედავდა. ერთ საღამოს დრო ვიხელთე და იას ბავშვზე ჩამოვუგდე სიტყვა. ვუთხარი, რომ დედას ვერავინ შეუცვლიდა, მით უმეტეს, მოსამსახურე.

- ამიტომაც გთხოვე ჩამოსვლა, - არ დამიმალა ქალიშვილმა, - ბებია ხარ, შენთან უკეთესად იგრძნობს თავს, მე კი რომ არ ვიმუშაო,  ადამიანურად ცხოვრება ხომ გვინდა? დარჩი-მეთქი, გეუბნები.

- მამაშენი ცოდოა.

- მე არ ვიყავი ცოდო? - – გაწიწმატდა ჩემი ქალიშვილი, - მაგრამ შენ მხოლოდ მამაჩემს შესციცინებდი.

მოკლედ, დავრჩი იასთან. ნელ-ნელა ცხოვრების წესიც შევიცვალე, ტანსაცმელიც გამოვიცვალე და აზრებიც. ამასობაში შობის დღესასწაული მოახლოვდა. იამ სტუმრები დაპატიჟა, მათ შორის უცხოელებიც, რომლებთანაც საერთო ბიზნესი ჰქონდა. მაშინ გავიცანი მარკი, საოცრად  კეთილი კაცი, რომელიც მშვენივრად ლაპარაკობდა რუსულად და რომელმაც ისე სწრაფად მოიგო ჩემი გული, თითქოს 42 კი არა, 22 წლის გოგო ვიყავი. ერთი თვის თავზე კი  ხელი შემომთავაზა. გაგიკვირდებათ და დავთანხმდი. იას ძალიან მორიდებით მოვუყევი ეს ამბავი. მშვიდად მომისმინა და გამომიცხადა:

- ძალიან კარგი, მაგრამ მამაჩემს ხომ უნდა გაეყარო? მარკი იქით კვირაში კანადაში ბრუნდება.

სანამ მოსკოვში მარკს ველოდებოდი, საქართველოდან მულმა,  დამირეკა, ემზარს ინსულტი აქვს და არ ვიცი, ჩამოუსწრებ თუ არაო.

ჩავუსწარი. მაგრამ ლოგინად იყო ჩავარდნილი.  მარკთან ოჯახის შექმნაზე აღარც მიფიქრია. ის კი არა, დანაშაულის გრძნობა არ მტოვებდა და ძალ-ღონე არ დავიშურე ქმრის მოსავლელად. ბოლო ხანს ხშირად ვფიქრობ,  ცხოვრება ხომ თავად "მოვიწყვე" ასე და სჯობს არასოდეს დავიჩივლო, რომ ბედნიერებას თავად მივუხურე კარი.