"...მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი აღარ იარსებებდა" - კვირის პალიტრა

"...მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი აღარ იარსებებდა"

ძვირფასო რედაქციავ, ჩემნაირი ქალი ალბათ ბევრია, 30 წელს გადაცილებულებს ხშირად  გვებადება კითხვა: “აქამდე ოჯახი რატომ ვერ შევქმენი?” ამ კითხვაზე პასუხს დიდხანს ვეძებდი. ახალგაზრდობაში  რომანტიკულ ურთიერთობებზე ვოცნებობდი. მაგრამ მალე მივხვდი, რომ სადარბაზოში მოპარული კოცნა ანდა პარკში ძელსკამზე ხელგადახვეული ჯდომა სერიოზული ურთიერთობების საფუძველი ვერ იქნებოდა. სწორედ მაშინ გავიცანი სანდრო, რომელიც საიმედო მამაკაცად მომეჩვენა. ქორწინებიდან რამდენიმე თვეში კი მივხვდი, რომ შევცდი. სანდრო სულ სამსახურის ძებნაში იყო და ძირითადად, მშობლების დახმარების იმედად ცხოვრობდა. სამაგიეროდ, მე ბევრს ვმუშაობდი და არავითარი სურვილი არ მქონდა, მეზრუნა მამაკაცზე, რომელიც გამუდმებით დივანზე იწვა და ტელევიზორს უყურებდა.

მოკლედ, ორი წლის შემდეგ ქმარს გავშორდი  და მთლიანად სამსახურზე გადავერთე, ვცდილობდი, პირად ცხოვრებაზე არ მეფიქრა. მოკლე ხანში დამაწინაურეს და ფინანსურადაც უფრო დამოუკიდებელი გავხდი. ერთ დღეს კი სამსახურში მისულს ახალი თანამშრომელი დამხვდა. მე და ლექსო ძალიან დავახლოვდით. ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ერთ საღამოს კი, სახლში ლექსოს ნაცვლად ახალგაზრდა ქალი მესტუმრა, რომელიც მისი მეუღლე გამოდგა. თურმე ორი შვილიც ჰყოლიათ. მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი აღარ იარსებებდა.

ასე გავხდი 37 წლის. კარიერა კარგად ამეწყო, მაგრამ თითქოს აღარაფერი მახარებდა. ამ რამდენიმე თვის წინ კი ყოფილი თანაკურსელები შევიკრიბეთ და იმავე საღამოს ჩემმა ჯგუფელმა, რომელთანაც სტუდენტობის დროს ვმეგობრობდი, სიყვარული ამიხსნა. პატარა გოგო აღარ ვარ, მაგრამ სიყვარული ისევე მწყურია, როგორც ახალგაზრდობისას. კაკიმ  ხელი მთხოვა, მე კი ვფიქრობ: ნუთუ სიყვარული მაშინ ვიპოვე, როცა იმედი დავკარგე?

იქნებ ჯობს, კვლავ მარტო ვიყო, სამაგიეროდ, ტკივილს ვეღარავინ მომაყენებს. თქვენ რას მირჩევდით?”

თეონა კ. თბილისი