"თუ არ ეტყვი შენს ცოლს, რომ მისგან წამოსვლა გინდა, მოვალ და ყველაფერს მე ვეტყვიო" - კვირის პალიტრა

"თუ არ ეტყვი შენს ცოლს, რომ მისგან წამოსვლა გინდა, მოვალ და ყველაფერს მე ვეტყვიო"

ლიკა მასზე სამი წლით უფროსი იყო. 14 წლის ბიჭი დღე და ღამე მასზე ფიქრობდა, მერე ფიქრი ოცნებად გადაექცა... ხვდებოდა, ის თავს არ გაუყადრებდა, მისი არასოდეს გახდებოდა... აბა, სად მეშვიდეკლასელი ღლაპი და სად - მეათეკლასელი ულამაზესი  გოგონა.

ლიკამ მუსიკალურ სასწავლებელში განაგრძო სწავლა, ოცნებობდა მომღერლობაზე, მაგრამ მალე გათხოვდა. არც იცოდა, რომ მის თაყვანისმცემლებს შორის იყო ერთი პატარა“ბიჭიც... რომც სცოდნოდა, მერე რა - ლიკას და გაგას დიდი ხანია უყვარდათ ერთმანეთი. გაგა კალათბურთელი იყო.

ერთი წლის შემდეგ ლიკა და მისი ქმარი ავარიაში მოყვნენ. ლიკა სასწაულად გადარჩა, გაგა დაიღუპა. ლევანმა გაიგო ეს ამბავი, მაგრამ მისვლა ვერ გაბედა.

გავიდა ხუთი წელი. ლიკა ყოველ შაბათს ქმრის საფლავზე დადიოდა. ერთხელ ლევანმა დაასწრო მისვლა, იქვე ჩამოჯდა და დაელოდა. ლიკა უცნობ მამაკაცს მიესალმა, მერე აღარც შეუხედავს, ალბათ ეგონა, ახლობლის საფლავზე მოვიდაო...

მოგვიანებით, ლევანმა თაიგულთან ერთად წერილი გაუგზავნა ლიკას. წერდა, თუ დაგაინტერესებს, ვინ არის შენი მარადიული თაყვანისმცემელი, ამ ნომერზე შემეხმიანეო. მესამე დღესღა გაისმა ტელეფონზე ზარი. სასიამოვნო ხმამ ლევანი იკითხა.

- ლევანი ვარ, თუ ნებას მომცემ, შენთან მოვალ.

- რუსთაველის მეტროსთან გელოდები 6 საათზე, - უთხრა ქალმა და ყურმილი დადო.

შეხვედრამდე დარჩენილი ოთხი საათი უსაშველოდ გაგრძელდა. როგორც იქნა, გამოჩნდა საოცნებო ქალი. ლევანი მის წინ გაჩნდა და გაუღიმა. ლიკამ დაკვირვებით შეათვალიერა:

- შენ რომელ წელს დაამთავრე ჩვენი სკოლა? ვერ გიხსენებ!

- მაშინ პატარებს ყურადღებას არ აქცევდი, თანატოლებში უამრავი თაყვანისმცემელი გყავდა, - მიუგო ლევანმა და გაღიმება სცადა, მაგრამ ლიკას სიტყვებმა ღიმილი სახეზე შეაყინა:

- და ახლა გგონია, რომ პატარა აღარ ხარ?

ლიკა მალევე დაემშვიდობა.

რახან ერთი გაბედა, მერე აღარ გაჩერებულა ლევანი. ყოველდღე ურეკავდა, ყვავილებს უგზავნიდა, ქალიც მიეჩვია მის ყურადღებას. გრძნობდა, რომ გაგას სიკვდილის შემდეგ ლევანი იყო პირველი, ვინც გული გაუთბო. ლევანმა იმდენი ქნა, თავი შეაყვარა.

