ვეძებ მარიამს! - კვირის პალიტრა

ვეძებ მარიამს!

"ერთხანს ძალიან აწყვეტილ ცხოვრებას ვეწეოდი. ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა. მხოლოდ მუსიკა, ბილიარდი და ლამაზი გოგონები მაინტერესებდა. მაგრამ ერთმა საღამომ ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში".

- მე და ჩემს მეგობრებს ერთი საბილიარდო გვქონდა ამოჩემებული. იქ ყველა ერთმანეთს ვიცნობდით. ერთხელაც საბილიარდოში შესვლისთანავე თვალი უცნობმა ოქროსფერთმიანმა გოგონამ მომტაცა. მთელი თამაშის განმავლობაში მას მივჩერებოდი, მერე თამაში შევწყვიტე - ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე და ბართან გადავინაცვლე, სადაც ის იჯდა. ისეთი მშვენიერი იყო, რომ ხმას ვერ ვიღებდი. ხანდახან გამომხედავდა და ეღიმებოდა. მერე ვეღარ მოვითმინე, ბარმენს გამოველაპარაკე და ვკითხე, ვინ არის-მეთქი. მან მხოლოდ მისი სახელი იცოდა - მარიამი.

იმ საღამოს ერთად ბოლიარდი ვითამაშეთ და ბევრი ვისაუბრეთ. მერე მარიამი ტაქსით გავაცილე და მეორე დღისთვის შეხვედრა დავუნიშნე. დამპირდა, მოვალო. სიხარულით ბავშვივით ვხტოდი. ძმაკაცები დამცინოდნენ, - მგონი, სიყვარულის ზღვაში იძირებიო. მთელი ღამე მარიამზე ფიქრით გავათენე. დილით ისეთი პრობლემა შემექმნა, ბევრი ვეცადე, მაგრამ საღამოს ვერანაირად ვერ მოვახერხე საბილიარდოში მისვლა. გაღიზიანებული და განერვიულებული ვიყავი მთელი საღამო, ნერვები მეშლებოდა ჩემს თავზე.

გავიგე, რომ დათქმულ დროს ისიც არ მისულა. თან გამიხარდა, თან გული დამწყდა. გამიხარდა, რომ ტყუილად არ მივიდა ბარში; გული იმიტომ დამწყდა, რომ შემპირდა და სიტყვა გატეხა. იმ საღამოს მერე, ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში ბარში ფეხმოუცვლელად ვიჯექი და ველოდებოდი, თან გონების დაკარგვამდე ვსვამდი. მეგობრები მიხვდნენ, რაღაც მჭირდა, ამიტომ ძალით წამათრიეს შინ. ორი დღე და ღამე გადაბმულად მეძინა და სიზმარში მარიამს ვხედავდი.

იმ საღამოს ჩვეულებისამებრ ბარში მივედი. ვიჯქი მოწყენილი, რომ ვიღაცამ თვალებზე ხელები ამაფარა. ჟრუანტელმა დამიარა. ეს მარიამი იყო!

ორი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვნახულობდი, მაგრამ ვერ ვეუბნებოდი, რასაც განვიცდიდი. მეშინოდა, ხელახლა არ დამეკარგა. თან ჩემზე პატარა იყო, სულ მთლად ბავშვი. ვაითუ, არასწორად გაიგოს ჩემი გრძნობა-მეთქი და თავს ვიკავებდი. ახლა ძალიან ვნანობ ამას.

ერთ დღეს, როგორც იქნა, გავბედე და შეხვედრა დავუნიშნე ბარში. მარიამს ნელ-ნელა ვამზადებდი ჩემი სათქმელისთვის. ის კი ბავშვურად იღიმებოდა და გაოცებული მეკითხებოდა, - რა მოგივიდაო. რამდენჯერმე თემა შევცვალე და სხვა რამეზე დავიწყე ლაპარაკი, ისევ იმას ვფიქრობდი, შეცდომას ხომ არ ვუშვებდი. ამასობაში ყოფილმა შეყვარებულმა დამირეკა - სასწრაფოდ ჩემთან მოდიო. ისეთი ხმა ჰქონდა, მეგონა, უბედურება დაატყდა თავს-მეთქი. შემეცოდა, მარიამს ბოდიში მოვუხადე, - მეგობარს რაღაც გასჭირვებია, ვნახავ და მალე მოვალ-მეთქი. დაგელოდებიო, - მითხრა. ისე გავიქეცი, არც დავმშვიდობებივარ.

რა ვიცოდი, თუ ის დღე საბოლოო იქნებოდა ჩემი და მარიამის ურთიერთობაში... ჩემს ყოფილ შეყვარებულს ისეთი არაფერი სჭირდა, უბრალოდ, ჩემი ნახვა უნდოდა და კისერზე ჩამომეკიდა... ნახევარი საათის ნაცვლად 3 საათი გავიდა. ბარმენმა ამბავი დამახვედრა, სულ რაღაც ხუთი წუთით გაგასწრო მარიამმაო. საკუთარ თავზე გავბრაზდი. მარიამს ტელეფონზე ვურეკავდი, მაგრამ გამორთული ჰქონდა. მივხვდი, ძალიან შევცდი. იმ დღეს მაგრად დავთვერი...

მერე, სასმელი რომ არ მამშვიდებდა, ნარკოტიკზე გადავდიოდი.

ჩემი აუტანელი და საშინელი ქცევით ყველას ვაწუხებდი, მერიდებოდნენ. საბოლოოდ, ისევ ჩემმა ახლობლებმა ამომათრიეს ჭაობიდან.

ამქვეყნად რომ დავბრუნდი, ყველას ეგონა,  სენისგან განვიკურნე, რომელსაც მარიამი ჰქვია. ცდებოდნენ. ვცდილობდი მარიამი მეპოვა, მაგრამ თითქოს ცამ ჩაყლაპაო... მის ოჯახს ბინა გამოუცვლია. მერე ერთი გოგო გავიცანი - ეგებ მარიამი დამავიწყოს-მეთქი. ახალგაცნობილმა ცოტა ხანში მითხრა, შენგან ბავშვს ველოდებიო. რაღა მექნა - ცოლად მოვიყვანე...

უკვე ერთი შვილი მყავს, პატარა მარიამი. ცოლთან არც ისე კარგი ურთიერთობა მაქვს. ის ხვდება, რომ ჩემი გული არ ეკუთვნის - არასოდეს ეკუთვნოდა. მხოლოდ შვილის გამო ვცხოვრობ მასთან. 3 წელი გავიდა, რაც მარიამი არ მინახავს. დღემდე სიგიჟემდე მიყვარს.

იმედი მაქვს, რომ ამ წერილს დამიბეჭდავთ. იქნებ მარიამმა წაიკითხოს და გამომეხმაუროს. სამწუხაროდ, მასთან დამაკავშირებელი ყველა გზა მოჭრილი მაქვს...

გიორგი, თბილისი"