"შვილის დაბადება არ უნდოდა ჩემს ქმარს, აიჩემა, ნუ ვიჩქარებთო..." - კვირის პალიტრა

"შვილის დაბადება არ უნდოდა ჩემს ქმარს, აიჩემა, ნუ ვიჩქარებთო..."

"ორი წელია, საქართველოში დავბრუნდი. მანამდე უკრაინაში ჩემს 2 წლის შვილთან ერთად წავედი საცხოვრებლად. ლუკას დაბადება არ

უნდოდა მამამისს. თემო მაშინ ცოლს იყო გაშორებული (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეუბნებოდა), გადაწყვეტილი გვქონდა დაქორწინება, მაგრამ როცა გაიგო, ბავშვს ველოდი, აიჩემა, - ნუ ვიჩქარებთო. უსიტყვოდ წამოვედი მისგან...

გავაჩინე ბიჭი და ჩემს გვარზე დავწერე. ორი წლის მერე ჩემმა მეგობარმა და მისმა ქმარმა კიევში წაგვიყვანეს მე და ლუკა. მათ იქ თავის რესტორანში დამაწყებინეს მუშაობა. ლუკა ბაღში მივიყვანე. ასე გავიდა 5 წელი. ლუკა ერთი წელი იქაურ სკოლაში დამყავდა. მერე ჩემმა მეგობრებმა თბილისშიც წამოიწყეს ბიზნესი და მეც სიხარულით დავბრუნდი უკან. კიევში ცუდად არ ვიყავით, მაგრამ აქ უკეთესად ვგრძნობ თავს... ლუკას მამას გაუგია ჩვენი დაბრუნება. თურმე ისევ დაშორებია ცოლს და ჩემთან შერიგება მოინდომა. მე კი მისი დანახვაც არ მინდა. თემომ კატეგორიულად მომთხოვა, ბავშვთან ურთიერთობას ნუ მიკრძალავ, თორემ გიჩივლებო. მისმა უტიფრობამ მოთმინებიდან გამომიყვანა და დიდი შეხლა-შემოხლა მოგვივიდა. ისე გავაჩინე შვილი და ისე გავზარდე, არც გახსენებია. რომ მოენდომებინა, კიევში ჩემი ტელეფონის ნომრის გაგებაც არ გაუჭირდებოდა, მაგრამ სანამ თბილად და კარგად გრძნობდა თავს პირველ ოჯახში, აინუნში არ ჩავუგდივართ, ხელმეორედ აეწეწა ურთიერთობა და მოვაგონდით... თან ისიც იცის, რომ ახლა მე ეკონომიკურად აღარ მიჭირს და უფრო ამიტომ ცდილობს ძველი "სიყვარულის" დაბრუნებას...

ზოგიერთმა მირჩია, აჩვენე ბავშვი, ნუ დაუშლი მასთან ურთიერთობას, ბიჭი გეზრდება და მამა სჭირდებაო. მაგრამ რა ვქნა, ვერ ვივიწყებ იმ წლებს, როცა ძალიან მიჭირდა და მისთვის არც ვარსებობდით...

ქეთევან მუხაძე, თბილისი".