ჯერ მარიამი შეეძინათ, მერე ტყუპი - ლაშა და ცოტნე. ლიკა ქმარ-შვილს შეჰხაროდა. ლევანმა ბიზნესს მიჰყო ხელი. მერე მოულოდნელად მის ფირმას ფინანსურმა პოლიციამ ბევრი "უზუსტობა" აღმოუჩინა და ჯარიმად უზარმაზარი თანხა დააკისრა. ლევანს არ ეყო ფული და იძულებული გახდა, ბინა ბანკში ჩაედო. ამის შემდეგ დიდხანს აღარ უფიქრია და მოსკოვს მიაშურა. ლიკას უჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ქმარი გაამხნევა, - ხშირად ჩამოვალო. ხუთი წელი მართლაც ხშირად დადიოდა მოსკოვში, სადაც დაუმეგობრდა ქართველ ქალბატონს, მუსიკალური სასწავლებლის დირექტორს. ელენემ ლიკას თავისთან დააწყებინა მუშაობა. ამის შემდეგ ლიკა 8 თვე მოსკოვში იყო, 4 თვე - თბილისში.

თითქოს ცხოვრება კალაპოტში ჩადგა. ლევანი ფარმაცევტულ ფირმაში მენეჯერად მუშაობდა, ლიკა კი ბავშვებს ამეცადინებდა, კერძო საათებიც ჰქონდა. შემოსავალს არ უჩიოდნენ. ერთხელ, თბილისიდან მოსკოვში დაბრუნებულს ქმარი ცოტა შეცვლილი ეჩვენა. ნორმალურად არც დალაპარაკებია ცოლს, დილით ადრე მიდიოდა სამსახურში და შინ ძალიან გვიან ბრუნდებოდა. ცოლის შეკითხვებს მოკლედ პასუხობდა, დაღლილობას იმიზეზებდა. ალბათ ამასაც დაიჯერებდა ლიკა, შემთხვევით რომ არ მოესმინა ღამის სატელეფონო საუბარი - მისი ქმარი ვიღაცას რუსულად ეუბნებოდა, - ცოტაც დამაცადე და მალე ვეტყვი ყველაფერსო. ცნობისმოყვარეობამ სძლია და პარალელური ყურმილი აიღო...

- მალე ბავშვი შეგვეძინება...  თუ არ ეტყვი შენს ცოლს, რომ მისგან წამოსვლა გინდა, ხვალ მოვალ და ყველაფერს მე ვეტყვი, - ქვითინით ეუბნებოდა უცნობი ქალი.

- აუცილებლად ვეტყვი, ძვირფასო, - ჰპირდებოდა ლევანი.

ლიკას თითქოს ცა ჩამოექცა... კაცი, რომელმაც დიდ სიყვარულთან ერთად სამი შვილი აჩუქა, სხვას ჰპირდებოდა ერთგულებას. საძინებელ ოთახში შესულ ლევანს ლიკა მღვიძარე რომ დახვდა, ცოტა შეცბა. ლიკამ მშვიდად ჰკითხა:

- ვისთან აპირებ წასვლას?

ამ კითხვას არ ელოდა ლევანი, თუმცა მიხვდა, ლიკამ მათი საუბარი მოისმინა. აღარ გადადო და ყველაფერი უთხრა... როგორ გაიცნო სამსახურში 23 წლის იანა. ჯერ ფლირტით დაიწყო მასთან ურთიერთობა, მერე მიხვდა, რომ შეჰყვარებოდა. ლიკასთან დაშორება ვერ წარმოედგინა, მაგრამ როცა იანამ უთხრა, ორსულად ვარო, რაღა ექნა...

- ბავშვებს არაფერს მოვაკლებ, შენც დაგეხმარები... არ შემიძლია ორმაგი ცხოვრება, - ლამის ეხვეწებოდა ლევანი ოდესღაც საოცნებო და უძვირფასეს ქალს...

- დახმარებას არასოდეს გთხოვ! მხოლოდ ეს უთხრა ლიკამ და მეორე დღესვე გამოემგზავრა თბილისში, სადაც შვილები, მშობლები და მეგობრები ელოდებოდნენ...